ღია ოვალური ხვრელი

დაავადების აღწერა

ღია ოვალური ხვრელი წარმოადგენს გულში არსებულ ღრუს, რომელიც დაბადების შემდეგ ნორმისამებრ არ დაიხურა.

ნაყოფის განვითარების დროს, მცირე ზომის ოვალური ხვრელი, როგორც წესი, გულის ზედა ორ საკანს შორის გვხვდება. ეს ხვრელი, ძირითადად, ახალშობილობის პერიოდში იხურება. როდესაც ოვალური ხვრელი ამ პერიოდში არ იხურება, მას ღია ოვალური ხვრელი ეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ხშირია, პაციენტების უმრავლესობა ვერ ხვდება საკუთარ პრობლემას. ექიმები ამ პათოლოგიას სხვა პრობლემების აღმოსაჩენად დანიშნული ტესტების დროს შემთხვევით პოულობენ ხოლმე. ღია ოვალური ხვრელი, უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, თუ რა იწვევს ღია ოვალურ ხვრელს ზოგიერთ ადამიანში, თუმცა დაავდების განვითარებაში შესაძლოა გენეტიკა იღებდეს მონაწილეობას.

ნორმალური გულის ფუნქციონირების განხილვა ბავშვებსა და ზრდასრულებში აუცილებელია ოვალური ხვრელის მნიშვნელობის გასაგებად დაბადებამდე.

ნორმალური გულის ფუნქციონირება

გულს გააჩნია 4 მტუმბავი საკანი, რომელიც ამოძრავებს სისხლს:

  • მარჯვენა წინაგული – ზედა მარჯვენა საკანი – იღებს არასაკმარისი ჟანგბადის შემცველ სისხლს(დეოქსიგენირებულ) სხეულიდან და გადაიტანს მას მარჯვენა პარკუჭში სამკარედი სარქველის გავლით.
  • მარჯვენა ქვედა საკანი, იგივე მარჯვენა პარკუჭი, სისხლს ფილტვის არტერიის საშუალებით გადასტყორცნის ფილტვებისაკენ, სადაც სისხლი მდიდრდება ჟანგბადით და იცლება ნახშიროჟანგისგან. სისხლი ფილტვებში ფილტვის სარქვლის საშუალებით გადაიტყორცნება, რომელიც იკეტება მარჯვენა პარკუჭის მოსვენების პერიოდში.
  • მარცხენა ზედა საკანი, იგივე მარცხენა წინაგული, იღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს ფილტვებიდან ფილტვის ვენების გავლით და გადატყორცნის მას მარცხენა პარკუჭში მიტრალური სარქვლის საშუალებით.
  • მარცხენა ქვედა საკანი, იგივე მარცხენა პარკუჭი, ჟანგბადით მდიდარ სისხლს დიდი ზომის სისხლძარღვის – აორტის საშუალებით გადატყორცნის დანარჩენი ორგანიზმის მიმართულებით. სისხლი გადადის აორტალური სარქვლის საშუალებით, რომელიც იხურება მარცხენა პარკუჭის მოსვენების პერიოდში



ბავშვის გული მუცლად ყოფნის პერიოდში

რადგანაც დედის მუცელში ბავშვი არ სუნთქავს, ფილტვები ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილტვის მიმართულებით სისხლის გადატყორცნა საჭირო არ არის. ამ ეტაპზე, საჭიროა, რომ დედის ჟანგბადით გამდიდრებულმა სისხლმა ფილტვების გვერდის ავლით იმოძრაოს და აირჩიოს სხვა გზა, რათა ბავშვის ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადი მიეწოდოს.

ჭიპლარს ჟანგბადით მდიდარი სისხლი ბავშვის მარჯვენა წინაგულში გადააქვს. ამ სისხლის უმეტესი ნაწილი ოვალური ხვრელის საშუალებით მარცხენა წინაგულში გადადის. აქედან სისხლი მარცხენა პარკუჭში გადაედინება, რომელიც სისხლს მთელი ორგანიზმის მიმართულებით ტყორცნის. სისხლი ასევე მარჯვენა წინაგულიდან მარჯვენა პარკუჭის მიმართულებით ჩაედინება, საიდანაც სისხლი ასევე მიემართება ორგანიზმისკენ სხვა გზის გაშუალებით.

ახალშობილის გული

როდესაც ახალშობილის ფილტვები იწყებენ მუშაობას, გულში სისხლის ცირკულაცია იცლვება. ამ დროს, ჟანგბადით მდიდარი სისხლი ფილტვებიდან მოდის და გადადის მარცხენა პარკუჭში. ამ ეტაპიდან სისხლის ცირკულაცია ჩვეულ გზას მიჰყვება.

გულში მოძრავი სისხლით გამოწვეული წნევა, როგორც წესი, იწვევს ოვალური ხვრელის დახურვას. ახალშობილების უმრავლეს ნაწილში ოვალური ხვრელი ბოლომდე იხურება.

სიმპტომები

ღია ოვალური ხვრელის მქონე პაციენტების უმრავლესობამ არ იცის ამ დაავადების შესახებ, რადგან პათოლოგია, როგორც წესი, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.