ფობია

დაავადების აღწერა

ფობია ზედმეტი, გადაჭარბებული შიშია საგნის ან სიტუაციის მიმართ, რომელიც სინამდვილეში ნაკლები საფრთხის შემცველია და იწვევს მომატებულ შფოთვას. ადამიანების უმეტესობა ნერვიულობს საპასუხისმგებლო მოვლენის წინ, როგორიცაა სიტყვით გამოსვლა ან გამოცდა, მაგრამ ხანგრძლივი, ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაქციები ფობიის დროს, ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებას სამსახურში ან სოციალურ სიტუაციებში.

არსებობს ფობიების რამდენიმე ტიპი. ზოგიერთ ადამიანს ეშინია სივრცის, ღია სივრცეების. სხვებს გარკვეული სოციალური მდგომარეობის შიში აქვთ. არსებობს სპეციფიკური ფობიებიც, როგორიცაა გველის შიში, ლიფტით მგზავრობის ან ფრენის შიში.

ყველა ფობია არ საჭიროებს მკურნალობას. თუ ფობია ყოველდღიურ ცხოვრებაში გიქმნით პრობლემებს, არსებობს რამდენიმე თერაპია, რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ შიშის დაძლევაში.

გამომწვევი მიზეზი

ფობიების რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამის მიუხედავად, არსებობს კავშირი ადამიანის ფობიებსა და მისი მშობლების ფობიებს შორის. ეს შესაძლოა გენეტიკური იყოს ან უბრალოდ დასწავლული.

სიმპტომები

ფობიები იყოფა სამ მთავარ კატეგორიად:

  • სპეციფიკური ფობიები. სპეციფიკური ფობია ნიშნავს არარაციონალურ, ხანგრძლივ შიშს სპეციფიკური საგნის მიმართ, რომელიც რეალურ რისკს და საფრთხეს არ შეესაბამება. ასეთებია: სიტუაციების შიში (თვითმფრინავი, დახურული სივრცე); ბუნებრივი მოვლენების შიში (სიმაღლის შიში, ჭექა–ქუხილის შიში); ცხოველების ან მწერების შიში (ძაღლები, ობობები); სისხლის, ნემსის ან დაზიანების შიში; სხვა ფობიები (ხმაურის ან კლოუნების შიში). სპეციფიკური ფობიების მრავალი ტიპი არსებობს. არცთუ ისე იშვიათად, ადამიანს ერთდროულად ერთზე მეტი სიტუაციის ან საგნის ფობია აქვს.
  • სოციალური ფობია. სოციალური ფობია მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სიმორცხვე. ამ ფობიის დროს ადამიანს ეშინია ჩვეულებრივი სოციალური მდგომარეობების, ეშინია რომ მას დასცინებენ. ასეთ სიტუაციებში ადამიანს გარიყვის, უარყოფითი შეფასების ან სხვისი უნებლიედ შეურაცხყოფის შიში აქვს.
  • ღია სივრცეების შიში – აგორაფობია. აგორაფობია არის რეალური სიტუაციის შიში, მაგალითად ღია ან დახურულ შენობებში, ტრანსპორტში, რიგში დგომისას, ხალხმრავალ ადგილებში, სახლში ან გარეთ. შფოთვა ძირითადად გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ადამიანს ჰგონია, ხალხმრავლობის გამო მას არ შეუძლია დატოვოს ის ადგილი, ანუ შფოთვის განვითარების შემთხვევაში ის ადვილად ვერ “გაიქცევა”. აგორაფობია ხშირად პანიკური შეტევების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ, რადგან მათ შეტევის განმეორების ეშინიათ იმ ადგილებში, სადაც მანამდე ჰქონიათ შეტევები. ზოგიერთ ადამიანს აგორაფობია სახლის დატოვების სურვილს უკარგავს.



ფობიის ტიპის მიუხედავად, ვითარდება ეს რეაქციები:

  • ადამიანს მოიცავს პანიკა, რომელსაც ვერ აკონტროლებს. პანიკის და შიშის მიზეზი კონკრეტული სიტუაცია ან საგანია
  • ადამიანი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს რათა ამ საგანს ან სიტუაციას თავი აარიდოს
  • ნორმალური ფუნქციონირება შფოთვის გამო დარღვეულია
  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაქციებია: ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, პანიკა, ინტენსიური შფოთვა
  • ხშირად, ადამიანი აცნობიერებს, რომ შიში უსაფუძვლო და გადაჭარბებულია, მაგრამ მას არ აქვს უნარი, შიში აკონტროლოს
  • ზოგიერთ შემთხვევაში, შფოთვა შიშის ობიექტზე ფიქრის დროსაც კი იწყება
  • ბავშვებში, ვლინდება ხანგრძლივი ტირილი და დისტრესი



როდის მივმართოთ ექიმს

უსაფუძვლო შიში ხელს გიშლით ცხოვრებაში– უნდა გამოიყენოთ კიბე ლიფტის მაგივრად, მაგალითად. შიში არ ითვლება ფობიად, თუ ის არ უშლის ადამიანს ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში– სამსახურში, სოციალურად. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ადამიანების უმეტესობას მდგომარეობა უმსუბუქდება სწორი თერაპიით.