ღვიძლის კიბო

დაავადების აღწერა

ღვიძლის კიბო იწყება ღვიძლის უჯრედებში. ღვიძლი მდებარეობს მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში, დიაფრაგმის ქვეშ, კუჭის ზემოთ.

ღვიძლის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმა ჰეპატოცელულარული კარცინომაა, რომელიც ღვიძლის უჯრედების მთავარი ტიპიდან იწყება (ჰეპატოციტი). სხვა ტიპის უჯრედები შეიძლება გარდაიქმნას კიბოდ, მაგრამ უფრო იშვიათად.

ყველა კიბო, რომელიც ღვიძლს აზიანებს, არ იწყება ღვიძლში. როცა კიბო სხვა ადგილიდან (ნაწლავები, ფილტვები, სარძევე ჯირკვალი) იწყება და შემდეგ ვრცელდება ღვიძლში, მას მეტასტაზური სიმსივნე ეწოდება. ამ ტიპის კიბოს სახელი საწყისი ორგანოს სახელით ქვია, მაგ.: მეტასტაზური ნაწლავის კიბო, რომელიც ნაწლავში დაიწყო და შემდეგ გავრცელდა ღვიძლის ქსოვილებში.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს ღვიძლის კიბოს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მიზეზი ჰეპატიტის ვირუსებით გამოწვეული ქრონიკული ინფექციაა.

ღვიძლის კიბო ვითარდება, როცა უჯრედების დნმ–ში გროვდება მუტაციები. დნმ ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებს ორგანიზმის ნებისმიერი ქიმიური პროცესის შესახებ. მუტაციები დნმ–ში იწვევს ამ ინსტრუქციების ცვლილებას. ერთ–ერთი შედეგი კი ისაა, რომ უჯრედების ზრდა კონტროლს აღარ ექვემდებარება და ყალიბდება გროვა–კიბო.

სიმპტომები

დაავადებულების უმეტესობას არ აქვს ნიშნები და სიმპტომები საწყის სტადიებზე. როცა ნიშნები ჩნდება, ისინია:

  • უმიზეზოდ წონაში კლება
  • უმადობა
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევა და ღებინება
  • ზოგადი სისუსტე და დაღლილობა
  • მუცლის შესიება
  • კანისა და თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე
  • თეთრი, ცარცისებრი განავალი



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე შემაწუხებელი სიმპტომი.