განგრენა
დაავადების აღწერა
განგრენა არის ქსოვილების სიკვდილი სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან ბაქტერიული ინფექციის გამო. განგრენა ძირითადად ვითარდება კიდურებზე, განსაკუთრებით ფეხისა და ხელის თითებზე და ხელებზე, მაგრამ იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს კუნთებში და შინაგან ორგანოებში.
განგრენის განვითარების რისკი იზრდება პარელელურად არსებული ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევას. ასეთებია დიაბეტი და ათეროსკლეროზი.
განგრენის მკურნალობა მოიცავს ოპერაციას მკვდარი ქსოვილის მოსაშორებლად, ანტიბიოტიკებს და სხვა მიდგომას. გამოჯანმრთელების პროგნოზი უფრო საიმედოა თუ განგრენის იდენტიფიცირება ადრე მოხდება და მკურნალობა დროულად დაიწყება.
გამომწვევი მიზეზი
განგრენა შეიძლება განვითარდეს ერთი ან ორივე ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო:
- სისხლის მიწოდების ნაკლებობა. თქვენი სისხლი უჯრედებს აწვდის ჟანგბადს, საკვებ ნივთიერებებს და აგრეთვე იმუნური სისტემის კომპონენტებს, მაგალითად ანტისხეულებს, რომლებიც გვეხმარებიან ინფექციებთან ბრძოლაში. სათანადო სისხლის მიმოქცევის გარეშე უჯრედები სიცოცხლეს ვერ ინარჩუნებენ და ქსოვილი დალპობას იწყებს.
- ინფექცია. თუ ბაქტერიები ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩებიან ქსოვილში, შეიძლება განვითარდეს ინფექცია, რომელიც გამოიწვევს ქსოვილების სიკვდილს და შესაბამისად განგრენის განვითარებას.
განგრენის ტიპები:
- მშრალი განგრენა. მშრალი განგრენა ხასიათდება მშრალი, გამომხმარი კანით, რომელსაც აქვს ყავისფერი, მოიისფრო-მოლურჯო ან შავი ფერი. მშრალი განგრენა შეიძლება ნელა განვითარდეს. იგი ყველაზე ხშირად ვითარდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვების პათოლოგიები, მაგალითად ათეროსკლეროზი.
- სველი განგრენა. განრენა არის სველი თუ დაზიანებულ ქსოვილში არის ბაქტერიული ინფექცია. შესიება, დაწყლულება და სველი შესახადეობა დამახასიათებელი სურათია სველი განგრენის შემთხვევაში.
იგი შეიძლება განვითარდეს მწვავე დამწვრობის, გაყინვის ან ტრავმის შემდეგ. იგი ხშირად ვითარდება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რომლებიც შეუმჩნევლად იზიანებენ ფეხის თითებს ან ტერფებს. სველი განგრენა დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს რადგან იგი სწრაფად ვრცელდება და შეიძლება ფატალური იყოს.
- აიროვანი განგრენა. აიროვანი განგრენა როგორც წესი აზიანებს ღრმად მდებარე კუნთოვან ქსოვილს. თუ გაქვთ აიროვანი განგრენა, დასაწყისში კანზე ცვლილებები შეიძლება არ აღინიშნებოდეს.
მდგომარეობის პროგრესირების დროს კანი თავდაპირველად შეიძლება გახდეს ფერმკრთალი, ხოლო შემდეგ ნაცრისფერი ან მოიისფრო-მოწითალო ფერის. კანმა შეიძლება მიიღოს ბუშტუკოვანი შესახედაობა, ხოლო დაზიანებულ კანზე ზეწოლისას დაგროვილი ჰაერის გამო შეიძლება გავიგოთ ტკაცუნის ხმა.
აიროვანი განგრენა უმეტესად გამოწვეულია ბაქტერია Clostridium perfingens-ის მიერ. იგი ვითარდება ტრავმის ან ქირურგიული იარის არეში თუ იგი მოწყვეტილია სისხლის მომქცევას. ბაქტერიული ინფექცია წარმოქმნის ტოქსინებს, რომლებიც გამოანთავისუფლებენ აირს (აქედან მოდის დასახელება აიროვანი განგრენა) და იწვევენ ქსოვილის სიკვდილს. სველი განგრენის მსგავსად, აიროვანი განგრენაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
- შინაგანი განგრენა. შინაგანი განგრენა ეწოდება განგრენას, რომელიც აზიანებს ერთ ან მეტ შინაგან ორგანოს, როგორებიცაა ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი და ჭია ნაწლავი. განგრენის ეს ტიპი ვითარდება როდესაც ორგანოებს შეუწყდებათ სისხლის მიმოქცევა. ამის მაგალითია ნაწლავის თიაქარი, რომლის დროსაც ნაწლავები გამოდის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში და გადაიხლართება.
შინაგანმა განგრენამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება და მწავე ტკივილი. მკურნალობის გარეშე იგი შეიძლება სიკვდილით დასრულდეს.
- ფორნიეს განგრენა. ფორნიეს განგრენა მოიცავს სასქესო ორგანოებს. იგი უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. ფორნიეს განგრენა ვითარდება სასქესო არეში ან შარდსასქესი ტრაქტში ინფექციის შედეგად და იწვევს სასქესო არეში ტკივილს, მგრძნობელობის მომატებას, სიწითლეს და შესიებას.
- პროგრესიული ბაქტერიული სინერგისტული განგრენა (მელენეის განგრენა). განგრენის ეს იშვიათი ფორმა ვითარდება ოპერაციის შემდეგ და გამოიხატება კანის მტკივნეული ნახეთქების წარმოქნით პროცედურიდან 2-3 კვირის შემდეგ.
სიმპტომები
როდესაც განგრენა აზიანებს კანს, შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი ნიშნები:
- კანის შეფერილობის შეცვლა – განგრენის ფორმის მიხედვით ფერმკრთალით დაწყებული ლურჯით, იასამნისფრით, შავით, ბრინჯაოსფრით ან წითლით დამთავრებული.
- მკვეთრად გამოკვეთილი ხაზი ჯანმრთელ და დაზიანებულ კანს შორის.
- მწვავე ტკივილი რომელსაც მოყვება მგრძნობელობის დაკარგვის შეგრძნება.
- წყლულიდან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი
თუ გაქვთ განგრენის ისეთი ტიპი, რომელიც კანქვეშ არსებულ ქსოვილებს აზიანებს, მაგალითად აიროვანი განგრენა ან შინაგანი განგრენა, შეიძლება:
- შეამჩნიოთ, რომ დაზიანებული ქსოვილი შესიებული და ძალიან მტკივნეულია
- გაქვთ ტემპერატურა და ცუდად გრძნობთ თავს
განგრენულ ქსოვილში არსებული ბაქტერიული ინფექციის მთელ სხეულში გავრცელების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია, როგორც სეპტიური შოკი. სეპტიური შოკის ნიშნები და სიმპტომებია:
- დაბალი სისხლის წნევა
- შესაძლო ცხელება, თუმცა ტემპერატურა აგრეთვე შეიძლება ნორმაზე (36) დაბლა დაეცეს.
- სწრაფი გულისცემა
- გულის წასვლის შეგრძნება
- სუნთქვის უკმარისობა
- დაბნეულობა
როდის მივმართოთ ექიმს
განგრენა სერიოზული მდგომარეობა და დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. დაურეკეთ ექიმს თუ გაქვთ უმიზეზო ტკივილი სხეულის ნებისმიერ ნაწილში და ერთი ან მეტი ნიშანი და სიმპტომი ჩამოთვლილთაგან:
- ხანგრძლივი ცხელება
- კანისმხრივი ცვლილებები – ფერის ცვლილება, სიმხურვალე, შესიება, ბებერები ან სხვა დაზიანებები, რომლებიც არ ქრება
- წყლულიდან უსიამოვნო სუნის გამონადენი
- უეცარი ტკივილი ტრავმირებულ ან ნაოპერაციებ ადგილას
- კანი, რომელიც არის ფერმკრთალი, მაგარი, ცივი და დაბუჟებული.