განავლის შეუკავებლობა
დაავადების აღწერა
განავლის შეუკავებლობა გულისხმობს დეფეკაციის კონტროლის უუნარობას, რაც იწვევს განავლის მოულოდნელად გაჟონვას სწორი ნაწლავიდან. განავლის შეუკავებლობა ხასიათდება როგორც განავლის მცირე გამონაჟონით გაზებისგან დაცლის დროს, ასევე დეფეკაციაზე კონტროლის სრული დაკარგვით.
განავლის შეუკავებლობის ხშირი მიზეზებია ფაღარათი, ყაბზობა და კუნთის ან ნერვის დაზიანება. კუნთის ან ნერვის დაზიანება შესაძლოა უკავშირდებოდეს ასაკის მატებას ან მშობიარობს.
მიზეზის მიუხედავად, განავლის შეუკავებლობა უხერხულობას ქმნის. ნუ შეგრცხვებათ ექიმთან ამ თემაზე საუბრის. სამკურნალო საშუალებები არსებობს განავლის შეუკავებლობის მდგომარეობისა და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გამომწვევი მიზეზი
განავლის შეუკავებლობის მიზეზები:
- კუნთის დაზიანება. სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილში არსებული კუნთის(ანალური სპინქტერი) დაზიანებამ შესაძლოა გააძნელოს განავლის ნორმალურად შეკავება. ასეთი ტიპის დაზიანება გვხვდება მშობიარობის დროს, როდესაც ადგილი აქვს ეპიზიოტომიას ან ქირურგიული მაშის გამოყენებას.
- ნერვის დაზიანება. იმ ნერვების დაზიანება, რომლებიც აღიქვამენ განავლის არსებობას სწორ ნაწლავში ან აკონტროლებენ ანალურ სფინქტერს, იწვევს განავლის შეუკავებლობას. ნერვის დაზიანება შესაძლოა გავითარდეს მშობიარობისას, დეფეკაციის დროს ძლიერი ჭინთვებისგან, ზურგის ტვინის დაზიანებისგან ან ინსულტისგან. ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა დიაბეტი და გაფანტული სკლეროზი, ასევე აზიანებს ნერვებს და იწვევს განავლის შეუკავებლობას.
- ყაბზობა. ქრონიკული ყაბზობა იწვევს გამომშრალი, გამაგრებული განავალის ჩამოყალიბებას სწორ ნაწლავში, რომლის გამოყოფაც რთულია. სწორი ნაწლავის კუნთები და ნაწლავები იწელება და სუსტდება, რის შედეგადაც ნაწლავების ზედა ნაწილში არსებული თხიერი განავალი გვერდს უვლის განავლის მყარ მასას და ანუსიდან იჟონება. ქრონიკული ყაბზობა აგრეთვე იწვევს ნერვის დაზიანებას, რასაც თავის მხრივ შეუძლია განაპირობოს განავლის შეუკავებლობა.
- ფაღარათი. მყარი განავლის შენარჩუნება სწორ ნაწლავში უფრო იოლია ვიდრე თხიერისა, ამიტომაც თხიერ განავალს შეუძლია გამოიწვიოს ან გააუარესოს შეუკავებლობის მდგომარეობა.
- სწორ ნაწლავში განავლის დაგროვების უუნარობა. ნორმალურ პირობებში, სწორი ნაწლავი იწელება და იკავებს დაგროვილ განავალს. თუმცა სწორი ნაწლავის დანაწიბურების დროს, ქირურგიული ჩარევის შედეგად სწორი ნაწლავის კედლების გამაგრებისას, სხივური თერაპიის ან ნაწლავების ანთებითი დაავადების შემდეგ სწორ ნაწლავს არ შეუძლია სათანადოდ გაწელვა. შედეგად, ჭარბი რაოდენობის განავალი ანალური ხვრელიდან იჟონება.
- ქირურგიული ჩარევა. სწორ ნაწლავში ან ანალურ ხვრელზე გაგანიერებული ვენების(ჰემოროიდი) სამკურნალოდ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები და სხვა კომპლექსური ქირურგიული ჩარევები, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევენ კუნთისა და ნერვების დაზიანებას, რის შედეგადაც ვითარდება შეუკავებლობა.
- სხვა მდგომარეობები. განავლის შეუკავებლობა ვითარდება მაშინაც, როდესაც სწორი ნაწლავი გამოვარდება ანალური ხვრელიდან(პროლაფსი). ქალებში, შეუკავებლობის მიზეზი შესაძლოა გახდეს სწორი ნაწლავის ვაგინაში შეზნექა(რექტოცელე).
სიმპტომები
ზრდასრულების უმეტესობას განავლის შეუკავებლობა უვითარდება ძალიან იშვიათად, ფაღარათის დროს. თუმცა ზოგიერთ ადამიანს განავლის ქრონიკული შეუკავებლობა აღენიშნება. მათ:
- არ შეუძლიათ კონტროლირებადი გათავისუფლება გაზებისა და განავლისგან, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თხიერი, ასევე მყარი.
- ვერ ასწრებენ საპირფარეშოში დროულად მისვლას
ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, მათ შორის ბავშვებში, განავლის შეუკავებლობა უმნიშვნელო პრობლემაა, რომელიც შესაძლოა შემოიფარგლებოდეს საცვლის იშვიათი დასველებით. სხვა შემთხვევებში, მდგომარეობა შეიძლება იყოს გაუსაძლისი, რადგან პაციენტს დაკარგული აქვს სრული კონტროლი კუჭის მოქმედებაზე.
განავლის შეუკავებლობს შესაძლოა თან ახლდეს ნაწლავების სხვა პრობლემები, მაგალითად:
- ფაღარათი
- ყაბზობა
- გაზები და შებერილობა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ განავლის შეუკავებლობა. ხშირ შემთხვევაში, ახლად გამხდარი დედებს და სხვა ზრდასრულებს ერიდებათ ექიმებისთვის პრობლემის შესახებ საუბარი. თუმცა მკურნალობა არსებობს, ამიტომაც სიმპტომების მოსახსნელად აუცილებელია დროული დიაგნოზი და მკურნალობა.