ჰიპერკალცემია

დაავადების აღწერა

ჰიპერკალცემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმაზე მაღლაა. სისხლში ჭარბ კალციუმს შეუძლია გამოიწვიოს ძვლების შესუსტება, თირკმლის კენჭების გაჩენა და შეუძლია ხელი შეუშალოს გულისა და ტვინის მუშაობას.

ჰიპერკალცემია ხშირად გამოწვეულია ფარისებრახლო ჯირკვლების ჭარბი აქტივობით. ეს პატარა ჯირკვალი მდებარეობს ფარისებრ ჯირკვალთან და თითოეული ბრინჯის მარცვლის ზომისაა. ჰიპერკალცემიის სხვა მიზეზებია სიმსივნე, ზოგიერთი სხვა დაავადება, ზოგიერთი მედიკამენტი და კალციუმის და D ვიტამინის ჭარბი გამოყენება.

ჰიპერკალცემიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ არსებობდეს ან მწვავე იყოს. მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

გამომწვევი მიზეზი

ძვლის სიძლიერეში მონაწილეობის გარდა, კალციუმი აგრეთვე მონაწილეობს ნერვული სიგნალების გადაცემაში და სხვა პროცესებში. თუ სისხლში არასაკმარისი კალციუმია, ფარისებრახლო ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჰორმონს, რომლებიც აძლევენ სიგნალს:

  • ძვლებს, რათა გამოანთავისუფლონ კალციუმი სისხში
  • საჭმლის მომნელებელ სისტემას, რათა გააძლიეროს კალციუმის შეწოვა
  • თირკმლებს, რათა გამოყოს ნაკლები კალციუმი და გაააქტიუროს D ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კალიუმის შეწოვაში.



სისხლში კალციუმის ბალანსის დარღვევა ბევრ ფაქტორს შეუძლია:

  • ზეაქტიური ფარისებრახლო ჯირკვლები. ეს არის ჰიპერკალცემიის ყველაზე ხშირი მიზეზი. ფარისებრახლო ჯირკვლების ზეაქტიურობის მიზეზი შეიძლება იყოს ერთერთ ან მეტ ჯირკვალზე პატარა კეთილთვისებიანი სიმსივნის არსებობს.
  • სიმსივნე. ფილტვის, მკერდის და ზოგიერთი სისხლის სიმსივნე ზრდის ჰიპერკალცემიის რისკს. სიმსივნის გავრცელება ძვალში (მეტასტაზი) აგრეთვე ზრდის ჰიპერკალცემიის რისკს.
  • სხვა დაავადებები. ზოგიერთ დაავადებას, მაგალითად ტუბერკულოზს და სარკოიდოზს, შეუძლია გაზარდოს სისხლში D ვიტამინის დონე, რაც გამოიწვევს ნაწლავებში კალციუმის გაძლიერებულ შეწოვას.
  • უმოძრაობა. ადამიანებს, რომლებსაც სიმსივნის ან სხვა დაავადების გამო უწევთ დროის დიდი ნაწილის მჯდომარე და მწოლიარე პოზიციაში გატარება, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერკალცემია. დროთა განმავლობაში ძვლები, რომლებსაც წონა არ აწვება, იწყებენ კალციუმის გამონთავისუფლებას.
  • მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ლითიუმი, რომელიც გამოიყენება ბიპოლარული დაავადების მკურნალობაში, იწვევს ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის გამონთავისუფბელას.
  • დანამატები. კალციუმის ან D ვიტამინის დანამატების დიდი რაოდენობით მიღებას შეუძლია გაზარდოს სისხლში კალციუმის დონე.
  • გენეტიკური ფაქტორები. იშვიათი გენეტიკური პათოლოგია რომელიც ცნობილია, როგორც ოჯახური ჰიპოკალციურული ჰიპერკალცემია, იწვევს კალციუმის რაოდენობის მომატებას ორგანიზმში კალციუმის რეცეპტორების დაზიანების გამო.
  • დეჰიდრატაცია. მსუბუქი ან გარდამავალი ჰიპერკალცემიის ხშირი მიზეზი დეჰიდრატაციაა, რადგან სისხლში სითხის ნაკლებობის დროს კალციუმის კონცენტრაცია იზრდება.

სიმპტომები

მსუბუქი ჰიპერკალცემიის დროს შეიძლება არ გქონდეთ ნიშნები და სიმპტომები. უფრო მწვავე შემთხვევების დროს ჩნდება სიმპტომები იმ ადგილებში, რომლებიც მგრძნობიარეა კალციუმის მაღალი დონის მიმართ. ესენია:

  • თირკმელები. კალციუმის ჭარბი რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ თირკმელებმა გადამეტებულად უნდა იმუშავონ მათ გამოსაყოფად. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული წყურვილი და ხშირი შარდვა.
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა. ჰიპერკალცემიას შეუძლია გამოიწვიოს კუჭის აშლა, გულისრევა, პირღებინება და ყაბზობა.
  • ძვლევი და კუნთები. შემთხვევათა უმეტესობაში, ჭარბი კალციუმი გამონთავისუფლდება ძვლებიდან, რაც მათ შესუსტებას იწვევს. ზოგ ადამიანს აგრეთვე აღენიშნება კუნთების სისუსტე.
  • ტვინი. ჰიპერკალცემიას შეუძლია ხელი შეუშალოს ტვინის მუშაობას და გამოიწვიოს დაბნეულობა, ლეთარგიულობა და ზოგადი სისუსტე.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაგიჩნდებათ ჰიპერკალცემიის ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად გაძლიერებული წყურვილი, ხშირი შარდვა და მუცლის ტკივილი.