გლაუკომა
დაავადების აღწერა
გლაუკომა არის არა მხოლოდ თვალის ერთი დაავადება, არამედ თვალის პათოლოგიების ჯგუფი, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას და მხედველობის შესაძლო დაკარგვას. თვალის შიგნით პათოლოგიურად მაღალი წნევა (თვალშიგა წნევა) ამ დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია.
გლაუკომა სიბრმავის ერთერთი ყველაზე ხშირი გამომწვევია ა.შ.შ-ში. გლაუკომას იმდენად თანდათანობით შეუძლია დააზიანოს მხედველობა, რომ თქვენ შეიძლება ვერც შეამჩნიოთ მხედველობის დაქვეითება სანამ დაავადება გვიან სტადიაზე არაა. გლაუკომის ყველაზე ხშირ ტიპს, პირველად ღია-კუთხოვან გლაუკომას, თანდათანობითი მხედველობის დაქვეითების გარდა არ ახასიათებს სხვა ნიშანი ან სიმპტომი.
ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას და მკურნალობას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ან აგარიდოთ მხედველობის ნერვის დაზიანება და შეგიჩეროთ გლაუკომით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება. მნიშვნელოვანია თვალების, განსაკუთრებით თვალშიგა წნევის რეგულარული გამოკვლევა.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა არ იციან რატომ, მაგრამ თვალშიგა წნევის მატება ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, დაკავშირებულია გლაუკომასთვის დამახასიათებელ თვალის ნერვის დაზიანებასთან. წნევა გამოწვეულია თვალში მოძრავი სითხის დაგროვებით.
ეს სითხე ნორმაში ტოვებს თვალს დრენაჟის სისტემით, რომელიც მდებარეობს ფერადი გარსისა და რქოვანას შეხვედრის კუთხეში. როდესაც დრენაჟის სისტემა სათანადოდ არ მუშაობს, სითხე ნორმალური რაოდენობით ვერ გამოდის თვალიდან, რის გამოც თვალში წნევა იზრდება.
პირველად ღიაკუთხოვანი გლაუკომა
პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომას დროს, რქოვანასა და ფერადი გარსის მიერ შექმნილი დრენაჟის კუთხე ღიაა, თუმცა სადრენაჟო არხები (ტრაბეკულური ბადეები) ნაწილობრივ დაბლოკილია, რაც იწვევს სითხის თვალიდან ნორმაზე ნელა გამოსვლას. ეს იწვევს სითხის თვალის უკანა ნაწილში გადასვლას და დროთა განმავლობაში თვალშიგა წნევის გაზრდას.
მხედველობის ნერვის დაზიანება არ იძლევა ნიშნებს და სიმპტომებს და იგი შეიძლება იმდენად ნელა მიმდინარეობდეს, რომ მხედველობის დიდი ნაწილი დაკარგოთ პრობლემის აღმოჩენამდე. პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომის განვითარების მიზეზი უცნობია.
მახვილკუთხოვანი გლაუკომა
მახვილკუთხოვანი გლაუკომა, რომელსაც აგრეთვე ეწოდება დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ვითარდება როდესაც ფერადი გარსი წინ გამოიწევა და ბლოკავს რქოვანასა და ფერადი გარსის შექმნილ სადრენაჟო კუთხეს. ამის შედეგად სითხე ნორმალურად ვერ ტოვებს თვალს და ვითარდება თვალშიგა ქნევის ძლიერი მომატება. მახვილკუთხოვანი გლაუკომა ხშირად ვითარდება უეცრად (მწვავე მახვილკუთხოვანი გლაუკომა), თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება დროთა განმავლობაში განვითარდეს (ქრონიკული მახვილკუთხოვანი გლაუკომა).
ადამიანები, რომელსაც პათოლოგიურად ვიწრო სადრენაჟო კუთხე აქვთ, მახვილკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის ქვეშ არიან.
თუ თქვენ ვიწრო სადრენაჟო კუთხე გაქვთ, გუგების უეცარ გაფართოებას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე მახვილკუთხოვანი გლაუკომის განვითარება.
ნორმალურ-წნევიანი გლაუკომა
ნორმალურ-წნევიანი გლაუკომის დროს ზიანდება მხედველობის ნერვი, თუმცა თვალშიგა წნევა ამ დროს ნორმის ფარგლებში. ექიმები ვერ ხსნიან ამის მიზეზს. თქვენ შეიძლება მგრძნობიარე მხედველობის ნერვი გქონდეთ ან მხედველობის ნერვს შეიძლება ნაკლები სისხლი მიეწოდებოდეს. სისხლის მიწოდების ნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს ათეროსკლეროზით (ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვება არტერიებში) ან სხვა სისხლის მიმოქცვევის შემზღუდავი პათოლოგიით.
განვითარების ასაკის გლაუკომა
ზოგიერთ ჩვილს ან ბავშვს შეიძლება დაესვას გლაუკომის დიაგნოზი. იშვიათად, ბავშვი შეიძლება დაიბადოს გლაუკომით (თანდაყოლილი გლაუკომა), განუვითარდეს გლაუკომა ცხოვრების პირველ წლებში (ჩვილთა გლაუკომა) ან განუვითარდეს გლაუკომა 4-5 წლის შემდეგ (იუვენილური გლაუკომა). ბავშვებს როგორც წესი არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ამ დროს ხდება მხედველობის ნერვის დაზიანება. ეს დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს კუთხის ბლოკაჟმა და მალფორმაციამ (პირველადი ინფანტილური გლაუკომა) ან იგი შეიძლება განვითარდეს სხვა მდგომარეობის შედეგად (მეორადი გლაუკომა).
პიგმენტური გლაუკომა
პიგმენტური გლაუკომის დროს, ფერადი გარსის პიგმენტური გრანულები გროვდება სადრენაჟო არხებში (ტრაბეკულური ბადეები) და იწვევს სითხის თვალიდან გასვლის შენელებას ან დაბლოკვას. ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სირბილი, ხანდახან ამღვრევს პიგმენტურ გრანულებს და იწვევს მათ ჩალაგებას ტრაბეკულურ ბადეებში, რაც ვლინდება ხანგამოშვებითი წნევის მომატებით.
სიმპტომები
გლაუკომის ორ ყველაზე ხშირ ტიპს, პირველად ღიაკუთხოვან გლაუკომას და მახვილკუთხოვან გლაუკომას, რადიკალურად განსხვავებული სიმპტომები აქვთ.
პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომის ნიშნები და სიმპტომებია:
- ორივე თვალში პერიფერიული მხედველობის თანდათანობითი დაკარგვა
- გვირაბის მხედველობა გვიან სტადიაზე
მწვავე მახვილკუთხოვანი გლაუკომის ნიშნები და სიმპტომებია:
- თვალის ტკივილი
- გულისრევა და პირღებინება (თან ერთვის მწვავე თვალის ტკივილი)
- თვალის პრობლემების სწრაფი გაჩენა, ხშირად დაბალ განათებაზე
- ბუნდოვანი მხედველობა
- სინათლის გარშემო რგოლები
- თვალის სიწითლე
როგორც ღია კუთხოვანი, აგრეთვე მახვილკუთხოვანი გლაუკომა შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი მდგომარეობები. მათ ეწოდებათ პირველადი, თუ გამომწვევი მიზეზი უცნობია, ხოლო მეორადი – თუ მდგომარეობა დაკავშირებულია ნაცნობ მიზეზთან, მაგალითად თვალის ტრავმა, მედიკამენტები, თვალის სხვა პათოლოგია, ანთება, სიმსივნე, კატარაქტას გვიანი სტადია ან დიაბეტი. მეორადი გლაუკომის დროს, შეიძლება შეგვხვდეს როგორც გლაუკომას სიმპტომები, ასევე მისი გამომწვევი პათოლოგიის სხვა სიმპტომები.
როდის მივმართოთ ექიმს
ნუ დაელოდებით თვალის შესამჩნევ პრობლემებს. პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა თითქმის არ იძლევა გაფრთხილების ნიშნებს სანამ შეუქცევადად დაზიანებას გამოიწვევს. თვალის რეგულარული შემოწმება აუცილებელია გლაუკომის ადრეულ სტადიაზე აღმოსაჩენად, რათა შეძლოთ მკურნალობის ჩატარება და შემდგომი გართულებების თავიდან აცილება.
ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია გირჩევთ თვალის სრულფასოვანი გამოკვლევების დაწყებას 40 წლის ასაკში, ყოველ 3-5 წელში თუ არ ხართ გლაუკომას რისკის ქვეშ. თუ თქვენ გაქვთ სხვა რისკ-ფაქტორები ან 60 წელზე მეტის ხართ, სკრინინგი ყოველ 2 წელში უნდა ჩაგიტარდეთ. თუ შავკანიანი ხართ, თქვენი ექიმი ალბათ გირჩევთ თვალის პერიოდული გამოკვლევების დაწყებას 20-დან 39 წლამდე.
გახსოვდეთ, რომ მწვავე თავის ტკივილი ან ტკივილი თვალში, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა და სინათლის გარშემო რგოლები შეიძლება მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომას შეტევის ნიშნები იყოს. თუ განგივითარდებათ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების პუნქტს ან თქვენს ოფთალმოლოგს.