გაფანტული სკლეროზი

დაავადების აღწერა

გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის ნერვების დამცავ გარსს(მიელინი). მიელინის დაზიანება იწვევს კომუნიკაციის დარღვევას თავის ტვინსა და ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებს შორის. შესაძლოა დაქვეითდეს თვითონ ნერვების ფუნქცია და ამ შემთხვევაში მდგომარეობა გამოუსწორებელია.

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიძლიერისაა ჩართული ნერვების დაზიანება. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები კარგავენ დამოუკიდებლად სიარულის უნარს თუმცა სხვა შემთხვევებში არსებობს რემისიის ხანგრძლივი პერიოდები, რომლის დროსაც პაციენტებს ასერთოდ არ აღენიშნებათ სიმპტომები.

გაფანტული სკლეროზი უკურნებელი დაავადებაა. თუმცა, სამკურნალო საშუალებები ხელს უწყობენ დაავადების შეტევებით მიყენებული ზიანისგან აღდგენის პროცესს, სახეს უცვლიან დაავადების მიმდინარეობას და აკონტროლებენ სიმპტომებს.

გამომწვევი მიზეზი

გაფანტული სკლეროზის მიზეზი უცნობია. მიჩნეულია, რომ ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს ებრძვის. გაფანტული სკლეროზის დროს ასეთი ქსოვილია მიელინი – ცხიმოვანი ნივთიერება , რომელიც გარს აკრავს და იცავს ნერვულ ბოჭკოებს თავის ტვინსა და ზურგის ტვინში.

მიელინი შეიძლება შევადაროთ სადენის საიზოლაციო მასალას. მიელინის დაზიანების დროს, ნერვში მიმავალი სიგნალები და ინფორმაცია ფერხდება და ნელდება.

რთულია იმის თქმა, თუ რატომ ემართება დაავადება ზოგიერთ ადამიანს და სხვებს არა. სხვადასხვა ფაქტორი:გენეტიკური მიდრეკილებები, ბავშვობის ინფექციები და ა.შ. იღებენ დაავადების განვითარებაში მონაწილეობას.

სიმპტომები

გაფანტული სკლეროზის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია დაზიანებული ნერვული ბოჭკოების ადგილმდებარეობაზე, ისევე როგორც ზიანის სიმძლავრეზე. სიმპტომები:

  • მგრძნობელობის დაქვეითება ან სისუსტე ერთი ან მეტი კიდურის არეში, რომელიც დროის მოცემულ მომენტში, ძირითადად, სხეულის ცალ მხარეს გვხვდება. სისუსტე და მგრძნობელბოსი დაქვეითება შესაძლოა ზედა ტანისა და ქვედა კიდურების არეშიც აღინიშნებოდეს.
  • მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, როგორც წესი ერთ თვალში, რომელსაც თან ახლავს ტკივილი თვალის მოძრაობისას
  • მხედველობის ველის გაორება ან გაბუნდოვანებული მხედველობის არე
  • ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში
  • ელექტროშოკით გამოწვეული შეგრძნებებისმაგვარი განცდები კისრის ზოგიერთ მოძრაობასთან ერთად, განსაკუთრებით კისრის წინ გადახრის დროს
  • კანკალი, კოორდინაციის ნაკლებობა და არამყარი სიარული
  • ბუნდოვანი მეტყველება
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • შარდვისა და დეფეკაციის პრობლემები


დაავადების კურსი

გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების უმრავლესობას აღენიშნება გამწვავებისა და რემისიის ტიპის მიმდინარეობა. დაავადებას ახასიათებს ახალი სიმპტომების განვითარება რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, რომლებიც, როგორც წესი უმჯობესდება ნაწილობრივ ან სრულად. სიმპტომებს შემდეგ მოჰყვება სიმშვიდის პერიოდი(რემისია), რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში. სხეულის ტემპერატურის ოდნავმა მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომების დროებით იგაუარესება.

გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების 60-70%-ში აღინიშნება სიმპტომების თანდათანობითი გაუარესება რემისიის პერიოდებთან ერთად ან მის გარეშე(მეორადი პროგრესიული გაფანტული სკლეროზი). გაუარესებული სიმპტომები ასევე მოიცავენ სიარულის პრობლემებს. მეორადი პროგრესიული გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესების სისწრაფე განსხვავებულია.

გაფანტული სკლეროზის მქონე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სიმპტომების თანდათანობითი დაწყება და სტაბილური პროგრესირება შეტევების გარეშე(პირველადი პროგრესიული გ აფანტული სკლეროზი).