გლოვის ემოციური აშლილობა

დაავადების აღწერა

ახლობელი ადამიანის გარდაცვალება იწვევს ძლიერ დისტრესს. სამწუხაროდ, ეს არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა. ადამიანთა უმეტესობა ამ დროს გადის სევდის, უიმედობის და ზოგჯერ დანაშაულის გრძნობისა და ბრაზის პერიოდს. დროთა განმავლობაში ეს გრძნობები იკლებს და ადამიანი ეგუება დანაკარგს, დგამს ნაბიჯებს ცხოვრების გასაგრძელებლად.

ზოგიერთ ადამიანში, გლოვის დროინდელი შეგრძნებები არ გაივლის. ამ მდგომარეობას გლოვის ემოციური აშლილობა ეწოდება. ასეთ დროს, მტკივნეული ფიქრები და გრძნობები ხანგრძლივია და იმდენად ძლიერიც, რომ ადამიანს უჭირს ცხოვრების გაგრძელება და ახლობელი ადამიანის სიკვდილთან შეგუება.

ადამიანები სხვადასხვაგვარად ხვდებიან და ეგუებიან ამ მოვლენას. ფაზების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა განსხვავებულია თითოეულ ადამიანში. ეს ფაზებია:

  • დანაკარგის რეალურობის გათვიცნობიერება
  • ტკივილისა და სევდის განცდა
  • ახალ რეალობასთან შეგუება, ახლობელი ადამიანის გარეშე
  • სხვა ურთიერთობების გაგრძელება, დამყარება



სხვადასხვაობა ნორმალურია, თუმცა თუ ადამიანი ვერ გადის ამ ფაზებს გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ჰქონდეს გლოვის ემოციური აშლილობა. მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობა გეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებასა და რეალობასთან შეგუებაში.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს გლოვის ემოციურ აშლილობას. როგორც სხვა მენტალურ აშლილობებში, აქაც სავარაუდოა მემკვიდრეობის, გარემოს, ორგანიზმის ქიმიური ნივთიერებების და პიროვნული თვისებების კომბინაცია.

სიმპტომები

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მრავალი სიმპტომი და ნიშანი იჩენს თავს, რომელიც გლოვის ნორმალურ მსვლელობას ახასიათებს. ნორმალური გლოვის დროს, სიმპტომები დროთა განმავლობაში იკლებს, ხოლო ემოციური აშლილობის დროს, პირიქით–იმატებს. გლოვის ემოციური აშლილობა ხანგრძლივი მდგომარეობაა.

გლოვის ემოციური აშლილობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ძლიერი სევდიანობა და ემოცია გარდაცვლილ ადამიანზე ფიქრის დროს
  • ადამიანი ვერ ახერხებს გარდაცვალების გარდა ვერაფერზე ფიქრს
  • ყურადღების გამახვილება გარდაცვლილი ადამიანის ნივთებზე ან პირიქით, მათი მოშორება
  • ხანგრძლივი და ინტენსიური ფიქრები გარდაცვლილ ადამიანზე
  • გარდაცვალების აღქმის უარყოფა
  • უიმედობა და გარიყვა
  • დანაკარგის მძიმე აღქმა
  • ფიქრები, რომ ცხოვრებას აზრი და მიზანი აღარ აქვს
  • გაღიზიანებადობა ან აჟიტირება
  • სხვების ნდობის უნარის დაკარგვა
  • ცხოვრების გაგრძელების უუნარობა



როდის მივმართოთ ექიმს

ესაუბრეთ ექიმს, თუ გარდაგეცვალათ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი და გაქვთ უიმედობის, სევდის ინტენსიური განცდები, რომლებიც არ გაძლევთ ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას დიდი ხნის მანძილზე.

განსაკუთრებით საჭიროა ექიმთან საუბარი, თუ დროთა განმავლობაში გაქვთ:

  • ყოველდღიური რუტინის შესრულების უუნარობა
  • სოციალური აქტივობებისგან თავის გარიყვა
  • დეპრესია, მძიმე სევდა
  • დანაშაულის გრძნობა
  • ფიქრები, რომ შეცდომა დაუშვით და სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
  • ცხოვრების აზრისა და მიზნის დაკარგვა
  • ცხოვრების გაგრძელების სურვილის დაკარგვა, იმ ადამიანის გარეშე
  • გარდაცვლილ ადამიანთან ერთად სიკვდილის სურვილი

თუ ფიქრობთ თვითმკვლელობაზე

ზოგჯერ, გლოვის ემოციური აშლილობის დროს, ადამიანები ფიქრობენ თვითმკვლელობაზეც. თუ გაქვთ ასეთი ფიქრები, აუცილებლად ესაუბრეთ ვინმეს, ვისაც ენდობით. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა თავს რამე დაუშავოთ, აუცილებლად დარეკეთ 112–ზე ან თვითმკვლელობის პრევენციის ცხელ ხაზებზე.