ფუქსის დისტროფია

დაავადების აღწერა

ფუქსის დისტროფიის დროს ზიანდება რქოვანა– თვალის წინა, გამჭვირვალე ქსოვილი. ამ დაავადების დროს ვითარდება რქოვანას შესიება, რაც იწვევს დაბინდულ მხედველობასა და დისკომფორტს თვალში.

ფუქსის დისტროფია ძირითადად ორივე თვალს აზიანებს და შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება რამდენიმე წელიწადშიც კი. პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი ფორმა აქვს და ვერ ამჩნევს მხედველობის ცვლილებებს.

გარკვეული მედიკამენტები და რჩევები დაგეხმარებათ დისტროფიის ნიშნებისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად. როცა დაავადება შორსწასულია და მხედველობა იკარგება, ერთადერთი მკურნალობის მეთოდი რქოვანას გადანერგვაა.

გამომწვევი მიზეზი

ნორმაში, თვალის გარეთა ქსოვილის, რქოვანას შიდა ამომფენი უჯრედები (ენდოთელიუმი) პასუხისმგებელია რქოვანაში სითხეების ნორმალურ ბალანსზე. ჯანსაღი უჯრედები იცავენ რქოვანას შესიებისგან და უნარჩუნებენ მას გამჭვირვალობას. ფუქსის დისტროფიის დროს, ენდოთელიუმის უჯრედები კვდება, სწორად ვერ ფუნქციონირებს, რაც იწვევს რქოვანას შესიებას (ედემა), გასქელებას და მხედველობის დაზიანებას.

ფუქსის დისტროფია შესაძლოა მემკვიდრეობითიც იყოს. გენეტიკური ბაზისი საკმაოდ კომპლექსურია, ოჯახის წევრებს ზოგჯერ განსხვავებული სიმძიმის დაავადება აქვთ, ზოგჯერ კი საერთოდ არ იმემკვიდრებენ ამ დაავადებას.

სიმპტომები

დაავადების პროგრესიასთან ერთად, ფუქსის დისტროფიის სიმპტომები ძირითადად ორივე თვალზე ვლინდება. ესენია:

  • დაბალი განათების პირობებში ფოკუსირების უნარის დაკარგვა.
  • დაბინდული მხედველობა, რომელიც ხშირია დილაობით, გაღვიძების შემდეგ და გამოსწორდება დღის განმავლობაში. დაავადების განვითარებასთან ერთად, მხედველობა კიდევ უფრო დაბინდულია.
  • არასწორი აღქმა, მგრძნობელობის მომატება სინათლეზე, ღამის ხედვის დარღვევა, სინათლის წყაროების გარშემო მრგვალი ლაქების დანახვა
  • მტკივნეული, მცირე ზომის წყლულები რქოვანას ზედაპირზე
  • რქოვანა, რომელსაც მღვრიე შეხედულება აქვს



როცა ოფთალმოლოგი სინჯავს რქოვანას, იგი ეძებს:

  • უცნაური ფორმის ამობურცულობებს რქოვანას უკანა ზედაპირზე
  • რქოვანას შესიებას
  • რქოვანას სტრუქტურულ ცვლილებებს
  • რქოვანას გასქელებას–იზომება სპეციფიკური ინსტრუმენტით (ულტრაბგერა)



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი ან სიმპტომი, განსაკუთრებით თუ ნიშნები გაუარესდა, მიმართეთ თვალის ექიმს–ოფთალმოლოგს. თუ სიმპტომები უეცრად გაჩნდა, დაუკავშირდით ოფთალმოლოგს და დაგეგმეთ ვიზიტი. თვალის სხვა დაავადებები შესაძლოა იწვევდნენ ფუქსის დისტროფიის მსგავს სიმპტომებს.