ფუტკრის ნაკბენი

დაავადების აღწერა

ფუტკრის ნაკბენის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ძირითადად, ნაკბენი მხოლოდ დისკომფორტსა და მცირე გაღიზიანებას იწვევს და სახლის პირობებშიც საკმარისია მკურნალობა, ტკივილს გასაყუჩებლად. თუმცა, თუ ფუტკრის ნაკბენზე ალერგიული ხართ ან ფუტკარმა რამდენჯერმე გიკბინათ, შესაძლოა განვითარდეს უფრო ძლიერი რეაქცია, რაც სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

შესაძლოა ეცადოთ ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის თავიდან არიდებას და ისწავლოთ, რა მოიმოქმედოთ თუ ნაკბენი გაქვთ.

გამომწვევი მიზეზი

ფუტკრის შხამი შეიცავს ცილებს, რომლებიც კანის უჯრედებსა და იმუნურ უჯრედებზე ახდენენ ზეგავლენას. შხამი იწვევს ტკივილს, შესიებას ნაკბენის გარშემო. ალერგიულ ადამიანებში, შხამი იწვევს უფრო მძიმე სისტემურ რეაქციას.

სიმპტომები

ფუტკრის ნაკბენმა შესაძლოა სხვადასხვა რეაქცია გამოიწვიოს, როგორც მსუბუქი დროებითი ტკიპილი და დისკომფორტი, ასევე ძლიერი ალერგიული რეაქცია. ერთი ტიპის რეაქციის განვითარება არ ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე იმავე ტიპის რეაქცია გექნებათ.

მსუბუქი რეაქცია

ძირითად შემთხვევებში, ფუტკრის ნაკბენის სიმპტომები მსუბუქია:

  • ბასრი ტკივილი წვის შეგრძნებით ნაკბენის ადგილას
  • წითელი ამობურცვა ნაკბენის ადგილას
  • პატარა თეთრი ლაქა ნაკბენის ადგილას
  • მცირე შეშუპება ნაკბენის გარშემო
  • უმეტესად, შესიება და ტკივილი რამდენიმე საათში გაივლის.



საშუალო სიმძიმის რეაქცია
ზოგიერთ ადამიანს ფუტკრის ან სხვა მწერის ნაკბენზე შედარებით მეტად ძლიერი რეაქცია უვითარდება, რომლის სიმპტომები და ნიშნებია:

  • მწვავედ გამოხატული სიწითლე
  • შესიება ნაკბენის გარშემო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იმატებს
  • საშუალო სიმძიმის რეაქციები ძირითადად 10 დღეში გაივლის. ეს არ ნიშნავს, რომ კბენის შემდეგ ჯერზე ალერგიული რეაქცია განვითარდება. ზოგიერთ ადამიანს საშუალო სიმძიმის რეაქცია ყოველ ჯერზე აქვს. თუ თქვენ ასე გემართებათ, მიმართეთ ექიმს მკურნალობისა და პრევენციისათვის, მითუმეტეს თუ რეაქცია მძიმდება ყოველ ჯერზე.



ძლიერი ალერგიული რეაქცია
ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ფუტკრის ნაკბენის გამო პოტენციური სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ადამიანების მცირე ნაწილი ნაკბენის გამო ანაფილაქსიურ რეაქციას სწრაფად გამოხატავს. ანაფილაქსიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გამოვლინებები კანზე, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, შეწითლებული ან ფერმკრთალი კანი
  • სუნთქვის გაძნელება
  • ხახის შესიება და ენის შესიება
  • სუსტი, სწრაფი პულსი
  • გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლა
  • გონების დაკარგვა
  • ადამიანებს, რომელთაც აქვთ ძლიერი ალერგიული რეაქცია ფუტკრის ნაკბენზე, აღენიშნებათ 30–60% ალბათობა იმისა, რომ შემდეგ ნაკბენზე ანაფილაქსია განვითარდება. მიმართეთ ექიმს ან ალერგოლოგს პრევენციულ მექანიზმებზე, როგორიცაა იმუნოთერაპია, რათა თავიდან აირიდოთ შემდეგ ჯერზე ანაფილაქსიის განვითარება.

მრავლობითი ნაკბენი
ზოგადად, მწერები, მათ შორის ფუტკრები და კრაზანები, არ არიან აგრესიული და მხოლოდ თავდაცვის მიზნით იკბინებიან. ძირითად შემთხვევებში, მხოლოდ რამდენიმე ნაკბენია ადამიანის სხეულზე. ზოგჯერ კი, ადამიანი შესაძლოა ფუტკრის ჯგუფმა დაკბინოს, რაც მრავლობითი ნაკბენების წარმოშობას იწვევს. ზოგიერთი ტიპის ფუტკარი მეტად მიდრეკილია ჯგუფური ცხოვრებისაკენ.
თუ ფუტკრებმა 12ზე მეტჯერ გიკბინეს, შხამის დაგროვების გამო შესაძლოა განვითარდეს ტოქსიური რეაქცია და დამძიმდეს მდგომარეობა. ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი
  • თავის ტკივილი
  • ვერტიგო
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლა
  • გულყრები
  • სიცხე
  • მრავლობითი დაკბენა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს ბავშვებში, მოხუცებში ან გულის და ფილტვის დაავადებების მატარებლებში.



როდის მივმართოთ ექიმს
უმეტესად, ფუტკრის ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. უფრო მძიმე შემთხვევებში, დაგჭირდებათ გადაუდებელი დახმარება.

დარეკეთ 112–ზე, თუ:

  • გაქვთ მძიმე რეაქცია ნაკბენზე, რომელიც გავს ანაფილაქსიას, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი გქონდეთ
  • თუ გამოწერილი გაქვთ ეპინეფრინის აუტოინექცია, გამოიყენეთ იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით დაუყოვნებლივ.



მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ, თუ:

  • გაქვთ მრავლობითი ნაკბენები ფუტკრის ჯგუფთან შეხების გამო



დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ:

  • ნაკბენთან დაკავშირებული სიმპტომები არ გაივლის რამდენიმე დღეში
  • გქონიათ ალერგიული პრობლემები, რომლებიც ფუტკრის ნაკბენს უკავშირდება