განგლიური კისტა

დაავადების აღწერა

განგლიური კისტები არის არასიმსივნური კვანძები, რომლებიც წარმოიქმნებიან მაჯისა ან ხელების მყესების და სახსრების გაყოლებაზე. ისინი აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს კოჭებსა და ტერფებზე. განგლიურ კისტებს ჩვეულებრივ მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვთ და სავსე არიან ჟელესმაგვარი სითხით.

პატარა განგლიური კისტები მუხუდოს ზომის არიან, ხოლო შედარებით დიდებს შეიძლება 2.5 სმ ჰქონდეთ დიამეტრი. განგლიური კისტა იძლევა ტკივილს თუ იგი აწვება ახლომდებარე ნერვს. კისტას მდებარეობამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახსრის მოძრაობას.

თუ განგლიური კისტა პრობლემებს გიქმნით, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ კისტის ნემსით დრენირება. მკურნალობის მეთოდია აგრეთვე კისტის ქირურგიულად მოშორება. თუ სიმპტომები არ გაქვთ, მკურნალობა საჭირო არ არის. ხშირ შემთხვევაში კისტები თავისით ქრება.

გამომწვევი მიზეზი

განგლიური კისტის განვითარების მიზეზი უცნობია. იგი გამოიზრდება სახსრიდან ან მყესის ამომფენი ზედაპირიდან, ჰგავს პატარა წყლით სავსე ბუშტს და ვითარდება როდესაც მყესის და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილი ადგილიდან ამოვარდება. კისტის შიგნით გვხვდება სქელი ლუბრიკანტი სითხე, რომელიც ჰგავს სახსრებში და მყესების გარშემო არსებულ სითხეს.

სიმპტომები

განგლიურ კისტებთან დაკავშირებული კვანძები შეიძლება დავახასიათოთ:

  • ადგილმდებარეობის მიხედვით. განგლიური კისტები ყველაზე ხშირად ვითარდება მაჯებისა და ხელების მყესების და სახსრების გაყოლებაზე. აგრეთვე ხშირი ადგილმდებარეობაა კოჭებსა და ტერფებზე, თუმცა კისტა ნებისმიერ სახსართან შეიძლება შეგვხვდეს.
  • ზომისა და ფორმის მიხედვით. განგლიური კისტებს აქვთ მრგვალი ან ოვალური ფორმა და როგორც წესი 2.5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრი აქვთ. ზოგი იმდენად მცირეა ზომაში, რომ მისი შეგრძნება შეუძლებელია. კისტის ზომა შეიძლება ცვალებადი იყოს. იგი ხშირად იზრდება, როდესაც სახსარი გამოიყენება განმეორებითი მოძრაობების შესასრულებლად.
  • ტკივილის მიხედვით. განგლიური კისტა ჩვეულებრივ უმტკივნეულოა, თუმცა თუ იგი დააწვება ნერვს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კისტა იმდენად პატარაა, რომ კვანძს ვერც ვამჩნევეთ, იგი მოგვცემს ტკივილს, ღიტინის შეგრძნებას, მგრძნობელობის დაკარგვას და კუნთების სისუსტეს.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ აღმოაჩენთ შესამჩნევ კვანძს ან ტკივილს მაჯის, ხელის, კოჭის ან ტერფის არეში, ეწვიეთ ექიმს. მას შეუძლია დასვას დიაგნოზი და გითხრათ გჭირდებათ თუ არა მკურნალობა.