გულის დაავადებები

დაავადების აღწერა

ტერმინი გულის დაავადება მოიცავს მრავალ დაავადებას, რომელიც აზიანებს გულს. ეს დაავადებები მოიცავს სისხლძარღვების პათოლოგიებს, მაგალითად კორონარული არტერიების დაავადებას; გულის რითმის დარღვევებს (არითმიები), თანდაყოლილ დეფექტებს (გულის მანკები) და სხვა დაავადებებს.

გულის დაავადებებს აგრეთვე უწოდებენ კარდიოვასკულარულ დაავადებებს. კარდიოვასკულური დაავადებები ძირითადად მოიცავს დაავადებებს, რომლებიც ხასიათდებიან სისხლძაღვების შევიწროვებით ან დახშობით და იწვევენ გულის შეტევას, მკერდის ტკივილს (სტენოკარდია) და ინსულტს. სხვა გულის დაავადებები, მაგალითად გულის კუნთის, სარქვლების ან რითმის პათოლოგიები აგრეთვე მოიაზრება გულის დაავადებებში.

გულის დაავადებების ბევრი ფორმის თავიდან არიდება შეიძლება ცხოვრების ჯანსაღი წესით.

გამომწვევი მიზეზი

როგორ მუშაობს გული

გული არის ტუმბო. იგი არის მუშტის ზომის კუნთოვანი ორგანო, რომელიც მდებარეობს გულის ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ. გული დაყოფილია მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. დაყოფა ხელს უშლის ჟანგბადით მდიდარი და ღარიბი სისხლის შერევას. ჯანგბადით ღარიბი სისხლი ბრუნდება გულში სხეულში გავლის შემდეგ.

გულის მარჯვენა ნაწილი, რომელიც შედგება მარჯვენა წინაგულისგან და პარკუჭისგან, სისხლს ისვრის ფილტვებში ფილტვის არტერიის გავლით.

ფილტვებში ხდება სისხლის ჟანგბადით გამდიდრება. ფილტვებიდან აგრეთვე გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რომელიც არის ნარჩენი პროდუქტი.

ჟანგბადით მდიდარი სისხლი შემდეგ ჩადის გულის მარცხენა ნაწილში, რომელიც შედგება მარცხენა წინაგულისგან და პარკუჭისგან.

გულის მარცხენა ნაწილი ისვრის სისხლს აორტაში, საიდანაც იგი მიეწოდება სხეულის ყველა ნაწილს.

გულის სარქვლების დაზიანებით გამოწვეული სიმპტომები

გულს აქვს ოთხი სარქველი, რომელიც მას ეხმარება სისხლის სწორ დროს და სწორი მიმართულებით გადასროლაში. თავისი საქმის სწორად შესასრულებლად აუცილებელია სარქველი სწორად იყოს ფორმირებული, იღებოდეს მთლიანად და იხურებოდეს მჭიდროდ. გულის სარქვლებია:

  • სამკარიანი
  • მიტრალური
  • ფილტვის არტერიის
  • აორტის



გულისცემა

გული გაუჩერებლად იკუმშება და დუნდება.

შეკუმშვის (სისტოლა) დროს, პარკუჭი იკუმშება, რაც განაპირობებს სისხლის დინებას ფილტვებისკენ და სხეულისკენ.

მოდუნების (დიასტოლა) დროს, პარკუჭები ივსება წინაგულებიდან მომავალი სისხლით.

ელექტრული სისტემა

ელექტური სისტემა აკონტროლებს გულისცემას, რაც განაპირობებს ორგანიზმისთვის ჟანგბადიტ მდიდარი სისხლის მიწოდებას.

ელექტრული იმპულსები წარმოიქმნება მარჯვენა წინაგულში და სპეციალური გამტარი გზების გავლით მიდის პარკუჭებში, სადაც აძლევს მათ შეკუმშვის სიგნალს.

გულის გამტარი გზის დამსახურებით გული იკუმშება რითმულად, რაც ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას.

გულის დაავადების სხვადასხვა გამომწვევები

გულის დაავადებების გამომწვევი დამოკიდებულია გულის დაავადების ფორმაზე.

კარდიოვასკულური დაავადების გამომწვევები

ტერმინი კარდიოვასკულური დაავადება ხშირად გულისხმობს გულისა და სისხლძარღვების ათეროსკლეროზულ დაზიანებას. ამ დროს არტერიებში გროვდება ცხიმოვანი ფოლაქები, რომლებიც ზომაში იზრდება და აუხეშებს არტერიის კედელს. ესხელს უშლის არტერიების გავლით ორგანოებისთვის და ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდებას.

ათეროსკლეროზი კარდიოვასკულური დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია. იგი შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღმა კვებამ, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობამ, ჭარბმა წონამ და მწეველობამ.

გულის არითმიის მიზეზები

გულის არითმიის ხშირი მიზეზებია:

  • გულის თანდაყოლილი მანკები
  • კორონარული არტერიების დაავადება
  • სისხლის მაღალი წნევა
  • დიაბეტი
  • მოწევა
  • ალკოჰოლის და კოფეინის ჭარბი მიღება
  • ნარკომანია
  • სტრესი
  • ზოგიერთი მედიკამენტი, კვებითი დანამატი და მცენარეული საშუალება
  • გულის სარქვლოვანი დაავადება



ჯანმრთელ ადამიანში ნაკლებად სავარაუდოა სასიკვდლო არითმიის გარეფაქტორის, მაგალითად დენის დარტყმის ან ნარკოტიკების გამოყენების გარეშე განვითარება. ეს არის იმიტომ, რომ ჯანმრთელ გულში არ არის არითმიის გამომწვევი მიზეზი, მაგალითად ნაწიბუროვანი ქსოვიი.

დაზიანებულ ან დეფორმირებულ გულში ელექტრული იმპულსები შეიძლება პათოლოგიურად წარმოიქმნას ან გავრცელდეს, რაც გაზრდის არითმიების რისკს.

გულის თანდაყოლილი მანკების მიზეზები

  • გულის დეფექტები ძირითადად ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში. გულის დეფექტები შეიძლება წარმოიქმნას გულის წარმოქმნისას, ჩასახვიდან ერთ თვეში, და შეცვალოს სისხლის მიმოქცევა გულში. ზოგიერთ დაავადებას, მედიკამენტს და გენს აგრეთვე შეუძლია გულის მანკის გამოწვევა.
  • გულის მანკები აგრეთვე ვითარდება ზრდასრულებში. ასაკის მატებასთან ერთად, გულის სტრუქტურა იცვლება, რამაც შეიძლება გულის მანკი გამოიწვიოს.



კარდიომიოპათიის მიზეზები

კარდიომიოპათია არის გულის კუნთის გასქელება და გამკვრივება. მისი სიმპტომები დამოკიდებულია ფორმაზე:

  • დილატაციური კარდიომიოპათია. ამ კარდიომიოპათიის მიზეზი ხშირად უცნობია. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს გულში სისხლის მიწოდების შემცირებით (გულის იშემიური დაავადება), ინფექციით, ტოქსინებით ან ზოგიერთი მედიკამენტით. იგი აგრეთვე შეიძლება თანდაყოლილი იყოს მშობლისგან. ამ დროს ძირითადად ფართოვდება (დილატირდება) მარცხენა პარკუჭი.
  • ჰიპერტროფული კარდიომიოპათია. ეს ფორმა, რომელიც ხასიათდება გულის კუნთის პათოლოგიური გასქელებით, ხშირად თანდაყოლილია. იგი აგრეთვე შეიძლება დროთა განმავლობაში განვითარდეს მაღალი წნევის ან ასაკის გამო.
  • რესტრიქციული კარდიომიოპათია. ეს არის კარდიომიოპათიის ყველაზე იშვიათი ფორმა, რომელიც იწვევს გულის კუნთის გამტკიცებას და ელასტიურობის შემცირებას. მისი განვითარების მიზეზი ან უცნობია, ან იგი შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებებით, მაგალითად შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიებით, ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვებით (ჰემოქრომატოზი) ან კიბოს მკურნალობით, მათ შორის ქიმიოთერაპიით და რადიაციით.



გულის ინფექციის მიზეზები

გულის ინფექციები, მაგალითად პერიკარდიტი, ენდოკარდიტი და მიოკარდიტი, ვითარდება, როდესაც ბაქტერია, ვირუსი, ქიმიური ნაერთი ან სხვა გამაღიზიანებელი შეიჭრება გულის კუნთში. გულის ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევებია:

  • ბაქტერიები
  • ვირუსები
  • პარაზიტები



გულის სარქვლოვანი დაავადების მიზეზები

ბევრ დაავადებას შეუძია გამოიწვიოს გულის სარქვლოვანი დაავადება.თქვენ შეიძლება დაიბადოთ სარქვლოვანი დაავადებით ან იგი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მდგომარეობებმა:

  • რევმატოიდული ცხელება
  • ინფექციები (ინფექციური ენდოკარდიტი)
  • შემართებელი ქსოვილის დაზიანებები

სიმპტომები

გულის დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია გულის დაავადების ფორმაზე.

სისხლძარღვების დაავადების სიმპტომები (ათეროსკლეროზული დაავადება)

კარდიოვასკულური დაავადება გამოწვეულია სისხლძარღვების შევიწროვებით, დახშობით ან გამკვრივებით, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა უმცირდება გულს, ტვინს და სხეულის სხვა ნაწილებს. კარდიოვასკულური დაავადებების სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ქალებში და კაცებში. კაცებში უფრო ხშირია გულმკერდის ტკივილი, ქალებში კი სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა და ძლიერი სისუსტე.

სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • მკერდის ტკივილი (სტენოკარდია)
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, სისუსტე ან სიცივე ხელებში ან ფეხებში იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ამ ნაწილებში სისხლძარღვები შევიწროვდა.
  • კისრის, ყბის, ყელის, მუცლის ზედა ნაწილის ან ზურგის ტკივილი



თქვენ შეიძლება არ გქონდეთ კარდიოვასკულური დაავადების დიაგნოზი დასმული მანამ, სანამ არ გექნებათ გულის შეტევა, სტენოკარდია, ინსულტი ან გულის უკმარისობა. მნიშვნელოვანია დააკვირდეთ კარდიოვასკულურ სიმპტომებს. კარდიოვასკულური დაავადებების ადრეული აღმოჩენა ხშირად შესაძლებელია რეგულარული გამოკვლევების შემთხვევაში.

გულის არითმიით გამოწვეული სიმპტომები

გულის არითმია არის გულისცემის დარღვევა. გულისცემა შეიძლება იყოს აჩქარებული, შენელებული ან არარეგულარული. გულის არითმიის სიმპტომებია:

  • გულის ფრიალი
  • გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
  • გულისცემის შენელება (ბრადიკარდია)
  • მკერდის ტკივილი ან დისკომფორტი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • თავბრუსხვვა
  • გულის წასვლა ან თითქმის გულის წასვლა



გულის მანკებით გამოწვეული სიმპტომები

გულის სერიოზული თანდაყოლილი მანკები ხშირად დაბადებისთანავე ვლინდება. გულის მანკების სიმპტომები ბავშვებში არის:

  • ფერმკრთალი ან ლურჯი კანი (ციანოზი)
  • ფეხების, მუცლის და თვალების გარშემო არის შეშუპება
  • ჩვილებში, სუნთქვის უკმარისობა ჭამის დროს, რაც იწვევს წონაში კლების შემცირებას



უფრო ნაკლებად მძიმე მანკები არ ვლინდება მოგვიანებით ასაკამდე. სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში გულის მანკების ნიშნები და სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა ვარჯიშის დაწყებიდან მალევე
  • ადვილად დაღლა ვარჯიშის დროს
  • ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება



გულის კუნთის სისუსტით გამოწვეული სიმპტომები

კარდიომიოპათია არის გულის კუნთის გასქელება და გამკვრივება. ადრეულ ეტაპებზე შეიძლება სიმპტომები არ ვლინდებოდეს. მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, შეიძლება გაჩნდეს შემდეგ სიმპტომები:

  • სუნთქვის უკმარისობა დატვირთვისას ან მოსვენებისას
  • ფეხების, კოჭების და ტერფების შეშუპება
  • ზოგადი სისუსტე
  • არარეგულარული გულისცემა, რომელიც სწრაფი, ძლიერი და ფრიალაა
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა



გულის ინფექციებით გამოწვეული სიმპტომები

არსებობს გულის ინფექციის სამი ტიპი:

  • პერიკარდიტი, რომელიც აზიანებს გულის გარშემო არსებულ ქსოვილს (პერიკარდიუმს)
  • მიოკარდიტი, რომელიც აზიანებს გულის კედლის შუა, კუნთოვან შრეს (მიოკარდიუმს)
  • ენდოკარდიტი, რომელიც აზიანებს კამერებისა და სარქვლების განმაცალკევებელ გარსს (ენდოკარდიუმს)



გულის ინფექციის სიმპტომები მცირედ განსხვავებულია თითოეული ინფექციის დროს. ეს სიმპტომებია:

  • ტემპერატურის მომატება
  • სუნთქვის უკარისობა
  • ზოგადი სისუსტე ან დაღლილობა
  • შეშუპება ფეხების და მუცლის არეში
  • გულის რითმის ცვლილებები
  • მშრალი ან ხანგრძლივი ხველა
  • კანზე გამონაყარი ან უჩვეულო ლაქები



გულის სარქვლების დაზიანებით გამოწვეული სიმპტომები

გულს აქვს ოთხი სარქველი (აორტის, მიტრალური, ფილტვის არტერიის და სამკარიანი) რომლებიც იღებიან და იკეტებიან სისხლის მოძრაობის დროს. სარქვლები მრავალი დაავადების დროს შეიძლება დაზიანდეს, რაც გამოიწვევს შევიწროვებას (სტენოზი), გამოპარვას (რეგურგიტაცია ან უკმარისობა) ან არასათანადო დახურვას (პროლაფსი).

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სარქველია დაზიანებული. ხშირად გვხვდება შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • არარეგულარული გულისცემა, რომელიც სწრაფი, ძლიერი და ფრიალაა
  • კოჭების და ტერფების შეშუპება
  • გულმკერდის ტკივილი
  • გულის წასვლა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის დაავადების შემდეგი სიმპტომები:

  • გულმკერდის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულის წასვლა



გულის დაავადებების მკურნალობა გაცილებით იოლია ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისას, ამიტომ უთხარით ექიმს ნებისმიერი გულთან დაკავშირებული ჩივილის შესახებ. ექიმი გირჩევთ, თუ როგორ შეიმციროთ გულის დაავადების განვითარების რისკი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენს ოჯახში გავრცელებულია გულის დაავადებები.

თუ გგონიათ, რომ გაქვთ გულის დაავადება, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი.