გულის რითმის პრობლემები

დაავადების აღწერა

გულის რითმის პრობლემები ვითარდება, როდესაც გულისცემის მაკონტროლებელი ელექტრული იმპულსები სათანადად არმუშაობებ, რაც იცვევს სწრაფ, ნელ ან არარეგულარულ გულისცემას.

გულის არითმიები შეიძლება გულის ფრიალს ან გულისცემის აჩქარებას ჰგავდეს და უვნებელი იყოს. ზოგიერთი არითმია პრობლემას წარმოადგენს და შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ნიშნები და სიმპტომები.

გულის არითმიის საწინააღმდეგო მკურნალობის დახმარებით შეიძლება არითმიების მართვა და გაქრობა. იქიდან გამომდინარე, რომ გულის არითმიების დროს მდგომარეობას აუარესებს სუსტი ან დაზიანებული გული, არითმიის რისკის შემცირება შეგიძლიათ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

გამომწვევი მიზეზი

ბევრ რამეს შეუძლია არითმიის გამოწვევა. მათ შორისაა:

  • გულის შეტევა
  • გადატანილი გულის შეტევით გამოწვეული გულის დაზიანება
  • გულის სტრუქტურის ცვლილება, მაგალითად კარდიომიოპათიის დროს
  • დახშობილი არტერიები გულში (კორონარული არტერიული დაავადება)
  • სისხლის მაღალი წნევა
  • დიაბეტი
  • ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთიროიდიზმი)
  • ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთიროიდიზმი)
  • მოწევა
  • ჭარბი კოფეინის ან ალკოჰოლის მიღება
  • ნარკომანია
  • სტრესი
  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • ზოგიერთი საკვები დანამატი ან მცენარეული საშუალება
  • ელექტრული შოკი
  • ჰაერის დაბინძურება



რა არის ნორმალური გულისცემა?

ჩვენი გული ოთხი ღრუსაგან შედგება. გულის ორივე ნახევარში არის ორი ღრუ – წინაგული და პარკუჭი. გულის შეკუმშვისას ჯერ ორივე წინაგული იკუმშება და სისხლს მოდუნებულ პარკუჭში გადაისვრის. ეს შეკუმშვა მაშინ იწყება, როცა სინუსის კვანძში – ასე უწოდებენ მარჯვენა პარკუჭში არსებულ უჯრედთა ჯგუფს – წარმოქმნილი ელექტრული იმპულსი წინაგულებისკენ ვრცელდება.

სინუსური კვანძიდან ელექტრული იმპულსები ვრცელდება წინაგულების კუნთებში და იწვევს მათ შეკუმშვას, რის შედეგადაც სისხლი გადადის პარკუჭებში.
ამის შემდეგ იმპულსი მიემართება ატრიოვენტრიკულური (წინაგულ-პარკუჭოვანი) კვანძისაკენ, რომელიც წინაგულსა და პარკუჭს შორის მდებარეობს, მერე კი პარკუჭებისკენ ვრცელდება.

ატრიოვენტრიკულური კვანძი ანელებს სიგნალის გადაცემას. ეს მცირეხნიანი შეყოვნება ხელს უწყობს პარკუჭების სისხლით ავსებას. როდესაც ელექტრული იმპულსი პარკუჭების კუნთებში მივა, ისინი იკუმშებიან, რაც იწვევს სისხლის გადასროლას ფილტვებში ან სხეულის სხვა ნაწილებში.

ჯანმრთელ გულში ეს პროცესი ავტომატურად, შეუმჩნევლად, რეგულარულად მიმდინარეობს და გულის ნორმალურ შეკუმშვას იწვევს. მისი სიხშირე წუთში 60-დან 100-მდეა. კარგად ნავარჯიშებ ადამიანებს (სპორტსმენებს, ათლეტებს) პულსი 60-ზე ნაკლები აქვთ. ეს ნორმალური მოვლენაა.

არითმიის ტიპები

არითმიების კლასიფიკაცია არა მხოლოდ მათ აღმოცენების ადგილს, არამედ მათ დროს განვითარებულ გულისცემის სისწრაფესაც ეფუძნება.

  • ტაქიკარდია – აჩქარებული გულისცემა. მოსვენებისას გულისცემის სიხშირე წუთში 100-ზე მეტია;
  • ბრადიკარდია – შენელებული გულისცემა. მოსვენებისას გულისცემის სიხშირე 60-ზე ნაკლებია.



ყველა ტაქტიკარდია და ბრადიკარდია არ არის გულის დაავადებაზე მიმანიშნებელი. ტაქიკარდია ხშირია ვარჯიშის დროს, როდესაც ქსოვილებს მეტი ჟანგბადი სჭირდებათ, ხოლო ბრადიკარდია ხშირია ძილის და მოსვენების დროს.

წინაგულოვანი ტაქიკარდიები.

წინაგულოვან ტაქიკარდიებს მიეკუთვნება:

  • წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), წინაგულების ფიბრილაცია არის ქაოტური ელექტრული იმპულსების მიერ გამოწვეული გულისცემის აჩქარება. ეს სიგნალები იწვევენ წინაგულების სწრაფ, არათანაბარ და სუსტ შეკუმშვებს.

    ქაოტური ელექტრული სიგნალები გადატვირთავენ ატრიოვენტრიკულურ კვანძს, რაც იწვევს პარკუჭების არარეგულარულ, სწრაფ რითმს. წინაგულების ფიბრილაცია ხშირად დროებითია, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი მკურნალობის გარეშე არ შეწყდება.
    წინაგულების ფიბრილაციამ შეიძლება სერიოზული გართულებები, მათ შორის ინსულტი გამოიწვიოს.

  • წინაგულების თრთოლვა. წინაგულების თრთოლვა ჰგავს წინაგულების ფიბრილაციას, თუმცა ამ დროს გულისცემა უფრო ორგანიზებული და რითმულია, ვიდრე ფიბრილაციის დროს. წინაგულების თრთოლვას აგრეთვე შეუძლია სერიოზული გართულებების, მათ შორის ინსულტის გამოწვევა.
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია ფართო ტერმინია, რომელიც მოიცავს ტაქიკარდიებს, რომლებიც წარმოიქმნებიან პარკუჭის ზემოთ, წინაგულებში ან სინუსურ კვანძში.
  • ვოლფ-პარკინსონ-ვაითის სინდრომი. ეს არის სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ტიპი, რომელიც გამოწვეულია გულში თანდაყოლილი დამატებითი ელექტრული გამტარი გზის არსებობით. სიმპტომები შეიძლება ზრდასრულობამდე არ გამოვლინდეს. ამ გამტარი გზით ელექტრული იმპულსები უფრო სწრაფად გადაეცემა წინაგულებიდან პარკუჭებს, რადგან ამ დროს სიგნალები გვერდს უვლის ატრიოვენტრიკულურ კვანძს. ამის შედეგად ვითარდება ტაქიკარდია.



პარკუჭოვანი ტაქიკარდიები.

პარკუჭოვან ტაქიკარდიებს მიეკუთვნება:

  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია. პარკუჭოვანი ტაქიკარდია არის სწრაფი, რეგულარული გულისცემა, რომელიც წარმოიქმნება პარკუჭებში არსებული პათოლოგიური კერებისგან. ტაქიკარდიის გამო პარკუჭები სათანადოდ ვერ ივსება და საკმარისი რაოდენობის სისხლი არ გადაისროლება ორგანიზმში. პარკუჭოვანი ტაქიკარდია ხშირად გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს, რომლის გარეშეც იგი შეიძლება გართულდეს პარკუჭების ფიბრილაციაში.
  • პარკუჭების ფიბრილაცია. პარკუჭების ფიბრილაცია ვითარდება, როდესაც სწრაფი, ქაოტური იმპულსების გამო პარკუჭები სისხლის გადასროლის ნაცვლად ფრიალებენ. რამდენიმე წუთში ნორმალური რითმის აღდგენის გარეშე ეს დაავადება იწვევს სიკვდილს.

    ადამიანთა უმეტესობას, ვისაც აქვს პარკუჭების ფიბრილაცია, აქვს გულის სხვა დაავადება ან გადატანილი აქვთ სერიოზული ტრავმა, მაგალითად ელვის დარტყმა.

  • გახანგრძლივებული QT სინდრომი. გახანგრძლივებული QT სინდრომი არის გულის პათოლოგია, რომელიც ზრდის სწრაფი, ქაოტური გულისცემის რისკს. გულის ელექტრული ცვლილებების გამო განვითარებულ სწრად გულისცემას შეუძლია გამოიწვიოს გონების დაკარგვა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. ზოგ შემთხვევაში გულისცემა იმდენად მერყევია, რომ უეცარი სიკვდილს იწვევს.



თქვენ შეიძლება დაიბადოთ გენეტიკური მუტაციით, რომელიც განაპირობებს გახანგრძლივებული QT ინტერვალის გაზრდილ რისკს. მრავალი მედიკამენტი და ზოგიერთი გულის თანდაყოლილი დეფექტი აგრეთვე იწვევს ამ სინდრომს.

ბრადიკარდია – შენელებული გულისცემა

ბრადიკარდია არის მოსვენების დროს გულის ცემის შემცირება წუთში 60ზე მეტად., თუმცა ეს ყოველთვის არ არის პათოლოგია. თუ თქვენ ფიზიკურ ფორმაში ხართ, თქვენი გულს შეიძლება ყოფნიდეს წუთში 60 დარტყმა სისხლის სათანადო დონის გადასასროლად. ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად წნევის საწინააღმდეგო წამლები, აგრეთვე ამცირებენ გულისცემას. თუ თქვენ გაქვთ შენელებული გულისცემა და თქვენი გული ვერ ტუმბავს სათანადო რაოდენობის სისხლს, თქვენ შეიძლება გქონდეთ ერთერთი ბრადიკარდია. ესენია:

  • დასუსტებული სინუსის კვანძის სინდრომი. თუ თქვენი სინუსის კვანძი, რომელიც განაგებს გულის რიტმს, არ აგზავნის სრულყოფილ სიგნალებს, თქვენი გულისცემა შეიძლება შენელდეს ან აჩქარდეს ხანგამოშვებითი შენელებებით. დასუსტებული სინუსის კვანძის სინდრომი აგრეთვე შეუძლება გამოიწვიოს სინუსის კვანძთან ახლოს გულის ქსოვილის დაზიანებამ, რაც ამცირებს იმპულსების გამტაროს.
  • გამტარობის ბლოკადა. გულის ელექტრული გამტარი გზების ბლოკადა შეიძლება განვითარდეს ატრივენტრიკულურ კვანძში ან მის ახლოს. ატრიოვენტრიკულური კვანძი წინაგულსა და პარკუჭს შორის მდებარეობს. ბლოკადა შეიძლება აგრეთვე პარკუჭებისკენ მიმავალ გზაზე განვითარდეს.



ბლოკადის ადგილმდებარეობისა და ტიპის მიხედვით, გულის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის იმპულსის გატარება შეიძლება შენელდეს ან დაბლოკირდეს. თუ სიგნალი სურლად დაბლოკილია, ატრიოვენტრიკულურ კვანძი ზოგიერთ უჯრედს შეუძლია თანაბარი, თუმცა უფრო ნელი გულისცემის წარმოქმნა. ზოგიერთ ბლოკადას შეიძლება არ ჰქონდეს სიმპტომები სხვებმა კი შეიძლება პულსის ამოვარდნა და ბრადიკარდია გამოიწვიოს. გულისცემის შენელებას და გამტარობის ბლოკადას შეუძლია სისუსტის, თავბრუსხვევის და გულის წასვლის გამოწვევა.

გულის ნაადრევი შეკუმშვა

იგი ხშირად ჰგავს პულსის ამოვარდნას, თუმცა გულის ნაადრევი შეკუმშვა სინამდვილეში ზედმეტი შეკუმშვაა (ექსტრასისტოლა). თქვენ შეიძლება ხანგამოშვებით გქონდეთ ექსტრასისტოლა, მაგრამ ეს არ არის ნერვიულობის მიზეზი. ზოგ ადამიანში, განსაკუთრებით გულის დაავადებიანებში, ექსტრასისტოლას შეუძლია ხანგრძლივი არითმიის გამოწვევა.

ექსტრასისტოლებს ხშირად იწვევს სტიმულანტები, როგორებიცაა ყავა, ჩაი და გაზიანი სასმელი; გაციების საწინააღმდეგო წამლები, რომლებიც შეიცავენ ფსევდოეფედრინს; ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები.

სიმპტომები

არითმიამ შეიძლება არ გამოიწვიოს ნიშნები და სიმპტომები. თქვენმა ექიმმა შეიძლება არითმია პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს აღმოაჩინოს. ნიშნების და სიმპტომების არსებობა არ მიუთითებს სერიოზულ პრობლემაზე.

არითმიის დროს შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • გულის ფრიალი
  • გულისცემის აჩქარება
  • გულისცემის შენელება
  • გულმკერდის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • თავბრუსხვევა
  • გულისწასვლა (სინკოპე) ან თითქმის გულის წასვლა



როდის მივმართოთ ექიმს

არითმიებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაადრევი ან ზედმეტი გულისცემები და გულისცემის აჩქარება ან შენელება. სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს სწრაფი ან ნელი გულისცემის გამო სისხლის გადასროლის უნარის დაქვეითებასთან. ესენია სუნთქვის უკმარისობა ან მსტვინავი სუნთქვა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან მისი შეგრძნება და გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი. სასწრაფოდ მოითხოვეთ დახმარება თუ უჩვეულო დროს გაგიჩნდებათ ეს რომელიმე სიმპტომი.

პარკუჭების ფიბრილაცია არის არითმიის ფორმა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. იგი ვითარდება, როდესაც გული იკუმშება სწრაფი, გაფანტული იმპულსებით. ეს იწვევს პარკუჭების კანკალს სისხლის გადასროლის ნაცვლად. ეფექტური გულისცემის გარეშე სისხლის წნევა ეცემა, რაც უწყვიტავს სისხლმომარაგებას მნიშვნელოვან ორგანოებს. პარკუჭების ფიბრილაციის დროს ადამიანი რამდენიმე წამში დაეცემა და მალე შეუჩერდება სუნთქვა და პულსი. თუ ეს მოხდება, მიმართეთ შემდეგ ნაბიჯებს:

  • დარეკეთ სასწრაფოში.
  • თუ გარშემო არავინ არ არის, ვისაც გავლილი აქვს კარდიოპულმონარული რეანიმაციის ტრენინგი, გააკეთეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი ხელებით. შეუწყვეტლივ დააწექით გულმკერდს წუთში დაახლოებით 100ჯერ სანამ სასწრაფო დახმარება მოვა. დაწოლის დროს დააწექით ძლიერად და სწრაფად გულმკერდის ცენტრში. თქვენ არ გჭირდებათ ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.
  • თუ თქვენ ან თქვენს გარშემო ვინმემ იცით კარდიოპულმონარული რეანიმაცია, დაიწყეთ მისი კეთება, რათა დეფიბრილაციამდე შეუნარჩუნოთ ორგანოებს სისხლმომარაგება.
  • იკითხეთ ახლომახლო სადმე ხომ არ არის ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ეს ხელსაწყოები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტრულ შოკს, რაც ხელს უწყობს გულის რითმების ნორმაში ჩადგომას, უფრო და უფრო ბევრ ადგილას გვხვდება, მაგალითად აეროპორტებში, პოლიციის მანქანებში და ა.შ. მისი ყიდვა სახლისთვისაც შეიძლება. ტრენინგი არ გჭირდებათ, ეს დეფიბრილატორი გეტყვით თუ როდის რა გააკეთოთ. იგი დაპროგრამირებულია, რომ შოკი მხოლოდ საჭირო დროს წარმოქმნას.