ღამის უნებლიე შარდვა
დაავადების აღწერა
ღამის უნებლიე შარდვას ღამის შეუკავებლობასა და ღამის ენურეზიასაც უწოდებენ. 7 წლამდე ბავშვი ნორმაში შარდავს უნებლიედ ღამით. 7 წლის ასაკში ბავშვი ავითარებს შარდის ბუშტის კონტროლს.
თუ უნებლიე შარდვა გაგრძელდა, მოეკიდეთ პრობლემას გაგებითა და მოთმინებით. უკეთესი კონტროლი, დასველების დროს გაღვიძება ან მედიკამენტური თერაპია უმეტეს შემთხვევებში ეფექტურია.
გამომწვევი მიზეზი
ღამით უნებლიე შარდვის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. რამდენიმე ფაქტორი მნიშვნელოვანია:
- მცირე ზომის შარდის ბუშტი. შესაძლოა ბავშვის შარდის ბუშტი ვერ იკავებდეს შარდს ღამით მცირე ზომის გამო.
- გავსებული შარდის ბუშტის აღქმის უნარის დარღვევა. თუ შარდის ბუშტის მაკონტროლირებელი ნერვები ჩამოყალიბებული არ არის, სავსე ბუშტი ბავშვს არ აღვიძებს, მითუმეტეს თუ მას ღრმა ძილი ახასიათებს.
- ჰორმონული დისბალანსი. ზოგიერთი ბავშვი არ წარმოქმნის საკმარის ანტიდიურეზულ ჰორმონს, რათა შენელდეს ღამით შარდის წარმოქმნა.
- სტრესი. სტრესული სიტუაციები, როგორიცაა ოჯახში ახალი ბავშვის გაჩენა, ახალ სკოლაში გადასვლა, ძილი შორს სახლიდან, შესაძლოა გახდეს უნებლიე შარდვის მიზეზი.
- საშარდე გზების ინფექცია. ინფექცია ართულებს შარდვის კონტროლს. ნიშნები და სიმპტომებია უნებლიე შარდვა ღამით ან დღისით, ხშირი შარდვა, წითელი ან ვარდისფერი შარდი და ტკივილი შარდვის დროს.
- ძილის აპნოე. ზოგჯერ ღამის უნებლიე შარდვა ობსტრუქციული აპნოეს ნიშანია. ეს მდგომარეობა ბავშვის სუნთქვას უშლის ხელს, ანთებული ან გადიდებული ტონზილების ან ადენოიდების გამო. სხვა ნიშნები და სიმპტომებია ხვრინვა, ხშირი ყურისა და სინუსური ინფექციები, ყელის ანთება და დაღლილობა დღისით.
- დიაბეტი. თუ ბავშვი უკვე გადაჩვეულია ღამის უნებლიე შარდვას და კვლავ განმეორდა მსგავსი ეპიზოდი, შესაძლოა ეს დიაბეტის პირველი ნიშანიც იყოს. სხვა ნიშნები და სიმპტომებია დიდი მოცულობის შარდი, წყურვილი, დაღლილობა, წონის კლება მადის დაქვეითების გარეშე.
- ქრონიკული ყაბზობა. შარდისა და განავლის გამოყოფას მსგავსი კუნთები უზრუნველყოფენ. როცა ყაბზობა ხანგრძლივია, კუნთები დისფუნქციური ხდება და ხელს უწყობს ღამით უნებლიე შარდვას.
- საშარდე ან ნერვული სისტემის სტრუქტურული პრობლემები. იშვიათად, უნებლიე შარდვას ნევროლოგიური ან საშარდე სისტემების არასრული განვითარება და დეფექტი იწვევს.
სიმპტომები
ღამის უნებლიე შარდვა აღიქმება სიმპტომად თუ იგი გარკვეული ასაკის შემდეგ გვხვდება.
ბავშვების უმრავლესობა გადაეჩვევა უნებლიე შარდვას 5 წლიდან, თუმცა არ არსებობს ზუსტი ასაკი, როცა ყველა ბავშვი ახერხებს შარდის ბუშტის კონტროლს. 5 დან 7 წლამდე ღამის უნებლიე შარდვა ზოგიერთ ბავშვში კვლავ გვხვდება, ხოლო 7 წლის შემდეგ ძალიან ცოტა ბავშვი აგრძელებს ღამით უნებლიე შარდვას.
როდის მივმართოთ ექიმს
ბავშვების უმრავლესობა თავად გადაეჩვევა ღამით უნებლიე შარდვას, მაგრამ ზოგიერთს სჭირდება დახმარება. სხვა შემთხვევებში, უნებლიე შარდვა შესაძლოა სხვა მდგომარეობის შედეგი იყოს, რომელიც სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.
ესაუბრეთ პედიატრს, თუ:
- ბავშვი 7 ან მეტი წლის ასაკისაა და კვლავ შარდავს უნებლიედ
- ბავშვი კვლავ იწყებს უნებლიე შარდვას გადაჩვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ
- უნებლიე შარდვას თან ახლავს ტკივილი, წყურვილი, ვარდისფერი ან წითელი შარდი, გამაგრებული განავალი ან ხვრინვა