გულის შეტევა – ინფარქტი

დაავადების აღწერა

გულის შეტევა ვითარდება როდესაც გულს უწყდება სისხლის მიწოდება, ყველაზე ხშირად ცხიმის, ქოლესტეროლის და სხვა ნივთიერებების დაგროვების გამო, რომლებიც ქმნიან ფოლაქს გულის მკვებავ არტერიებში (კორონარულ არტერიებში). სისხლის მიმოქცევის შეწყვეტას შეუძლია დააზიანოს ან გაანადგუროს გულის კუნთის ნაწილი.

გულის შეტევა, აგრეთვე ცნობილი როგორც მიოკარდიუმის ინფარქტი, შეიძლება ფატალური იყოს, თუმცა მისი მკურნალობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. აუცილებელია სასწრაფოში დარეკვა თუ გგონიათ, რომ შეიძლება გულის შეტევა გქონდეთ.

გამომწვევი მიზეზი

გულის შეტევა ვითარდება ერთი ან მეტი კორონარული არტერიის დახშობის შედეგად. დროთა განმავლობაში, არტერია შეიძლება შევიწროვდეს რიგი ნაერთების, მათ შორის ქოლესტეროლის დაგროვების შედეგად (ათეროსკლეროზი). ეს პათოლოგია, სახელად კორონარული არტერიული დაავადება, იწვევს გულის შეტევების უმეტესობას.

გულის შეტევის დროს, ამ ფოლაქებიდან ერთერთი შეიძლება გასკდეს და გამოანთავისუფლოს სისხლში ქოლესტეროლი და სხვა ნაერთები. გასკდომის ადგილას თრომბის ფორმირება იწყება. თუ თრომბი ზომაში დიდი იქნება, მან შეიძლება სრულად დაახშოს კორონარული არტერია.

გულის შეტევის კიდევ ერთი მიზეზია კორონარული არტერიის სპაზმი, რომელიც უწყვიტავს სისხლით მომარაგებას გულის კუნთის ნაწილს. თამბაქოს და არალეგალური ნარკოტიკების, მაგალითად კოკაინის გამოყენებას შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში სპაზმის გამოწვევა. გულის შეტევა აგრეთვე ვითარდება გულის არტერიის გაგლეჯვის შედეგად (სპონტანური კორონარული არტერიის დისსექცია).

სიმპტომები

გულის შეტევის ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • სიმძიმე, დაძაბულობა, ტკივილი ან მოჭერითი ან მტკივნეული შეგრძნება გულმკერდში ან მხრებში, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს კისერში, ყბაში და ზურგში
  • გულისრევა, აშლილობა, გულძმარვა ან მუცლის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ცივი ოფლი
  • დაღლილობა
  • გულის წასვლის შეგრძნება და უეცარი თავბრუსხვევა



გულის შეტევის სიმპტომები ცვალებადია

ყველა ადამიანში, რომლებსაც გულის შეტევა აქვთ, არ ვხვდებით ერთი და იგივე სიმპტომებს და სიმპტომების სიმძიმეს. ზოგ ადამიანს აქვს სუსტი ტკივილი. სხვებს უფრო ძლიერი ტკივილი აქვთ. ზოგ ადამიანს სიმპტომები საერთოდ არ აქვს, ხოლო სხვას შეიძლება პირველი სიმპტომი გულის უეცარი გაჩერება ჰქონდეს. რაც უფრო მეტი ნიშანი და სიმპტომი გაქვთ, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ გულის შეტევა გაქვთ.

ზოგი გულის შეტევა უეცრად ვითარდება, თუმცა ბევრ ადამიანს გამაფრთხილებელი სიმპტომები აქვს საათებით, დღეებით და კვირეებით ადრე. ყველაზე ადრეული გაფრთხილება შეიძლება იყოს განმეორებითი გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია), რომელიც ჩნდება ვარჯიშის დროს და ქრება დასვენებისას. სტენოკარდიას იწვევს გულისთვის სისხლის მიწოდების დროებითი შემცირება.

გულის შეტევა განსხვავდება სხვა მდგომარეობისგან, რომლის დროსაც გული უეცრად ჩერდება (უეცარი გულის გაჩერება, რომელიც ხდება, როდესაც ელექტრული დარღვევები ხელს უშლის გულის შეკუმშვას და იწვევს სისხლის დინების შეჩერებას სხეულის დარჩენილ ნაწილში). გულის შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, თუმცა მას სხვა გამომწვევი მიზეზებიც აქვს.

როდის მივმართოთ ექიმს

იმოქმედეთ სწრაფად. ზოგი ადამიანი ზედმეტად იცდის რადგან ისინი ვერ ცნობენ მნიშვნელოვან სიმპტომებს და ნიშნებს. მიიღეთ შემდეგი ზომები:

  • დარეკეთ სასწრაფოში. თუ ეჭვი გაქვთ, რომ გულის შეტევა გაქვთ, არ იყოყმანოთ. სასწრაფოდ დარეკეთ სასწრაფოში. თუ სასწრაფო დახმარების სერვისს ვერ უკავშირდებით, სთხოვეთ ვინმეს მიგიყვანოთ უახლოეს საავადმყოფოში.
  • დაჯექით საჭესთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არაა. თქვენი მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, ამიტომ საჭესთან ჯდომა საფრთხეს შეგიქმნით თქვენც და სხვებსაც.
  • მიიღე ნიტროგლიცერინი, თუ იგი ექიმს გამოწერილი აქვს. მიიღეთ იგი სანამ ელოდებით სასწრაფოს.
  • რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ ასპირინი. გულის შეტევის დროს ასპირინის მიღებას შეუძლია შეამციროს გულის დაზიანება სისხლის შედედების შემცირების გზით.
  • ასპირინმა შეიძლება იმოქმედოს სხვა მედიკამენტებთან, ამიტომ არ მიიღოთ იგი ექიმის ან სასწრაფოს ბრიგადის რეკომენდაციის გარეშე. არ მიიღოთ ასპირინი სასწრაფოში დარეკვამდე. პირველი, რასაც აკეთებთ, არის სასწრაფოში დარეკვა.



რა გავაკეთოთ, თუ ვხედავთ, რომ ვინმეს გულის შეტევა აქვს

თუ დაინახავთ ვინმეს, ვინც უგონოდაა, იმწამსვე დარეკეთ სასწრაფოში. შემდეგ დაიწყეთ პირველადი დახმარების ჩატარება. დააჭიროთ ადამიანს გულმკერდზე ძლიერად და სწრაფად – დაახლოებით 100ჯერ წუთში. თუ პირველადი დახმარების ტრენინგი არ გაქვთ ჩატარებული, არ არის აუცილებელი სასუნთქი გზების შემოწმება და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.