ფილტვის შეშუპება (ედემა)

დაავადების აღწერა

ფილტვის შეშუპება მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ფილტვებში ჭარბი სითხის დაგროვებით. სითხე გროვდება ფილტვის მცირე ზომის ჰაეროვან ბუშტუკებში, რაც ართულებს სუნთქვას.

უმეტეს შემთხვევებში, გულის პრობლემები ხდება ფილტვის შეშუპების მიზეზი. სითხე შესაძლოა სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს, როგორიცაა პნევმონია, ტოქსინებისა და მედიკამენტების მოხმარება, გულმკერდის ტრავმა, მაღალმთიან რეგიონებში სიარული ან ფიზიკური დატვირთვა.

ფილტვის შეშუპება, რომელიც უეცრად ვითარდება (ფილტვის მწვავე შეშუპება) გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ფილტვის შეშუპება ზოგჯერ ფატალურია, მაგრამ პროგნოზი უკეთესია, თუ მკურნალობა მყისიერია და გამომწვევი მიზეზის მკურნალობა შესაძლებელია. ფილტვის შეშუპების მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე, მაგრამ ძირითადად მოიცავს ჟანგბადის მიწოდებასა და მედიკამენტებს.

გამომწვევი მიზეზი

ფილტვები შედგება მრავალი მცირე ზომის, ჰაეროვანი, ელასტიური ბუშტუკებისაგან, რომელთაც ალვეოლები ეწოდება. ჩასუნთქვის დროს, ალვეოლა ჰაერით ივსება, იღებს ჟანგბადს და გაიცემა ნახშირორჟანგი. ნორმაში, აირების მიმოცვლა უპრობლემოდ მიმდინარეობს.

გარკვეულ სიტუაციებში, ალვეოლები ჰაერის ნაცვლად სითხით ივსება, რაც ხელს უშლის სისხლში ჟანგბადის გადასვლას. რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ფილტვებში სითხის დაგროვებას, მაგრამ უმეტესად მიზეზი გულის დაავადებაა– კარდიოგენური შეშუპება. გულისა და ფილტვის ურთიერთკავშირის უკეთ გაგება დაგვეხმარება შეშუპების მექანიზმების ახსნაში.

როგორ მუშაობს გული

გული შედგება ორი ზემო და ორი ქვემოთ მდებარე საკნებისაგან. ზემო საკნები– მარჯვენა და მარცხენა წინაგულები იღებენ შემომავალ სისხლს ვენებიდან და სისხლს აწვდიან ქვედა საკნებს. ქვედა საკნები– კუნთოვანი, მარჯვენა და მარცხენა პარკუჭები იკუმშებიან და სისხლს გულიდან გადმოისვრიან. გულის სარქველები აკონტროლებენ სისხლის დინების მიმართულებას და მდებარეობენ საკნებს შორის.

ნორმაში, ჟანგბადით ღარიბი სისხლი მთელი ორგანიზმიდან ჩადის მარჯვენა წინაგულში და შემდეგ მარკვენა პარკუჭში. მარჯვენა პარკუჭიდან სისხლი გადადის ფილტვის არტერიებში, ფილტვებამდე. ფილტვებში, სისხლი გასცემს ნახშირორჟანგს და იღებს ჟანგბადს.

ჟანგბადით მდიდარი სისხლი ბრუნდება მარცხენა წინაგულში ფილტვის ვენების საშუალებით, გაივლის მიტრალურ სარქველს და ჩაედინება მარცხენა პარკუჭში. მარცხენა პარკუჭიდან სისხლი აორტაში გადადის.

აორტის სარქველი მდებარეობს აორტასთან და უზრუნველყოფს სისხლის ერთი მიმართულებით, ორგანოებისაკენ დინებას. აორტიდან, სისხლი მთელ ორგანიზმს მიეწოდება.

გულთან დაკავშირებული– კარდიოგენური შეშუპება

კარდიოგენური შეშუპება ფილტვის შეშუპების ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია, რომელიც უკავშირდება გულში წნევების მომატებას.

ეს მდგომარეობა ვითარდება, როცა ზედმეტად დატვირთული მარცხენა პარკუჭი ვეღარ ტუმბავს საკმარის სისხლს, რომელსაც იგი ფილტვებიდან იღებს. ვითარდება გულის შეგუბებითი უკმარისობა. შედეგად, წნევა მარცხენა წინაგულსა და შემდეგ ვენებსა და ფილტვის კაპილარებში იმატებს, სითხე კაპილარებიდან ფილტვის ბუშტუკებში გადადის.

მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ მარცხენა პარკუჭის შესუსტებას და გულის შეგუბებით უკმარისობას:

  • კორონარული არტერიების დაავადება. დროთა განმავლობაში, არტერიები, რომლებიც კვებავენ გულის კუნთს, ვიწროვდებიან ცხიმოვანი ფოლაქების ჩამოყალიბების გამო. მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება, როცა ყალიბდება თრომბი ამ შევიწროვებულ არტერიებში, ფერხდება სისხლის დინება და გულის კუნთის ის ნაწილი კვდება, რომელსაც არტერია ამარაგებდა. შედეგად, ვიღებთ გულის კუნთის შესუსტებას, სისხლის გადატუმბვის ძალა იკლებს. ზოგჯერ თრომბის ნაცვლად, მიზეზი კორონარული არტერიების თანდათან შევიწროვებაა, რაც ნელნელა ასუსტებს მარცხენა პარკუჭის კუნთს.

    იმის მიუხედავად, რომ გულის დანარჩენი ნაწილი ცდილობს დანაკარგის კომპენსირებას, ეს ან არ არის ეფექტური პროცესი, ან დატვირთვის გაზრდის გამო გული მაინც სუსტდება. როცა გადატუმბვის სიძლიერე იკლებს, სისხლი უკან, ფილტვებში გროვდება, სითხე კაპილარების კედლებიდან ბუშტუკებში– ალვეოლებში გადადის. ამ მდგომარეობას გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობა ეწოდება.

  • კარდიომიოპათია. როცა გულის კუნთი დაზიანებულია სისხლის მიწოდების გარდა სხვა პრობლემების გამო, მდგომარეობას კარდიომიოპათია ეწოდება.

    რადგანაც კარდიომიოპათია ასუსტებს პარკუჭებს– გულის მთავარ ძალას, გული ვეღარ პასუხობს ორგანიზმის იმ მდგომარეობებს, რომელთა დროსაც აუცილებელია სისხლის მიწოდების და შეკუმშვის ძალის გაზრდა, მაგალითად წნევის მომატება, დატვირთვა და გულისცემის აჩქარება, სითხის შეკავება მარილის დაგროვების გამო, ინფექციები. როცა მარცხენა პარკუჭი ვერ პასუხობს ორგანიზმის მოთხოვნებს, სითხე ფილტვებში გროვდება.

  • გულის სარქველები. მიტრალური სარქვლის დაავადების ან აორტული სარქვლის დაავადების დროს, სარქველები, რომლებიც გულის მარცხენა მხარეს სისხლის დინებას არეგულირებენ, ან ბოლომდე ვერ იხსნებიან– სტენოზი ან ბოლომდე ვერ იხურებიან– უკმარისობა. სისხლი უკან, მარცხენა პარკუჭში შეიძლება დაბრუნდეს– რეგურგიტაცია.

    როცა სარქველი შევიწროვებულია, სისხლი თავისუფლად ვერ მოძრაობს გულში და იმატებს წნევა მარცხენა პარკუჭში. ამის გამო, მარცხენა პარკუჭს უხდება მაღალი წნევის წინააღმდეგ მუშაობა, მეტი ძალის განვითარება თითოეული შეკუმშვის დროს. მარცხენა პარკუჭი ფართოვდება, რათა მეტი სისხლი გადატუმბოს, მაგრამ ეს ასუსტებს შეკუმშვებს. რადგან პარკუჭი მეტი დატვირთვით მუშაობს, კუნთი ჰიპერტროფირდება– სქელდება, რაც ავითარებს ზეწოლას კორონარულ არტერიებზე. შედეგად, მარცხენა პარკუჭის კუნთი კიდევ უფრო სუსტდება.

    მომატებული წნევა ვრცელდება მარცხენა წინაგულზეც, ფილტვის ვენებსა და კაპილარებზე ფილტვში. შედეგად, სითხე ფილტვში გროვდება. სხვამხრივ, თუ მიტრალური სარქველი ბოლომდე არ იხურება, გარკვეული ოდენობის სისხლი უკან, ფილტვში გადადის თითოეული შეკუმშვის დროს. თუ ეს რეგურგიტაცია უეცრად განვითარდა, შესაძლოა მოყვეს ფილტვის მწვავე შეშუპება.

  • სისხლის მაღალი წნევა– ჰიპერტენზია. მკურნალობის გარეშე, ან ცუდად კონტროლირებული ჰიპერტენზია იწვევს გულის კუნთის დაზიანებას და კორონარული დაავადების გამწვავებას.



კარდიოგენური ფილტვის შეშუპების სხვა გამომწვევი მიზეზებიც არსებობს, როგორიცაა სისხლის წნევის მომატება თირკმლის არტერიების სტენოზის გამო, სითხის შეკავება თირკმლის დაავადების გამო ან გულის სხვა პრობლემები.

არაკარდიოგენური შეშუპება

ფილტვის შეშუპება, რომელიც არ არის გამოწვეული გულში წნევათა ცვლილებით, არაკარდიოგენური შეშუპების სახელითაა ცნობილი.

ამ მდგომარეობის დროს, სითხე კაპილარებიდან ფილტვის ალვეოლებში თავად კაპილარების გამო შეიძლება გადავიდეს, როცა კაპილარები “ჟონავს” და სუსტდება, გულის წნევის მატების გარეშე. ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც ასოცირებულია არაკარდიოგენურ შეშუპებასთან:

  • მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი. ეს მძიმე მდგომარეობა ვითარდება, როცა ფილტვები უეცრად ივსება სითხით და ანთებითი უჯრედებით. მრავალი დაავადება შეიძლება გახდეს დისტრესის სინდრომის მიზეზი, მაგალითად სისტემური ინფექციები– სეფსისი, ტრავმები, პნევმონია და ძლიერი სისხლდენა.
  • მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობა. მთამსვლელები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა არიან შეშუპების მაღალი რისკის ქვეშ.

    ეს მდგომარეობა, რომელიც ძირითადად 2,400 მეტრის და მეტის სიმაღლეზე ვითარდება, ასევე ეხება მოგზაურებს ან მოთხილამურეებს, რომლებიც ვარჯიშს ან ფიზიკურ დატვირთვას მაღალმთიან რეგიონებში იწყებენ აკლიმატიზაციის გავლამდე, რასაც რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება. ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ამ რეგიონებში იყვნენ და შეშუპება არ ჰქონიათ, არ არიან დაცულები შემდეგ ჯერზე.

    მდგომარეობის ზუსტი მიზეზი სრულად არ არის ცნობილი, მაგრამ შეშუპება სავარაუდოდ ფილტვის კაპილარების შევიწროვების შედეგად წნევის მომატების შედეგია. მკურნალობის გარეშე, შეშუპება შესაძლოა ფატალურიც კი იყოს.

  • ნერვული სისტემის დაავადებები. ნეიროგენული ფილტვის შეშუპება შესაძლოა განვითარდეს ნერვული სისტემის სხვადასხვა მდგომარეობის ან პროცედურის შემდგომ, როგორიცაა თავის ტრავმა, გულყრა, ჰემორაგია ან თავის ტვინის ქირურგია.
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. მრავალი მედიკამენტი, როგორც უკანონო– ჰეროინი, კოკაინი, ასევე კანონიერი– ასპირინი იწვევს არაკარდიოგენურ შეშუპებას.
  • ფილტვის ემბოლია. ფილტვის ემბოლია მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება სისხლის თრომბის დაცობით ფილტვის სისხლძარღვებში. თრომბი კიდურებიდან მოდის. შესაძლოა განვითარდეს შეშუპება.
  • ვირუსული ინფექციები. ფილტვის შეშუპება ზოგჯერ ვირუსებით– ჰანტავირუსი და ყვითელი ცხელების ვირუსი. არის გამოწვეული.
  • ფილტვის დაზიანება. ფილტვის შეშუპება შესაძლებელია განვითარდეს ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მაგალითად თრომბების ამოღების დროს. დაზიანება უმეტესად ფილტვის ერთ ნაწილში ვითარდება. შეშუპება ზოგჯერ კოლაბირებული ფილტვის გახსნის შემდეგ ან ფილტვიდან სითხის ამოღების შემდეგაც შეიძლება განვითარდეს.

    არაკარდიოგენური შეშუპება ზოგჯერ პირდაპირი, ბლაგვი ტრავმის შედეგია გულმკერდში, რომელიც ძირითადად ავტოავარიების დროს გვხვდება.

  • გარკვეული ტოქსინების ზემოქმედება. ეს ტოქსინები შესაძლოა ჩასუნთქვით მოქმედებდნენ, ან ცირკულირებდნენ მთელ ორგანიზმში– როცა კუჭის შემადგენლობის ასპირაცია ხდება ფილტვში. ტოქსინების ინჰალაცია, როგორიცაა ამიაკი ან ქლორინი, ზოგჯერ მატარებლების ავარიების დროს ხდება და იწვევს მცირე ზომის სასუნთქი გზების ძლიერ გაღიზიანებას, სითხის დაგროვებას და შეშუპებას.
  • კვამლის ინჰალაცია. ხანძრის შემდგომი კვამლისა და ქიმიური ნივთიერებების ინჰალაცია იწვევს ალვეოლების მემბრანების და კაპილარების დაზიანებას და შეშუპებას.
  • დახრჩობის მაგვარი მდგომარეობა. წყლის ფილტვში გადასვლა დახრჩობის დროს, იწვევს არაკარდიოგენურ შეშუპებას, რომელიც შექცევადია დაუყოვნებლივი დახმარებით.

სიმპტომები

მიზეზის მიხედვით, ფილტვის შეშუპების სიმპტომები ან უეცრად ჩნდება, ან დროთა განმავლობაში.

უეცარი–მწვავე შეშუპების სიმპტომები

  • სუნთქვის მწვავე და ძლიერი უკმარისობა– დისპნეა, რომელიც წოლით მდგომარეობაში საგრძნობლად უარესდება
  • მოხრჩობის შეგრძნება
  • სტვენითი სუნთქვა
  • შფოთვა, მოუსვენრობა
  • ხველა, ქაფიანი ნახველით, ზოგჯერ სისხლით
  • ტკივილი გულმკერდის არეში, თუ გულისმიერია
  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა
  • თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი ან სიმპტომი, დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ. ფილტვის შეშუპება მკურნალობის გარეშე ზოგჯერ ფატალურია.



ქრონიკული შეშუპების სიმპტომები

  • სუნთქვის უკმარისობა, რომელიც უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკური აქტიურობის დროს არსებული სუნთქვის გაძნელება
  • დატვირთვის დროს სუნთქვის უკმარისობა
  • წოლით მდგომარეობაში სუნთქვის გაძნელება
  • სტვენითი სუნთქვა
  • ღამით გაღვიძება, სუნთქვის გაძნელების გამო, მსუბუქდება წამოჯდომით
  • წონის სწრაფი მატება ვითარდება, როცა ფილტვის შეშუპება დაკავშირებულია გულის შეგუბებით უკმარისობასთან– მდგომარეობა, როცა გული ვერ ტუმბავს სისხლს ადეკვატური ძალითა და რაოდენობით. წონის მატება გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით, განსაკუთრებით ფეხებში.
  • შეშუპება ქვემო კიდურებში
  • დაღლილობა



მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობა

  • სუნთქვის უკმარისობა დატვირთვისას, შემდეგ კი მოსვენების დროსაც
  • ხველა
  • აღმართზე სიარულის გაძნელება, შემდეგ კი სწორ ზედაპირზეც
  • ცხელება
  • ხველა, ქაფიანი ნახველით, ზოგჯერ სისხლით
  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა
  • დისკომფორტი გულმკერდის არეში
  • თავის ტკივილი– ზოგჯერ პირველი სიმპტომია



როდის მივმართოთ ექიმს

ფილტვის მწვავე შეშუპება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი:

  • სუნთქვის უკმარისობა, უეცრად
  • მოხრჩობის შეგრძნება
  • სტვენითი სუნთქვა
  • ვარდისფერი, ქაფიანი ნახველი
  • სუნთქვის გაძნელება და ოფლიანობა
  • ლურჯი ან მონაცრისფრო კანი– ციანოზი
  • სისხლის არტერიული წნევის სწრაფი დავარდნა, რომელიც გამოიხატება თავბრუსხვევით, სისუსტითა და ოფლიანობით
  • ფილტვის ქრონიკული შეშუპების სიმპტომების უეცარი გაუარესება ან მაღალმთიან რეგიონში განვითარებული უკმარისობა



არ სცადოთ საავადმყოფომდე თავად მისვლა. დარეკეთ 112–ზე და დაელოდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლას.