ჰენოხ-შონლეინის პურპურა

დაავადების აღწერა

ჰენოხ-შონლეინის პურპურა არის დაავადება, რომელიც იწვევს კანში, სახსრებში, ნაწლევებში და თირკმლებში არსებული პატარა სისხლძარღვების ანთებას და სისხლდენას.

ჰენოხ-შონლეინის პურპურის დამახასიათებელი თავისებურებაა მოიასამნისფრო გამონაყარი, ძირითადად ფეხების ქვედა ნაწილებზე და დუნდულებზე. ჰენოხ-შონლეინის პურპურას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს მუცლის და სახსრების ტკივილი. იშვიათად შეიძლება თირკმლის დაზიანება განვითარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰენოხ-შონლეინის პურპურა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, იგი ყველაზე ხშირი 2-6 წლის ბავშვებში. ჰენოხ-შონლეინის პურპურა ხშირად თავისით უმჯობესდება. სამედიცინო დახმარება ძირითადად მხოლოდ თირკმლის დაზიანების დროს ხდება საჭირო.

გამომწვევი მიზეზი

ჰენოხ-შონლეინის პურპურას დროს ვითარდება პატარა სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს სისხლდენას კანში, სახსრებში, მუცელში და თირკმლებში. თავდაპირველად რატომ ვითარდება ანთება უცნობია, თუმცა იგი შეიძლება რაღაც ფაქტორების მიმართ იმუნური სისტემის არასწორი პასუხის ბრალი იყოს.

ჰენოხ-შონლეინის პურპურათი დაავადებულთა თითქმის ნახევარს იგი უჩნდება ზემო სასუნთქი გზების ინფექციის, მაგალითად გაციების გადატანის შემდეგ. ინფექციური გამომწვევები შეიძლება იყვნენ ჩუტყვავილა, სტრეპტოკოკული ყელი, წითელა და ჰეპატიტი. სხვა ფაქტორები შეიძლება იყოს ზოგიერთი წამალი, საჭმელი, მწერის ნაკბენი ან ცივი ტემპერატურა.

სიმპტომები

ჰენოხ-შონლეინის პურპურას ოთხი ძირითადი მახასიათებელი აქვს, თუმცა ყველა დაავადებულში ოთხივე შეიძლება არ განვითარდეს. ესენია:

  • გამონაყარი (პურპურა). მოწითალო-მოასამნისფრო ლაქები, რომლებიც გავს სისხლჩაქცევებს არის ჰენოხ-შონლეინის პურპურის ყველაზე გამოკვეთილი და უნივერსალური ნიშანი. გამონაყარი ძირითადად ვითარდება დუნდულებზე, ფეხებზე და ტერფებზე თუმცა აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს მკვლავებზე, სახეზე და ტორსზე და იგი შეიძლება უარესი იყოს ზეწოლის ადგილებზე, მაგალითად წინდის ყელის და წელის გარშემო.
  • შესიებული, მტკივნეული სახსრები (ართრიტი). ჰენოხ-შონლეინის პურპურით დაავადებულ ადამიანებს ხშირად აქვთ მტკივნეული, შესიებული სახსრები, ძირითადად მუხლებში და კოჭებში. სახსრების ტკივილი ხანდახან 1-2 დღით უსწრებს გამონაყრის განვითარებას. ეს სიმპტომები ქრება დაავადების უკუგანვითარებასთან ერთად და სრულ გამოჯანმრთელებას აქვს ადგილი.
  • გასტროინტესტინური სიმპტომები. ჰენოხ-შონლეინის პურპურით დაავადებ ბევრ ბავშვს უვითარდება გასტროინტესტინური სიმპტომები, როგორებიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება და სისხლიანი განავალი. ეს სიმპტომები ხანდახან გამონაყრის გაჩენამდე ჩნდება.
  • თირკმლების ჩათრევა. ჰენოხ-შონლეინის პურპურამ აგრეთვე შეიძლება დააზიანოს თირკმელები. ეს უმეტეს შემთხვევაში ვლინდება შარდში ცილის ან სისხლის გამოჩენით, რომელიც ხანდახან მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდება. ჩვეულებრივ ის ქრება დაავადებასთან ერთად, მაგრამ იშვიათ შემთხვეებში შეიძლება თირკმლის დაავადება განვითარდეს და ხანგრძლივად გაგრძელდეს.



როდის მივმართოთ ექიმს

ზოგ შემთხვევაში ჰენოხ-შონლეინის პურპურა იწვევს ნაწლავების და თირკმლების სერიოზულ დაზიანებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენ შვილს განგივითარდებათ ჰენოხ-შონლეინის პურპურას დამახასიათებელი გამონაყარი.