ფილტვის სარქვლის სტენოზი

დაავადების აღწერა

ფილტვის სარქვლის სტენოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფილტვის სარქვლის(ფილტვის სარქველი საშუალებას აძლევს სისხლს, რომ გულიდან ფილტვების მიმართულებით გადავიდეს) ან მის გარშემო არსებული სტრუქტურების დეფორმაცია იწვევს სისხლის დინების შენელებას. ზრდასრულებში, ზოგჯერ, მდგომარეობა განპირობებულია სხვა ავადმყოფობით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ფილტვის სარქვლის სტენოზი ყალიბდება დაბადებამდე, როგორც გულის თანდაყოლილი დეფექტი.

ფილტვის სარქვლის სტენოზი შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი და ასიმპტომატური, ასევე მძიმე. ფილტვის სარქვლის სტენოზის რბილი ფორმა, როგორც წესი, არ უარესდება დროთა განმავლობაში. თუმცა საშუალო და ძლიერი სიმძიმის შემთხვევები ხშირად საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. საბედნიეროდ, მკურნალობა უმეტესად წარმატებულია და დაავადების მქონე პაციენტები ნორმალურად ცოცხლობენ.

გამომწვევი მიზეზი

ფილტვის სარქვლის სტენოზი, როგორც წესი, ვითარდება, როდესაც ფილტვის სარქველი არ იზრდება სათანადოდ ნაყოფის განვითარების დროს. ბავშვებს, ვისაც აღენიშნებათ ეს მდგომარეობა, ძირითადად, გააჩნიათ გულის სხვა თანდაყოლილი პათოლოგიებიც. სარქვლის არანორმალური ჩამოყალიბების მიზეზები უცნობია.

ფილტვის სარქვლის ნორმალური ანატომია

ფილტვის სარქველი შედგება თხელი ქსოვილის სამი ნაწილისგან. ეს ქსოვილები წრიულად არიან მოთავსებული და მათ ფოთოლაკებს უწოდებენ. გულის თითოეული დარტყმის დროს, სარქველი იღება სისხლის დინების მიმართულებით და ატარებს მას ფილტვის არტერიის გავლით ფილტვებისაკენ. სარქველი შემდგომ იკეტება, რათა სისხლს არ მისცეს უკან, მარჯვენა პარკუჭში დაბრუნების საშუალება.

რა ხდება ფილტვის სარქვლის სტენოზის დროს

სარქვლის ერთი ან მეტი ფოთოლაკი შესაძლოა იყოს დეფექტური ან ძალიან სქელი. ასევე შესაძლებელია, რომ ნაყოფის განვითარების დროს, ფოთოლაკები ერთმანეტს სათანადოდ ვერ დაცილდნენ. ამ მდგომარეობის დროს, სარქველი სწორად არ იღება და ზღუდავს სისხლის დინებას.

სხვა გამომწვევი მდგომარეობები

ზოგიერთ შემთხვევაში, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ან ხელოვნური სარქველი იწვევს მსგავს მდგომარეობს მოხუცებში.

კარცინოიდული სინდრომი. ეს სინდრომი არის სხვადასხვა სიმპტომთა (მაგ. კანის სიწითლე და ფაღარათი) გროვა. მდგომარეობას იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემაში აღმოცენებული წანაზარდები, რომლებსაც კარცინოიდულ სიმსივნეებს უწოდებენ. სიმსივნე გამოყოფს დიდი რაოდენობით ნივთიერება სეროტონინს, რაც განაპირობებს სიმპტომების განვითარებას.

რევმატიზმი. ეს გართულება გამოწვეულია სტრეპტოკოკის ბაქტერიების მიერ ინფექციის შედეგად.

სიმპტომები

ფილტვის სარქვლის სტენოზის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ობსტრუქციის ხარისხზე. ფილტვის სარქვლის სტენოზის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს სიმპტომები, როგორც წესი, არ აღენიშნებათ. დაავადების უფრო მძიმე ფორმის მქონე პაციენტები სიმპტომებს, თავდაპირველად, ფიზიკური დატვირთვის დროს ამჩნევენ.

ფილტვის სარქვლის სტენოზის სიმპტომები:

  • გულის შუილები – არანორმალური ხმიანობა, რომელიც ისმინება სტეტოსკოპის საშუალებით. ხმიანობას იწვევს სისხლის უწესრიგო დინება
  • სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის პირობებში
  • ტკივილი მკერდის არეში
  • ცნობიერების დაკარგვა
  • დაღლილობა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ:

  • სუნთქვის უკმარისობა
  • გონების დაკარგვა
  • ტკივილი მკერდის არეში



ფილტვის სარქვლის სტენოზის ან გულის სხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დროული შეფასება და მკურნალობა ამცირებს გართულებების რისკს.