გაციება ბავშვებში

დაავადების აღწერა

გაციება ვირუსული ინფექციაა, რომელიც ბავშვის ცხვირსა და ხახაში ანთებას იწვევს. ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი ცხვირიდან ხშირად პირველი ნიშანია.

ბავშვები განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან გაციების ვირუსით, გარკვეულწილად იმიტომ, რომ ისინი სხვა ბავშვებთან კონტაქტში შედიან და ხელებს ხშირად არ იბანენ. ასევე, ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ ვერ ებრძვის სხვადასხვა ინფექციებს. სიცოცხლის პირველ წელიწადში, ბავშვს დაახლოებით შვიდჯერ აქვს გაციება.

გაციების მკურნალობა ბავშვებში სიმპტომების შემსუბუქებას, სითხეების მიღებასა და ჰაერის დატენიანებას გულისხმობს. ახალშობილის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაციაც, რადგან გაციება შეიძლება კრუპის ან პნევმონიის მიზეზიც გახდეს.

გამომწვევი მიზეზი

გაციება ცხვირ–ხახის ვირუსული ინფექციაა, რომელსაც 100ზე მეტი ტიპის ვირუსი იწვევს. რინოვირუსი და კორონავირუსი ყველაზე ხშირი გამომწვევი ვირუსებია და საკმაოდ მარტივად ვრცელდება ადამიანებში.

როცა ბავშვი ინფიცირდება გარკვეული ტიპის ვირუსით, იგი ხდება იმუნური ამ ვირუსის წინააღმდეგ, მაგრამ რადგან არსებობს დიდი რაოდენობით ვირუსები, ბავშვს შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე დაემართოს გაციება (სხვადასხვა ვირუსით). ასევე, არსებობენ ვირუსები, რომელთა მიმართაც იმუნიტეტი არ ყალიბდება.

გაციების გამომწვევი ვირუსი ბავშვს გადაეცემა პირის ღრუს ან ცხვირის ღრუს მეშვეობით. ვირუსი გადადის:

  • ჰაერწვეთოვანი გზით. როცა ვინმე ახველებს, აცემინებს ან საუბრობს, იგი ავრცელებს ვირუსს გარშემო.
  • პირდაპირი კონტაქტი. თუ დაინფიცირებული ადამიანი შეეხება საკუთარ პირის ან ცხვირის ღრუს და შემდეგ თქვენს ბავშვს, შესაძლოა ბავშვი დაინფიცირდეს.
  • ვირუსით დაბინძურებული ზედაპირები. ზოგიერთი ვირუსი ძლებს ზედაპირებზე რამდენიმე საათს ან მეტს. ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს ასეთ ზედაპირთან შეხებით, მაგ. სათამაშოებით.

სიმპტომები

ბავშვის გაციების პირველი სიმპტომებია:

  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი
  • გამონადენი ცხვირიდან შესაძლოა თავიდან გამჭვირვალე იყოს, მაგრამ შემდეგ გახდეს სქელი და იცვალოს ფერი– იყოს მოყვითალო ან მომწვანო



გაციების სხვა ნიშნებია:

  • დაბალი სიცხე, დაახლ. 38 გრადუსი ცელსიუსით
  • ცემინება
  • ხველა
  • უმადობა
  • გაღიზიანებადობა
  • უძილობა
  • ძუძუს წოვის შეფერხება ცხვირის ღრუს დაცობის გამო



როდის მივმართოთ ექიმს
ბავშვის იმუნური სისტემა უმწიფარია. თუ ბავშვს აქვს გაციება, სხვა გართულებების გარეშე, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს 10–14 დღის შემდეგ.

თუ ბავშვი 2–3 თვეზე ნაკლები ასაკისაა, ესაუბრეთ ექიმს გაციების დაწყებისთანავე. ახალშობილებში, გაციება ხშირად გადადის კრუპში ან პნევმონიაში. გართულების გარეშეც კი, ახალშობილში ცხვირის ღრუს დაცობა იწვევს კვების პრობლემებს, რამაც შესაძლოა სითხის მიღების შეზღუდვა და გაუწყლოება გამოიწვიოს. როცა ბავშვი იზრდება, ექიმი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ გაციების შემთხვევაში და რა უნდა გააკეთოთ სახლის პირობებში.

უმეტესად, გაციება უვნებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ ბავშვის ნიშნებსა და სიმპტომებს.

თუ თქვენი ბავშვი 3 თვის ან მეტი ასაკისაა, მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ბავშვი გამყოფს ნაკლებ შარდს პამპერსში
  • ბავშვს აქვს სიცხე 38 გრადუსზე მეტი
  • ბავშვს აღენიშნება ყურის ტკივილი ან გაღიზიანებადობა
  • ბავშვს აქვს თვალების შეწითლება ან მოყვითალო–მომწვანო გამონადენი თვალებიდან
  • ბავშვს უჭირს სუნთქვა
  • ბავშვს აქვს ხანგრძლივი ხველა
  • ბავშვს აქვს სქელი, მწვანე გამონადენი ცხვირიდან რამდენიმე დღეა
  • ბავშვს აქვს სხვა შემაშფოთებელი სიმპტომები



მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • ბავშვი ვერ იკვებება და არ იღებს სითხეებს
  • ბავშვი იმდენად ძლიერად ახველებს, რომ თან ერთვის ღებინება ან კანის ფერის ცვლილება
  • ბავშვს აღენიშნება სისხლიანი ნახველი
  • ბავშვს უჭირს სუნთქვა ან ულურჯდება ტუჩების და პირის გარშემო კანი