ჰიპერჰიდროზი

დაავადების აღწერა

ჰიპერჰიდროზი არის ჭარბი ოფლიანობა, რომელიც ვლინდება მაშინაც კი, როდესაც ტემპერატური არ არის მაღალი და არ ვარჯიშობთ. ზოგ ჰიპერჰიდროზიან ადამიანს ოფლის წვეთები ხელებიდან სცვივა.

ჰიპერჰიდროზი ძირითადად მოიცავს ხელის გულებს, ფეხის გულებს და იღლიებს. ჰიპერჰიდროზს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელის შეშლის გარდა შეუძლია გამოიშვიოს შფოთვა და სირცხვილის გრძნობა.

მკურნალობის პირველი ეტაპია ძლიერი ანტიპერსპირანტების გამოყენება. მწვავე შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ოპერაციის ჩატარება საოფლე ჯირკვლების ამოსაღებად ან ოფლის წარმომქნელი ნერვების გადასაჭრელად.

გამომწვევი მიზეზი

ოფლიანობა ორგანიზმის გაგრილების მექანიზმია. ტემპერატურის აწევისთანავე ნერვული სისტემა აძლევს საოფლე ჯირკვლებს სიგნალს. ოფლიანობა, განსაკუთრებით ხელის გულებზე, ნორმაა ნერვიულობის დროს.

ჰიპერჰიდროზის დროს, საოფლე ჯირკვლების ჩამრთავი ნერვები ზედმეტად აქტიურდებიან, რაც იწვევს საჭიროზე მეტ ოფლიანობას. პრობლემა უარესდება სტრესის ან ნერვიულობის დროს.

ჰიპერჰიდროზს, რომელიც ძირითადად ხელის და ფეხის გულებზე ვითარდება, შეიძლება გენეტიკური კომპონენტი ჰქონდეს, რადგან იგი ხშირად დაჯგუფებულად ვლინდება ოჯახებში. თუ თქვენ გაქვთ მთელ სხეულზე ჭარბი ოფლიანობა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მდგომარეობით. მათ შორისაა:

  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • მენოპაუზური სხეულის წამოხურებები
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე
  • ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი
  • სიმსივნის ზოგიერთი ტიპი
  • გულის შეტევა
  • ინფექციური დაავადება

სიმპტომები

ადამიანთა უმეტესობა ოფლიანობს ვარჯიშის დროს, ცხელ გარემოში ან ნერვიულობის, შფოთვის და სტრესის დროს. ჰიპერჰიდროზის დროს ოფლიანობა ბევრად უფრო ძლიერია.

ჰიპერჰიდროზი ვლინდება ხელებზე, ფეხებზე, იღლიებზე და ხანდახან სახეზე. იშვიათად, იგი მთელ სხეულზე ვლინდება. ჭარბმა ოფლმა შეიძლება გაჟღინთოს ტანსაცმელი ან ჩამოწვეთოს ხელებიდან. ოფლიანობის ეპიზოდები უმიზეზოდ ვითარდება კვირაში ერთხელ მაინც.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ოფლიანობა ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში
  • უეცრად იმაზე მეტს ოფლიანობთ, ვიდრე აქამდე
  • გაქვთ უმიზეზო ღამის ოფლიანობა