ფსორიაზი

დაავადების აღწერა

ფსორიაზი კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც იცვლება კანის უჯრედების სიცოცხლის ციკლი. ფსორიაზი იწვევს უჯრედების დაგროვებას კანის ზედაპირზე. ზედმეტი უჯრედებით იქმნება სქელი, მოვერცხლისფრო ქერქები და წითელი ლაქები, რომელთაც ქავილი და ზოგჯერ ტკივილი ახასიათებთ.

ფსორიაზი ქრონიკული, ხანგრძლივი დაავადებაა. ზოგჯერ, ფსორიაზის სიმპტომები მსუბუქდება, მაგრამ შემდეგ ისევ მწვავდება.

მკურნალობის მთავარი მიზანი კანის უჯრედების დაგროვების სიჩქარის შენელებაა. განკურნების მეთოდი არ არსებობს, მაგრამ ფსორიაზის მკურნალობა დიდ განსხვავებას იძლევა პაციენტის მდგომარეობაში. ცხოვრების სტილის ცვლილებები, ურეცეპტო კორტიზონის კრემის გამოყენება და კანის მზეზე მცირე ხნით მოხვედრა ზოგჯერ ამსუბუქებს სიმპტომებს.

გამომწვევი მიზეზი

ფსორიაზის გამომწვევი მიზეზი სრულად არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ არსებობს იმუნური სისტემის პრობლემა. უფრო კონკრეტულად, ჩართულია სისხლის თეთრი უჯრედის ერთ–ერთი ტიპი– T ლიმფოციტი. ნორმაში, ეს უჯრედი მთელ ორგანიზმში ებრძვის ბაქტერიებსა და სხვა უცხო მიკროორგანიზმებს. თუ გაქვთ ფსორიაზი, ლიმფოციტი “შეცდომით” ებრძვის საკუთარი ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს, როგორც ხდება ხოლმე ინფექციის შემთხვევებში.

T უჯრედების ჰიპერაქტიურობა ხდება სხვა იმუნური პროცესების მიზეზიც. შედეგად, სისხლძარღვების გაფართოების საშუალებით, დაზიანების ადგილებში, კანთან, მიდის უფრო მეტი თეთრი უჯრედი. ეს ცვლილებები გამოვლინდება კანის უჯრედების ჭარბი ზრდით და სისხლის თეთრი უჯრედების, მათ შორის ლიმფოციტების, პროლიფერაციით. ყალიბდება ხანგრძლივი ციკლი, რომელშიც კანის გარეთა შრის უჯრედები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, კვირების მაგივრად რამდენიმე დღეში. კანის მკვდარი უჯრედები ასე სწრაფად ვერ შორდებიან ზედაპირს, რის გამოც ყალიბდება სქელი, ქერქოვანი ლაქები კანის ზედაპირზე. ციკლი ძირითადად არ წყდება, თუ მკურნალობა არ დაიწყეთ.

კონკრეტულად რა იწვევს ლიმფოციტის ფუნქციის მოშლას, უცნობია. მეცნიერებმა დაადგინეს გარკვეული გენების როლი ფსორიაზის განვითარების დროს, მაგრამ სავარაუდოა გარემო ფაქტორების მონაწილეობაც.

ფსორიაზის მაპროვოცირებელი ფაქტორები

ფსორიაზი ტიპიურად უარესდება რაიმე მაპროვოცირებელი ფაქტორის გამო, ამიტომ აუცილებელია მათი ცოდნა. ესენია:

  • ინფექციები, როგორიცაა ყელის ანთება ან კანის ინფექცია
  • კანის დაზიანება, გაჭრა, გაკაწვრა, ნაკბენი, მზით დამწვრობა
  • სტრესი
  • ცივი ამინდი
  • თამბაქო
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ლითიუმი– ბიპოლარული აშლილობის დროს, მაღალი არტერიული წნევის პრეპარატები, მაგალითად ბეტა–ბლოკერები, მალარიის საწინააღმდეგო წამლები და იოდიდები.

სიმპტომები

ფსორიაზის ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში, მაგრამ ძირითადად მოიცავს შემდეგ ნიშნებს:

  • წითელი ლაქები, რომლებიც დაფარულია მოვერცხლისფრო ქერქით
  • მცირე ზომის ქერქიანი ლაქები – ბავშვებში
  • მშრალი, დახეთქილი კანი, ზოგჯერ სისხლდენით
  • ქავილი, წვა, მტკივნეულობა
  • გასქელებული ფრჩხილები
  • სახსრების შესიება და გაშეშება



ფსორიაზის ლაქები შესაძლოა რამდენიმე დაზიანებით გამოვლინდეს, ან ჰქონდეს ქერტლისმაგვარი გავრცელება.

ფსორიაზის ტიპების უმეტესობას ახასიათებს ციკლურობა. მდგომარეობა რთულია რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, შემდეგ კი დგება რემისია.

არსებობს ფსორიაზის რამდენიმე ტიპი. ესენია:

  • ფოლაქოვანი ფსორიაზი. ეს ყველაზე ხშირი ფორმაა და ვლინდება მშრალი, ამოწეული, წითელი ლაქებით– ფოლაქებით, რომლებსაც მოვერცხლისფრო ქერქი ფარავს. ლაქები იწვევს ქავილს, ზოგჯერ ტკივილს და შესაძლოა კანის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, მათ შორის გენიტალიებსა და რბილ ქსოვილებზე პირის ღრუში. შესაძლოა აღინიშნოს რამდენიმე ან ბევრი ფოლაქი.
  • ფრჩხილის ფსორიაზი. ფსორიაზი აზიანებს ხელის და ფეხის ფრჩხილებსაც, იწვევს ჩაზნექას, ფრჩხილის არასწორ ზრდასა და ფერის ცვლილებას. ფსორიაზული ფრჩხილები სუსტდება და შესაძლოა ჩამოშორდეს ფრჩხილის ფოსოს– ონიქოლიზი. მძიმე შემთხვევებში ფრჩხილები ტყდება.
  • სკალპის ფსორიაზი. ფსორიაზი სკალპზე ვლინდება წითელი ლაქებით, მოვერცხლისფრო–მოთეთრო ქერქებითა და ქავილით. ხშირად, ლაქები თმის ხაზების გარეთაც ვრცელდება. შესაძლოა შენიშნოთ კანის მკვდარი უჯრედების ქერქები მხრებზე, განსაკუთრებით მოქავების შემდეგ.
  • ლაქოვანი ფსორიაზი. ეს ტიპი ძირითადად მოზრდილებსა და ბავშვებში გვხვდება. მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირად ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად სტრეპტოკოკალური ყელის ანთებაა. მდგომარეობას ახასიათებს მცირე ზომის, წყლის წვეთის ფორმის გამონაყარი ტანზე, ხელებზე, ფეხებსა და სკალპზე. გამონაყარს თხელი ქერქი აქვს და სხვა ტიპებთან შედარებით კანი გასქელებული ძლიერად არ არის. შესაძლებელია ერთეული შემთხვევის განვითარება ან ეპიზოდების ციკლურობა.
  • ინვერსიული ფსორიაზი. ეს ტიპი დაზიანებებს ძირითადად იღლიებში, საზარდულის არეში, მკერდის ქვეშ და გენიტალიების არეში იწვევს. ინვერსიული ფსორიაზი გამოვლინდება გლუვი წითელი ლაქებით, ანთებითი რეაქციით. მდგომარეობა უარესდება ხახუნით და ოფლის გამო. სოკოვანი ინფექციები შესაძლოა იწვევდნენ ფსორიაზის გართულებას.
  • პუსტულარული ფსორიაზი. ეს იშვიათი ფორმა ვლინდება გავრცელებული ლაქებით (გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზი) ან მცირე არეებით ხელებზე, ფეხებზე ან თითებზე. პუსტულარული ფსორიაზი ძირითადად სწრაფად ვითარდება, ახასიათებს ჩირქოვანი გამონაყარი, კანის შეწითლებიდან რამდენიმე საათში. გამონაყარი შეიძლება ხშირად გაქრეს და გაჩნდეს. გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზი ზოგჯერ იწვევს ცხელებას, შეციებებს, ძლიერ ქავილსა და ფაღარათს.
  • ერითროდერმული ფსორიაზი. ეს ფსორიაზის ყველაზე იშვიათი ფორმაა და შეიძლება გამოვლინდეს მთელ სხეულზე, წითელი, აქერცლილი გამონაყრით, რომელსაც თან ახლავს წვა ან ქავილი.
  • ფსორიაზული ართრიტი. კანის ანთებითი მდგომარეობისა და ქერქოვანი ლაქების გარდა, ფსორიაზული ართრიტი იწვევს ფრჩხილების ჩაზნექასა და სახსრების შესიებას, ტკივილს. სიმპტომები მსუბუქი ან ძლიერი შეიძლება იყოს. ფსორიაზული ართრიტი ნებისმიერ სახსარს შეიძლება აზიანებდეს. დაავადება ხშირად ისეთი მძიმე არაა, როგორც ართრიტის სხვა გამომწვევი მდგომარეობები, მაგრამ შესაძლოა იწვევდეს გაშეშებას, დაზიანებას და მძიმე შემთხვევებში, მუდმივ დეფორმაციასაც კი.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ ფიქრობთ, რომ ფსორიაზი შეიძლება გქონდეთ, მიმართეთ ექიმს გამოკვლევისათვის. ასევე, მიმართეთ ექიმს, თუ უკვე დიაგნოსტირებულია ფსორიაზი და:

  • დაავადება იწვევს ძლიერ დისკომფორტსა და ტკივილს
  • ყოველდღიური აქტივობების შესრულება დაავადების გამო გიჭირთ
  • ფსორიაზის გამო კანის ვიზუალური კუთხით შეშფოთებული ხართ
  • ფსორიაზი იწვევს სახსრის პრობლემებს: ტკივილი, შესიება, მოძრაობის შეზღუდვა



მოითხოვეთ სამედიცინო რჩევა, როცა ნიშნები და სიმპტომები გაუარესდება ან არ გამოკეთდება მკურნალობით. შესაძლოა დაგჭირდეთ მედიკამენტის შეცვლა ან კომბინაციური თერაპია ფსორიაზის საკონტროლოდ.