გულმკერდის აორტის ანევრიზმა
დაავადების აღწერა
გულმკერდის აორტის ანევრიზმა არის სუსტი წერტილი აორტის ზედა ნაწილში. აორტა არის მთავარი სისხლძარღვი, რომელიც მთელ სხეულს აწვდის სისხლს.
გულმკერდის აორტის ანევრიზმას აგრეთვე ეწოდება გულმკერდის ანევრიზმა და აორტის დისექცია, რადგან ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიის კედლის გახევა (დისექცია), რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სისხლდენას. პატარა და ნელა მზარდი გულმკერდის აორტის ანევრიზმები შეიძლება არასდროს გაიხეს, უფრო დიდი, სწრაფად მზარდი ანევრიზმები კი უფრო დიდი ალბათობით იხევა.
გულმკერდის აორტის ანევრიზმის ზომაზე და ზრდის სიჩქარეზეა დამოკიდებული მკურნალობის შემდეგომი ტაქტიკა. სასურველია ოპერაციის წინასწარ დაგეგმვა.
გამომწვევი მიზეზი
ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ანევრიზმის განვითარებას:
- ათეროსკლეროზი. არტერიის კედლებში ფოლაქების დაგროვებასთან ერთად ისინი უფრო ნაკლებად მოძრავები ხდებაინ, დამატებითი ზეწოლა კი მათ დასუსტებას და გამობერვას იწვევს. სისხლის მაღალი წნევა და ქოლესტეროლის მაღალი დონე ზრდიან ათეროსკლეროზის რისკს. იგი უფრო ხშირია ხანშიშესულ ადამიანებში.
- გენეტიკური ფაქტორები. აღმავალი აორტის ანევრიზმის მქონე ახალგაზრდა ადამიანებს ხშირად აქვთ გენეტიკური მიზეზი. მარფანის სინდრომი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ გულმკერდის აორტის ანევრიზმის განვითარების აორტის კედლის სისუსტის გამო. მარფანის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ დამახასიათებელი ფიზიკური თვისებები, მათ შორის ტანმაღლობა, გრძელი ხელები, დეფორმირებული მკერდის ძვალი და თვალის პრობლემები.
მარფანის სინდრომის გარდა, სხვა მსგავსი დაავადებები, მაგალითად ელერ-დანლოს და ლოის-დიცის სინდრომები ხელს უწყობენ გულმკერდის აორტის ანევრიზმის განვითარებას. ელერ-დანლოს სინდრომი აზიანებს კანს, სახსრებს და შემაერთებელ ქსოვილს და კანს წელვადს ხდის.
- სხვა სამედიცინო მდგომარეობები: ანთებითი დაავადებები, მაგალითად გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი და ტაკაიასუს არტერიტი, იწვევენ გულმკერდის აორტის ანევრიზმას.
- აორტის სარქვლის პრობლემები. აორტის სარქვლის პრობლემების მქონე ადამიანებს აქვთ გულმკერდის აორტის ანევრიზმის გაზრდილი რისკი. ეს განსაკუთრებით მართებულია სამის მაგივრად ორკარიანი აორტის სარქვლის მქონე ადამიანებისთვის.
- მკურნალობის გარეშე დატოვებული ინფექცია. იშვიათად, მაგრამ მკურნალობის გარეშე დატოვებულ ინფექციას, მაგალითად სიფილისს და სალმონელოზს შეუძლია გამოიწვიოს გულმკერდის აორტის ანევრიზმა.
- ტრავმული დაზიანება. იშვიათად, ადამიანებს, რომლებიც ავტოავარიაში ხვდებიან, შეიძლება განუვითარდეთ გულმკერდის აორტის ანევრიზმა.
აორტის განშრევება და აორტის ანევრიზმა
აორტის პათოლოგიები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას
აორტის ანევრიზმა განსხვავდება აორტის განშრევებისგან. აორტის განშრევება შეიძლება განვითარდეს იგივე ადგილას, სადაც ვითარდება მრავალი ანევრიზმა. აორტის განშრევების დროს აორტის კედლის ფენებს შორის წარმოიქმნება სივრცე. ეს იწვევს სისხლდენას აორტის კედელში და მის გარშემო და იშვიათად იწვევს აორტის სრულ გაგლეჯას (რუპტურა).
აორტის განშრევება გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია აორტის ანევრიზმის მკურნალობა განშრევების განვითარებამდე. განშრევების მკურნალობა შეიძლება ოპერაციით, თუმცა ამ დროს გაზრდილია გართულებების რისკი.
სიმპტომები
გულმკერდის აორტის ანევრიზმა ხშირად ნელა და უსიმპტომოდ იზრდება, რაც აძნელებს მის აღმოჩენას. ზოგიერთი ანევრიზმა არასდროს სკდება. ბევრი თავდაპირველად პატარაა და დროთა განმავლობაში იზრდება. რთულია აორტის ანევრიზმის ზრდის სიჩქარის წინასწარ განსაზღვრა.
გულმკერდის აორტის ანევრიზმის ზრდასთან ერთად შეიძლება შეამჩნიოთ:
- მგრძნობელობის მომატება ან ტკივილი მკერდში
- ზურგის ტკივილი
- ხმის ჩახლეჩა
- ხველა
- სუნთქვის უკმარისობა
გულმკერდის აორტის ანევრიზმა
ანევრიზმები შეიძლება აორტის გაყოლებაზე ნებისმიერ ადგილას განვითარდეს. აორტა იწყება გულში და ჩადის მუცელში. როდესაც ანევრიზმა ვითარდება აორტის ზედა ნაწილში, მას გულმკერდის აორტის ანევრიზმა ეწოდება. ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს გულმკერდის აორტის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის აღმავალ აორტაში, აორტის რკალში და დაღმავალ აორტაში.
ანევრიზმები რომლებიც წარმოიქმნება აორტის ქვედა ნაწილში გულმკერდის აორტის ანევრიზმებზე ხშირია და მათ მუცლის აორტის ანევრიზმები ეწოდებათ. ანევრიზმა აგრეთვე შეიძლება განვითარდეს აორტის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის. ანევრიზმის ამ ფორმას თორაკოაბომინალური ანევრიზმა ეწოდება.
როდის მივმართოთ ექიმს
აორტის ანევრიზმის მქონე ადამიანების უმუეტესობას არ აქვს სიმპტომები სანამ განშრევება ან გასკდომა არ მოხდება. განშრევება და გასკდომა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოუთხოვს.
თუ ანევრიზმა გასკდება ან არტერიის კედლის შრეები გაიყოფა (განშრევება), შეიძლება იგრძნოთ:
- მწვავე, უეცარი ტკივილი ზურგში, რომელიც ქვემოთ ვრცელდება
- მკერდის, ყბის, კისრის ან მხრების ტკივილი
- სუნთქვის გაძნელება
თუ გაქვთ აორტის ანევრიზმის, მარფანის სინდრომის, სხვა შემაერთებელი ქსოვილის დაავადების ან აორტის ორკარიანი სარქვლის ოჯახური ისტორია, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ რეგულარული გამოკვლევების ჩატარება აორტის ანევრიზმის სკრინინგისთვის.