გლომერულონეფრიტი

დაავადების აღწერა

გლომერულონეფრიტი არის თირკმლის უმცირესი ფილტრების (გლომერულების) ანთება. გლომერულები სისხლიდან იღებენ ზედმეტ სითხეს, ელექტროლიტებს და ნარჩენ პროდუქტებს და გადაადგილებენ მათ შარდში. გლომერულონეფრიტს აგრეთვე უწოდებენ გლომერულულ დაავადებას და იგი შეიძლება იყოს მწვავე (ანთების უეცარი შეტევა) ან ქრონიკული (დროთა განმავლობაში განვითარებული).

თუ გლომერულონეფრიტი თავისით ვითარდება, მას ეწოდება პირველადი გლომერულონეფრიტი. თუ მისი გამომწვევი სხვა დაავადებაა, მაგალითად მგლურა ან დიაბეტი, მას მეორადი გლომერულონეფრიტი ეწოდება. გლომერულონეფრიტთან ასოცირებულ მწვავე ან ხანგრძლივ ანთებას შეუძლია დააზიანოს თირკმელები. მკურნალობა დამოკიდებულია გლომერულონეფრიტის ტიპზე.

გამომწვევი მიზეზი

ბევრ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს გლომერულონეფრიტი, თუმცა ხანდახან გამომწვევი მიზეზი უცნობია. პათოლოგიები, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს თირკმლის გლომერულების ანთება:

ინფექციები

  • პოსტ-სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი. გლომერულონეფრიტი შეიძლება განვითარდეს სტრეპტოკოკული ყელის ინფექციის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ან, იშვიათ შემთხვევაში, კანის ინფექციის (იმპეტიგო) შემდეგ. ინფექციასთან საბრძოლველად ორგანიზმში წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით ანტისხეულები, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება ჩალაგდნენ გლომერულებში და გამოიწვიონ ანთება. პოსტ-სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის განვითარების ალბათობა უფრო დიდია ბავშვებში ვიდრე ზრდასრულებში, თუმცა მათვე აქვთ სწრაფად გამოჯანმრთელების უფრო დიდი ალბათობა.
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი. ბაქტერიები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავრცელდეს სისხლით, ჩალაგდეს გულში და გამოიწვიოს გულის ერთი ან მეტი სარქვლის ინფექცია. თქვენ უფრო დიდი რისკი გაქვთ ამ პათოლოგიის თუ გაქვთ რაიმე გულის დეფექტი, მაგალითად დაზიანებული ან ხელოვნური სარქველი. ბაქტერიული ენდოკარდიტი დაკავშირებულია გლომერულულ დაავადებასთან, თუმცა ზუსტი კავშირი მათ შორის უცნობია.
  • ვირუსული ინფექციები. ვირუსული ინფექციებმა, როგორებიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი (აივ), B ჰეპატიტი და C ჰეპატიტი, შეიძლება გამოიწვიონ გლომერულონეფრიტი.



იმუნური დაავადებები

  • მგლურა. მგლურა ქრონიკული იმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სხეულის ბევრ ნაწილს, მათ შორის კანს, სახსრებს, თირკმელებს, სისხლის უჯრედებს, გულს და ფილტვებს.
  • გუდპასჩერის სინდრომი. ფილტვების იშვიათი იმუნოლოგიური პათოლოგია რომელიც შეიძლება ჰგავდეს პნევმონიას. გუდპასჩერის სინდრომი იწვევს ფილტვებში სისხლდენას და აგრეთვე გლომერულონეფრიტს.
  • IgA ნეფროფატია. ეს პირველადი გლომერულული დაავადება გამოწვეული იმუნოგლობულინი A-ს (IgA) ჩალაგებით გლომერულებში და ახასიათებს სისხლიანი შარდის განმეორებითი ეპიზოდები. IgA ნეფროპათია შეიძლება წლების განმავლობაში პროგრესირებდეს შესამჩნევი სიმპტომების გარეშე.



ვასკულიტები

  • პოლიარტერიტი. ვასკულიტის ეს ფორმა აზიანებს პატარა და საშუალო სისხლძარღვებს სხეულის ბევრ ნაწილში, მათ შორის გულში, თირკმელებში და ნაწლავებში.
  • ვეგენერის გრანულომატოზი. ვასკულიტის ეს ფორმა აზიანებს პატარა და საშუალო სისხლძარღვებს ფილტვებში, ზემო სასუნთქს გზებში და თირკმელებში.



მდგომარეობები, რომლებიც დიდი ალბათობით გამოიწვევენ გლომერულების დაზიანებას

  • სისხლის მაღალი წნევა. სისხლის მაღალ წნევას შეუძლია დააზიანოს თირკმელები და ხელი შეუშალოს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. გლომერულონეფრიტს აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს სისხლის მაღალი წნევა რადგან იგი ასუსტებს თირკმლის ფუნქციას და შეიძლება ზეგავლენა იქონიონს თირკმლის მიერ ნატრიუმის მოხმარებაზე.
  • თირკმლის დიაბეტური დაავადება. თირკმლის დიაბეტური დაავადება (დიაბეტური ნეფროპათია) შეიძლება დაემართოს ნებისმიერ დიაბეტიან ადამიანს. დიაბეტური ნეფროპათიის განვითარებას წლები სჭირდება. სისხლში შაქრის დონის და წნევის კონტროლს შეუძლია აგარიდოთ ან შეამციროს თირკმლის დაზიანება.
  • ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი. ეს დაავადება ხასიათდება ზოგიერთი გლომერულის გაფანტული დაზიანებით და იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა დაავადებით ან მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდეს.



ქრონიკული გლომერულონეფრიტი ხანდახან ვითარდება მწვავე გლომერულონეფრიტის ეპიზოდის შემდეგ. ზოგ ადამიანს არ აქვს ანამნეზში თირკმლის დაავადება, ამიტომ ქრონიკული გლომერულონეფრიტის პირველი გამოვლინება თირკმლის უკმარისობა იქნება. იშვიათად, ქრონიკული გლომერულონეფრიტი ოჯახურად ვრცელდება. ერთი თანდაყოლილი ფორმა, ალპორტის სინდრომი, შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს მხედველობის ან სმენის გაუარესებას.

სიმპტომები

გლომერულონეფრიტის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ტიპზე (ქრონიკული თუ მწვავე) და აგრეთვე გამომწვევზე. პირველი ნიშანი რომ რაღაც დარღვევაა შეიძლება იყოს რომელიმე სიმპტომი ან პროფილაქტიკურად ჩატარებული შარდის ანალიზის შედეგები.

გლომერულონეფრიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ვარდისფერი ან კოკა-კოლასფერი შარდი სისხლის წითელი უჯრედებით (ჰემატურია)
  • ქაფიანი შარდი ცილების სიჭარბის გამო (პროტეინურია)
  • სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
  • სითხის შეკავება (ედემა) შესამჩნევი შეშუპები სახეზე, ხელებზე, ფეხებზე და მუცელზე
  • დაღლილობა ანემიის ან თირკმლის უკმარისობის გამო



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც გაშფოთებთ.