ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომი

დაავადების აღწერა

ჰანტავირისული ფილტვისმიერი სინდრომი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები.

ჰანტავირუსების მრავალ ტიპს შეუძლია გამოიწვიოს ჰანტავირისული ფილტვისმიერი სინდრომი. ვირუსები გადააქვთ მღრნელებს, განსაკუთრებით ირმის თაგვს. დაინფიცირების ძირითადი გზაა მღრნელების შარდითა და განავლით ჰაერში მოხვედილი ჰანტავირუსების ჩასუნთქვა.

იმის გამო, რომ მკურნალობის მეთოდები შეზღუდულია, საუკეთესო თავდაცვა ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომისგან არის მღრნელებისა და მათი გავრცელების ადგილებისგან თავის არიდება.

გამომწვევი მიზეზი

ჰანტავირუსის ყველა ტიპს თავისი გადამტანი მღრნელი ყავს. ირმის თაგვი არის ა.შ.შ-ში ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომის გამომწვევი ვირუსის ძირითადი გადამტანი. ჰანტავირუსის სხვა გადამტანებს მიეკუთვნება თეთრკუდიანი თაგვი, ბამბის თაგვი და ბრინჯის თაგვი.

ჩასუნთქვა: გადაცემის მთავარი გზა

ჰანტავირუსები ადამიანებს ძირითადად გადაეცემა მღრნელების განავალში, შარდში და ნერწვში არსებული ვირუსების „აეროზოლიზაციით“. აეროზოლიზაცია ხდება, როდესაც ვირუსი ამოისროლება ჰაერში. ეს შეიძლება მოხდეს ჩულანის ცოცხით დალაგებისას, რა დროსაც შეიძლება ჰანტავირუსის შემცვლელი განავლის წვეთები მოხვდეს ჰაერში, რომელიც შემდეგ შეიძლება მარტივად ჩაისუნთქოს.

ჰანტავირუსები ჩასუნთქვის შემდეგ ხვდებიან ფილტვებში და იწყებენ პატარა სისხლძარღვებში, კაპილარებში შეჭრას, რაც იწვევს მათგან სითხის გამოჟონვას. ამის შედეგად თქვენი ფილტვები ივსება სითხით და ეს იწვევს ჰანტავირუსულ ფილტვისმიერ სინდრომთან დაკავშირებულ რესპირატორული პრობლემების განვითარებას.

ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა

ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული ჰანტავირისული ფილტვისმიერი სინდრომი გადამდებები არ არიან, თუმცა არსებობს უფრო ნაკლებად მძიმე სამხრეთ-ამერიკული ფორმა, რომელიც შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცეს.

სიმპტომები

ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომი მიმდინარეობს ორ ძირითად ეტაპად. პირველ ეტაპზე შეიძლება გქონდეთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ესენია:

  • ცხელება და შეციება
  • თავის და კუნთების ტკივილი
  • პირღებინება, ფაღარათი და მუცლის ტკივილი.



ადრეულ ეტაპებზე რთულია ჰანტავირუსის დიფერენცირება გრიპისგან, ფილტვების ანთებისგან და სხვა ვირუსული დაავადებებისგან. დაახლოებით 4-10 დღის შემდეგ, უფრო სერიოზული ნიშნები და სიმპტომები ჩნდება. ესენია:

  • ხველა ნახველით
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ფილტვებში სითხის ჩადგომა
  • სისხლის დაბალი წნევა
  • გულის შემცირებული მუშაობის უნარი



როდის მივმართოთ ექიმს

ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება სწრაფად გაუარესდეს და სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. თუ თქვენ გქონდათ სიახლოვე მღრნელებთან ან მათ განავალთან და გაქვთ ცხელება, შეციება, კუნთების ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება, სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.