ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება

დაავადების აღწერა

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება მდგომარეობაა, რომელიც გვხვდება ადამიანებში, რომლებიც არ იღებენ ან მცირე რაოდენობით იღებენ ალკოჰოლს.

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება ხშირია და უმეტესად, არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. ეს მდგომარეობა ხშირად არც გართულებებს იწვევს.

თუმცა, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება ზოგიერთ ადამიანში დაკავშირებულია ღვიძლის ანთებასა და დანაწიბურებასთან. ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების უფრო მძიმე ფორმა არის არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება რთულდება ღვიძლის უკმარისობით.

გამომწვევი მიზეზი

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება ვითარდება, როცა ღვიძლი ცხიმებს ვეღარ შლის, რის შედეგადაც ეს ნივთიერება გროვდება ღვიძლის ქსოვილებში.

უცნობია, რა იწვევს ღვიძლის არაალკოჰოლურ გაცხიმოვნებას. ამ მდგომარეობასთან ასოცირებულია მრავალი სხვა დაავადებაც, რაც ართულებს ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენას.

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების ტიპები

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება შესაძლოა უვნებელი ან სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სახით შეგვხვდეს. ეს ფორმებია:

  • არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი. ღვიძლში ცხიმების დაგროვება ნორმალური პროცესი არ არის, მაგრამ ზოგჯერ ეს არც ავნებს ორგანიზმს. ყველაზე მარტივი ფორმით, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება არ იწვევს გართულებებს. ეს ფორმა ძალიან ხშირია.
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი. ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების ზოგიერთ შემთხვევაში, ცხიმი იწვევს ღვიძლის ანთებას. ეს ხელს უშლის ღვიძლის ნორმალურ ფუნქციებს და იწვევს დანაწიბურებას– ციროზს.
  • ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება და ციროზი. ღვიძლის ანთება იწვევს ღვიძლის ქსოვილის დანაწიბურებას. დროთა განმავლობაში, დანაწიბურება იმდენად მძიმდება, რომ ვითარდება ღვიძლის უკმარისობა.

სიმპტომები

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება ძირითადად არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს:

  • დაღლილობა
  • ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში
  • წონის კლება


როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე ხანგრძლივი ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც გაშფოთებთ.