გალაქტორეა

დაავადების აღწერა

გალაქტორეა არის დვრილებიდან რძიანი გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული ძუძუთი კვების დროს წარმოქნილ რძესთან. გალაქტორეა თვითონ არ არის დაავადება, თუმცა იგი შეიძლება სხვა პათოლოგიაზე მიუთითებდეს. იგი ძირითადად ვითარდება ქალებში, მათშიც კი, ვისაც არასდროს ჰყოლია შვილი და მენოპაუზის შემდეგ პერიოდში არიან, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ჩვილებში.

გალაქტორეის გამოწვევა შეუძლია მკერდის ჭარბ სტიმულაციას, წამლების გვერდით ეფექტებს და ჰიპოფიზის პათოლოგიებს. ხშირად გალაქტორეა ვითარდება ორგანიზმში პროლაქტინის ჭარბი რაოდენობის დროს. პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს რძის წარმოქმნას.

ხანდახან შეიძლება გალაქტორეის გამომწვევი მიზეზი ვერ დადგინდეს. პრობლემა შეიძლება თავისით მოგვარდეს.

გამომწვევი მიზეზი

გალაქტორეა ხშირად ვითარდება პროლაქტინის სიჭარბის შედეგად. პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობის რძის წარმოქმნაში ბავშვის გაჩენის შემდეგ. პროლაქტინს წარმოქმნის ჰიპოფიზი, თავის ტვინის ფუძეში არსებული მუხუდოს ზომის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს და აკონტროლებს მრავალ ჰორმონს.

გალაქტორეის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მედიკამენტები, როგორებიცაა ზოგიერთი დამამშვიდებელი, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტურები და მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამლები
  • კოკაინის ან ოპოიდების გამოყენება
  • ბალახოვანი დანამატები, როგორებიცაა კამა, ანისული და ულუმბოს მარცვალი
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
  • ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე (პროლაქტინომა) ან ჰიპოფიზის სხვა პათოლოგია
  • ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთიროიდიზმი)
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • მკერდის ჭარბი სტიმულაცია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სქესობრივ აქტივობასთან, მკერდის ხშირი თვითშემოწმების დროს დვრილების გაღიზიანებასთან, გულმკერდზე კანის გამონაყართან და ტანსაცმელთან ხანგრძლივ ხახუნთან
  • გულმკერდის ოპერაციის, დამწვრობის ან სხვა გულმკერდის ტრავმის შედეგად გულმკერდის კედლის ნერვის დაზიანება
  • ხერხემლის ოპერაცია, ტრავმა ან სიმსივნე



იდიოპათიური გალაქტორეა

ხანდახან ექიმები ვერ პოულობენ გალაქტორეის მიზეზს. ამას ეწოდება იდიოპათიური გალაქტორეა და იგი შეიძლება უბრალოდ იმას ნიშნავდეს, რომ თქვენი მკერდის ქსოვილები ზედმეტად მგრძნობიარენი არიან სისხლში რძის წარმომქმნელ ჰორმონ პროლაქტინის მიმართ. თუ თქვენ გაზრდილი გაქვთ მგრძნობიარობა პროლაქტინის მიმართ, პროლაქტინის ნორმალური შემცვლელობის პირობებშიც კი შეიძლება განვითარდეს გალაქტორეა.

გალაქტორეა კაცებში

კაცებში, გალაქტორეა შეიძლება დაკავშირებული იყოს ტესტოსტერონის ნაკლებობასთან (მამაკაცური ჰიპოგონადიზმი) და ხშირად თან ერთვის მკერდის გადიდება ან მგრძნობელობის მომატება (გინეკომასტია). ერექტიული დისფუნქცია და ლიბიდოს დაქვეითება აგრეთვე დაკავშირებულია ტესტოსტერონის დეფიციტთან.

გალაქტორეა ახალშობილებში

გალაქტორეა ხანდახან ვითარდება ახალშობილებში. დედის ჭარბ ესტროგენი პლაცენტის გავლით ხვდება ბავშვის სისხლში. ამას შეუძლია გამოიწვიოს ბავშვის მკერდის ქსოვილის გაზრდა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს რძიან გამონადენთან.

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია გალაქტორეასთან:

  • მუდმივი ან ხანგამოშვებითი რძიანი გამონადენი დვრილებიდან, რომელშიც არ შეინიშნება სისხლი
  • გამონადენი დვრილებიდან, რომელიც მოიცავს მრავალ სადინარს
  • სპონტანურად გამოჟონილი ან ხელით გამოწველილი გამონადენი
  • პროცესში ერთი ან ორივე მკერდის ჩართვა
  • მენსტრუალური პერიოდების გაქრობა ან არარეგულარულობა
  • თავის ტკივილი და მხედველობის პრობლემები



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ მუდმივი რძიანი გამონადენი ერთი ან ორივე ძუძუს დვრილებიდან და არ ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვებაზე, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი.

თუ მკერდის სტიმულაცია, როგორიცაა დვრილის გადამეტებული გაღიზიანება სქესობრივი კონტაქტის დროს, გამოიწვევს გამონადენს, არ არის საჭირო ნერვიულობა. ეს გამონადენი დიდი ალბათობით არ მიუთითებს მკერდის კიბოზე, თუმცა მაინც სასურველია ექიმს ეწვიოთ გამოკვლებაზე.

დვრილებიდან არარძიანი გამონადენი – განსაკუთრებით სისხლიანი, ყვითელი ან გამჭვირვალე სპონტანური გამონადენი, რომელიც მოდის ერთი სადინრიდან ან დაკავშირებულია კვანძთან, რომელსაც შეიგრძნობთ – მოითხოვთ სასწრაფო გამოკვლევას, რადგან იგი შეიძლება მკერდის კიბოს ნიშანი იყოს.