გულის ანგინა (სტენოკარდია – ნაკლები სისხლის მიწოდება გულისთვის)
დაავადების აღწერა
სტენოკარდია ნიშნავს გულის კუნთისათვის სისხლის მიწოდების შემცირებისას გამოვლენილ ტკივილს გულმკერდის არეში. სტენოკარდია კორონარული არტერიების დაავადების ნიშანია. ამ სიმპტომს ხშირად მოჭერითი ხასიათის, დაძაბულ შეგრძნებას ან ტკივილს უკავშირებენ.
სტენოკარდია შეიძლება იყოს განმეორებითი პრობლემა ან უცაბედი, მწვავე სიმპტომი.
სტენოკარდია საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ რთულია განვასხვავოთ გულმკერდის არეში ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებისგან, როგორიცაა მოუნელებლობის დისკომფორტი, კუჭის ტკივილი. თუ გაქვთ აუხსნელი ტკივილი გულმკერდის არეში, მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება.
გამომწვევი მიზეზი
სტენოკარდია გამოწვეულია გულის კუნთის სისხლით არასაკმარისად მომარაგების გამო. სისხლი ატარებს ჟანგბადს, რომელიც გულის კუნთს ჭირდება. როცა გული საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს, ვითარდება იშემიური მდგომარეობა.
იშემიის ძირითადი მიზეზი კორონარული არტერიების დაავადებაა. კორონარული არტერიები ვიწროვდება ფოლაქოვანი გროვების გამო. ამ პროცესს ათეროსკლეროზი ეწოდება.
სტენოკარდია სისხლის მომარაგების პრობლემაა, რადგან გულის კუნთი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს. შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ არ გვხვდება სტენოკარდიის სიმპტომები მუდმივად, თუ კორონარულ არტერიებში ფოლაქები და ოკლუზიაა. საქმე იმაშია, რომ მოსვენებით მდგომარეობაში გულს არ ჭირდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი, ამიტომ იგი ოკლუზირებულ არტერიებში გამავალი ცოტა სისხლითაც მუშაობს. როცა გაიზრდება მოთხოვნა ჟანგბადზე (ვარჯიშის დროს) გამოვლინდება სტენოკარდიული სიმპტომები.
- სტაბილური სტენოკარდია. სტაბილური სტენოკარდია გვხვდება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს. როცა ადიხართ კიბეზე, ვარჯიშობთ ან დადიხართ, გული მეტ ჟანგბადს მოიხმარს და რთულია იმუშაოს იმ პირობებში, როცა არტერიები შევიწროებულია. ფიზიკური დატვირთვის გარდა, სხვა ფაქტორებიც (როგორიცაა ემოციური სტრესი, სიცივე, გადაჭარბებული რაოდენობის საკვები, თამბაქო) იწვევენ სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომებს.
- არასტაბილური სტენოკარდია. თუ ცხიმოვანი გროვები (ფოლაქები) სისხლძარღვში გასკდა და წარმოიქმნა სისხლის კოლტი, შესაძლოა უცაბედად შეწყდეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს სისხლის დინება ამ არტერიაში, რაც სწრაფად აკლებს გულს ჟანგბადის მიწოდებას.
- არასტაბილური ანგინა მძიმდება და არ გაივლის მედიკამენტებითა და მოსვენებით. თუ სისხლმომარაგება არ აღდგა, გულის კუნთის ქსოვილი კვდება, ანუ ვითარდება ინფარქტი. არასტაბილური სტენოკარდია საშიშია და საჭიროებს სწრაფ სამედიცინო დახმარებას.
- ვარიანტული (ვაზოსპასტური) სტენოკარდია. ვარიანტული, იგივე პრინცმეტალის სტენოკარდია კორონარული არტერიის დროებითი სპაზმის (შევიწროების) შედეგია. შევიწროების გამო იკლებს სისხლის დინება გულში, რაც იწვევს სტენოკარდიულ ტკივილს. ვარიანტული სტენოკარდია შეიძლება მოსვენების დროსაც დაიწყოს და ხშირად მძიმეა. მისი მოხსნა შესაძლებელია მედიკამენტებით.
სიმპტომები
სტენოკარდიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში
- ტკივილი ხელებში, კისერში, ყბაში, მხარზე, ზურგზე რომელიც თან ახლავს გულმკერდის ტკივილს
- თავბრუსხვევა
- დაღლილობა
- სუნთქვის უკმარისობა
- ოფლიანობა
- თავბრუსხვევა
ტკივილი და დისკომფორტი ხშირად აღწერილია როგორც წნევის, მოჭერის ან სისავსის შეგრძნება გულმკერდის ცენტრალურ რეგიონში. ზოგიერთი პაციენტი სტენოკარდიას აღწერს, როგორც მძიმე წონის ნივთს, რომელიც გულმკერდზე დაადეს. ზოგი კი ტკივილს მოუნელებლობის ტკივილს ადარებს.
სტენოკარდიის სიმძიმე, ხანგრძლივობა და ტიპი განსხვავდება. მნიშვნელოვანია გავარჩიოთ, ახალი სიმპტომია თქვენთვის ეს თუ მანამდეც გქონდათ და გართულდა. ახალი ან შეცვლილი სიმპტომები მიანიშნებს მდგომარეობის დამძიმებაზე (არასტაბილური სტენოკარდია) ან ინფარქტზე.
სტენოკარდიის ყველაზე გავრცელებული ტიპი სტაბილური სტენოკარდიაა, რომელიც დატვირთვის დროს ვითარდება და მოსვენებისას ქრება. თუ დისკომფორტი თქვენთვის ახალი სიმპტომია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რათა დადგინდეს ზუსტი მიზეზი და დაინიშნოს მკურნალობა. თუ გაქვთ სტაბილური სტენოკარდია, რომელიც დამძიმდა ან შეიცვალა, მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება.
სტაბილური სტენოკარდია:
- ჩნდება, როცა გული დატვირთვით მუშაობს, მაგალითად ვარჯიშის ან კიბეზე ასვლის დროს
- შესაძლოა მისი პროგნოზირება და გავს მანამდე არსებულ ტკივილს
- გრძელდება ცოტა ხნით, დაახლოებით 5 წუთი ან ნაკლები
- ქრება თუ დაისვენებთ ან მიიღებთ მედიკამენტებს
არასტაბილური სტენოკარდია (მიიღეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება):
- იწყება მოსვენების დროსაც კი
- მანამდე არსებული სტენოკარდიის ცვლილებებს უკავშირდება
- ხდება უცაბედად, რთულია პროგნოზირება
- უფრო მძიმეა და გრძელდება მეტხანს, შესაძლოა 30წუთამდე
- შეიძლება არ გაქრეს მოსვენების ან მედიკამენტების მიღების შემდეგ
- შეიძლება იყოს ინფარქტის ნიშანი
სტენოკარდია ქალებში
ქალებში სტენოკარდიის სიმპტომები განსხვავდება კლასიკური ვარიანტისგან. მაგალითად, სტენოკარდიის დროს, ქალებს ხშირად აღენიშნებათ გულისრევა, სუნთქვის უკმარისობა, მუცლის ტკივილი ან დაღლილობა, რომელიც შეიძლება არც უკავშირდებოდეს ტკივილს გულმკერდის არეში. ამასთან, ქალს შეიძლება ჰქონდეს დისკომფორტის შეგრძნება კისერში, ყბაში, ზურგში ან ბასრი ტკივილი გულმკერდის არეში, განსხვავებით მოჭერითი ხასიათის ტკივილისაგან. ამ განსხვავებების გამო მკურნალობის დაწყება შეიძლება დაგვიანდეს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ტკივილი რამდენიმე წუთზე მეტს გრძელდება და არ გაივლის მოსვენების ან მედიკამენტების მიღების შემდეგ,ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ინფარქტზე. დარეკეთ 112ზე და დაელოდეთ სასწრაფოს, ეცადეთ არ მიხვიდეთ საავადმყოფოში თავად.