ფსიქიკური დაავადებები

დაავადების აღწერა

ფსიქიკური დაავადებები წარმოადგენს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრს. ასეთი ტიპის დაავადებები ზემოქმედებენ ხასიათზე, აზროვნებაზე და ქცევაზე. ფსიქიკური დაავადებების მაგალითები: დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, შიზოფრენია, კვებითი აშლილობები და სხვადასხვა სახის დამოკიდებულება.

ცხოვრების განმავლობაში, ფსიქიკური პრობლემები ბევრ ადამიანში აღინიშნება. თუმცა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ფსიქიკურ დაავადებად მაშინ გარდაიქმნება, როდესაც მუდმივი სიმპტომები იწვევენ ხშირ სტრესს და ხელს უშლიან ადამიანს ნორმალურ საქმიანობაში.

ფსიქიკური დაავადება ასუსტებს, აუბედურებს ადამიანს და იწვევს ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებს სამსახურში, ურთიერთობებში და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომების კონტროლი ხდება მედიკამენტების და კონსულტაციის ერთობლიობით.

გამომწვევი მიზეზი

ფსიქიკური დაავადებები, როგორც წესი, გამოწვეულია სხვადასხვა გენეტიკური და გარემო ფაქტორის შედეგად:

  • მემკვიდრული მდგომარეობები. ფსიქიკური ავადმყოფობები ხშირია ისეთ პაციენტებში, რომელთა სისხლით ნათესავებსაც აღენიშნებათ მსგავსი მდგომარეობა. ზოგიერთი გენი ზრდის მენტალური პრობლემების გაჩენის რისკს. ასეთი გენეტიკური მიდრეკილების გამოვლინებას ხელს უწყობს კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუიაცია ან მოვლენა.
  • გარემო ფაქტორები დაბადებამდე. ვირუსების, ტოქსინების, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედება ნაყოფზე შემდგომში იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს.
  • თავის ტვინის ქიმია. ბიოქიმიური ცვლილებები თავის ტვინში ზეგავლენას ახდენენ ხასიათზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა ასპექტებზე. მენტალური დაავადების განვითარებაში თავის ტვინში არსებული ბუნებრივი ქიმიური ნივთიერებები, ნეიროტრანსმიტერები იღებენ მონაწილეობას. ზოგიერთ შემთხვევაში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ჰორმონული ცვლილებები ზემოქმედებენ.

სიმპტომები

ფსიქიკური დაავადებების სიმპტომები განსხვავებულია კონკრეტული დაავადების, გარემოების და სხვა ფაქტორების შესაბამისად. მენტალური ავადმყოფობების გამოვლინებები ზემოქმედებენ ემოციებზე, აზროვნებასა და ქცევაზე.

სიმპტომები:

  • მოწყენილობა, უხასიათობა
  • კონცენტრაციის ნაკლებობა და დაბნეული აზროვნება
  • ზედმეტი შიშები და დარდი, ასევე დამნაშავეობის ჭარბი შეგრძნება
  • ხასიათის სწრაფი ცვლილებები
  • მეგობრებისგან და ყოველდღიური საქმიანობებისგან მოწყვეტა
  • დაქვეითებული ენერგია, დაღლილობა ან ძილის პრბლემები
  • რეალობიდან მოწყვეტა, პარანოია და ჰალუცინაციები
  • ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავების უუნარობა ან სტრესი
  • სიტუაციის აღქმისა და ხალხთან კომუნკაციის პრობლემები
  • ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება
  • კვებითი ქცევების მნიშვნელოვანი ცვლილებები
  • სექსუალური ლტოლვის ცვლილებები
  • ჭარბი აგრესია, ძალადობა ან მტრული განწყობილება
  • სუიციდური ფიქრები


ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქიკური დაავადების სიმპტომები ვლინდება ფიზიკალური პრობლემების სახით, როგორიცაა კუჭის ტკივილი, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი ან რაიმე სხვა აუხსნელი ტკივილები.

როდის მივმართოთ ექიმს

ფსიქიკური ავადმყოფობის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფსიქიატრს. მენტალური დაავადებების მდგომარეობა, ძირითადად, თავისით არ უმჯობესდება. სამედიცინო ჩარევის გარეშე ფსიქიკური ავადმყოფობა უარესდება დროთა განმავლობაში და იწვევს სერიოზულ პრობლემებს.

თუ თქვენ გაქვთ სუიციდური ფიქრები

ფსიქიკური ავადმყოფობებისათვის სუიციდური ქცევა და ფიქრები დამახასიათებელია. თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საკუთარი თავის ტკენის სურვილი ან გქონიათ თვითმკვლელობის მცდელობა, მოითხოვეთ დახმარება:

  • აკრიფეთ 112 ან სხვა ადგილობრივი საგანგებო დაწესებულების ნომერი
  • მიმართეთ ახლო მეგობარს ან საყვარელ ადამიანს
  • მიმართეთ ადამიანს, რომლისაც გჯერათ და ენდობით
  • მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ფსიქიატრს



სუიციდური ფიქრები თავისით იშვიათად ქრება, ამიტომ საჭიროა დახმარების მოთხოვნა

დახმარება საყვარელ ადამიანს

თუ თქვენთვის საყვარელ ადამიანს აღენიშნება ფსიქიკური დაავადების სიმპტომები, იყავით მასთან გახსნილები და ესაუბრეთ გულწრფელად თქვენი შეხედულების შესახებ მასთან დაკავშირებით. თქვენ შესაძლოა ვერ დაარწმუნოთ ან დააძალოთ ადამიანს, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება, თუმცა მხარდაჭერა და გამხნევება აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ მაღალი დონის სპეციალისტი და დაუნიშნოთ შეხვედრა თქვენს ახლობელ ადამიანთან. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმი ნებას დაგრთავთ, თქვენც მიიღოთ მონაწილეობა შეხვედრაში.

თუ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა რაიმე თვითსაზიანო ჩაიდინა ან სურს ეს განახორციელოს, აუციელბლად წაიყვანეთ საავადმყოფოში ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.