გულის შუილები

დაავადების აღწერა

გულის შუილი არის შეკუმშვათა ციკლის დროს რომელიმე მონაკვეთში წარმოქმნილი ხმა. შუილი წარმოიქმნება სისხლის ტურბულენტული დინების გამო, გულში, ან გულთან ახლოს. შუილის მოსმენა შესაძლებელია სტეტოსკოპით. ნორმალური გულისცემის დროს, გამოიცემა ორი ხმა, რაც ასახავს გულის შიდა სარქველების დახურვას.

გულის შუილი შესაძლოა შეგვხვდეს დაბადებიდან (თანდაყოლილი) ან განვითარდეს მოგვიანებით. შუილი არ არის დაავადება, მაგრამ შესაძლოა იყოს გულის პრობლემის სიმპტომი.

ხშირად, გულის შუილი უვნებელია და მკურნალობას არ საჭიროებს. ზოგიერთი ტიპის შუილს სჭირდება გარკვეული გამოკვლევები, რათა დადგინდეს, რისი ნიშანია ეს სიმპტომი. მკურნალობა, თუ საჭიროა, მიმართულია გულის დაავადების, შუილის გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად.

გამომწვევი მიზეზი

არსებობს ორი ტიპის შუილი: უვნებელი შუილი და პათოლოგიური შუილი. უვნებელი შუილის მატარებელ ადამიანს ნორმალური გული აქვს. ამ ტიპის შუილი ხშირია ახალშობილებსა და ბავშვებში.

პათოლოგიური შუილი ბავშვებში რაიმე პრობლემის მანიშნებელია, ძირითადად გულის თანდაყოლილი დაავადებების დროს. მოზრდილებში, პათოლოგიურ შუილს ყველაზე ხშირად გულის სარქვლოვანი დაავადებები იწვევს.

უვნებელი შუილი

უვნებელი შუილი წარმოიქმნება, როცა სისხლი უფრო სწრაფად მიედინება, ვიდრე ადრე. მდგომარეობები, რომლებიც სისხლის დინების აჩქარებას იწვევენ ასევე იწვევენ უვნებელ შუილს. ესენია:

  • ფიზიკური აქტივობა ან ვარჯიში
  • ორსულობა
  • ცხელება
  • ანემია– სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტი
  • ჰიპერთიროიდიზმი– თიროქსინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში
  • სწრაფი ზრდის პერიოდები, მოზარდობა



უვნებელი შუილი შესაძლოა გაქრეს ან დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე, რაიმე პრობლემის გამოწვევის გარეშე.

პათოლოგიური შუილი

ბავშვებში პათოლოგიური შუილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი გულის თანდაყოლილი დაავადებაა.

გულის თანდაყოლილი დეფექტების გავრცელებული ფორმებია:

  • გულის კუნთში არსებული ხვრელები ან შუნტები. ძგიდის დეფექტი გულის კუნთში არსებული ხვრელია, რომელიც შეიძლება ქმნიდეს პრობლემას, ზომისა და მდებარეობის გათვალისწინებით.

    გულის შუნტები ყალიბდება, როცა გულის საკნებს ან სისხლძარღვებს შორის პათოლოგიური კავშირია, რაც ასევე იწვევს შუილს.

  • გულის სარქვლოვანი დაავადებები. თანდაყოლილი სარქვლოვანი დაავადებები გვხვდება დაბადებისას, მაგრამ ზოგჯერ ვერ დგინდება მოზრდილობის ასაკამდე. მაგალითებია სარქველების შევიწროება (სტენოზი) ან სარქველში სისხლის გაჟონვა (რეგურგიტაცია), როგორც მიტრალური სარქვლის პროლაფსის დროს.



პათოლოგიური შუილების სხვა გამომწვევი მიზეზებია ინფექციები და გულის სტრუქტურული დაზიანების გამომწვევი დაავადებები, რომლებიც უფრო მოზრდილებში გვხვდება. მაგალითად:

  • სარქვლის კალციფიკაცია. სარქვლის გასქელება და გამაგრება, მაგალითად მიტრალური სტენოზის ან აორტის სარქვლის სტენოზის დროს, ხშირად ხდება ასაკის მატებასთან ერთად. სარქველი შესაძლოა შევიწროვდეს, არ გაატაროს საკმარისი სისხლი და წარმოიშვას შუილიც.
  • ენდოკარდიტი. ეს ინფექცია აზიანებს გულის შიდა ქსოვილებს, სარქვლებს და გამოწვეულია ბაქტერიით ან სხვა მიკროორგანიზმით, სხეულის სხვა ორგანოდან, როგორიცაა პირის ღრუ. მიკროორგანიზმი ვრცელდება სისხლში და აღწევს გულამდე.

    მკურნალობის გარეშე, ენდოკარდიტის დროს შესაძლოა დაზიანდეს ან განადგურდეს გულის სარქველები. ეს მდგომარეობა ასევე ხშირია გულის სხვა დეფექტების მქონე ადამიანებში.

  • რევმატიზმი. რევმატიზმი უკვე იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ვითარდება, თუ სტრეპტოკოკალური ყელის ინფექციების ადეკვატური მკურნალობა არ მოხდა. რევმატიზმი სამუდამოდ აზიანებს საარქველებს და ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას.

სიმპტომები

თუ გაქვთ უვნებელი შუილი, სავარაუდოდ არ გექნებათ სხვა ასოცირებული ნიშნები და სიმპტომები.

პათოლოგიური შუილი ზოგჯერ არ იწვევს სხვა სიმპტომებსა და ნიშნებს და მხოლოდ პათოლოგიური ხმით გამოიხატება, რომელიც გულის მოსმენისას სტეტოსკოპში ისმის. თუ გაქვთ სხვა ასოცირებული ნიშნები და სიმპტომები, შესაძლოა ეს გულის დაავადებაზე მიანიშნებდეს:

  • ლურჯი კანი, განსაკუთრებით თითებზე და ტუჩებზე
  • შესიება ან წონის უეცარი მომატება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ქრონიკული ხველა
  • გადიდებული ღვიძლი
  • გადიდებული კისრის ვენები
  • უმადობა და ზრდაში ჩამორჩენა (ჩვილებში)
  • მოჭარბებული ოფლიანობა დატვირთვის გარეშე
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • თავბრუსხვევა
  • გულის წასვლა



როდის მივმართოთ ექიმს

გულის შუილის უმეტესობა სერიოზულ პრობლემაზე არ მიანიშნებს, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ შუილი, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. ექიმი გეტყვით, უვნებელია თუ არა ეს გამოვლინება და გჭირდებათ თუ არა გულის ფუნქციათა მეტი გამოკვლევა ან მკურნალობის დაწყება.