ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში
დაავადების აღწერა
ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარის ტესტოსტერონს– ჰორმონს, რომელიც ზრდა–განვითარებაში, განსაკუთრებით მომწიფების ასაკში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჰიპოგონადიზმს ასევე იწვევს სპერმის წარმოქმნის უნარის დაქვეითება, ან, ზოგჯერ, ეს ორი დარღვევა ერთად გვხვდება.
ჰიპოგონადიზმი შესაძლოა თანდაყოლილი იყოს ან განვითარდეს მოგვიანებით ცხოვრებაში, დაზიანების, ტრავმის ან ინფექციის გამო. მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე და განვითარების დროზე. ჰიპოგონადიზმის ზოგიერთი ტიპი შესაძლოა დაექვემდებაროს ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობას.
გამომწვევი მიზეზი
მამაკაცებში ჰიპოგონადიზმი ნიშნავს, რომ სათესლე ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საკმარის ტესტოსტერონს. არსებობს ჰიპოგონადიზმის ორი მთავარი ფორმა:
- პირველადი. ამ ტიპის ჰიპოგონადიზმი, იგივე, რაც სათესლე ჯირკვლების პირველადი უკმარისობა, წარმოიქმნება სათესლე ჯირკვლებში არსებული პრობლემის გამო.
- მეორეული. ამ ტიპის ჰიპოგონადიზმი მიანიშნებს ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის პრობლემაზე– ტვინის იმ რეგიონებზე, რომლების სათესლე ჯირკვალს ტესტოსტერონის გამოსაყოფად სიგნალებს უგზავნიან. ჰიპოთალამუსი წარმოქმნის გონადოტროპინის გამომათავისუფლებელ ჰორმონს, რომელიც ჰიპოფიზში იწვევს ფოლიკულა–მასტიმულირებელი და მალუთეინიზიებელი ჰორმონების სინთეზს. მალუთეინიზირებელი ჰორმონი შემდეგ სათესლე ჯირკვალში იწვევს ტესტოსტერონის წარმოქმნას.
- ჰიპოგონადიზმის ნებისმიერი ტიპი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი მიზეზით გამოწვეული ან შეძენილი, დაზიანების ან ინფექციის გამო. ზოგჯერ, პირველადი და მეორეული ჰიპოგონადიზმი მამაკაცში ერთდროულად გვხვდება.
პირველადი ჰიპოგონადიზმი
პირველადი ჰიპოგონადიზმის ხშირი მიზეზებია:
- კლაინფელტერის სინდრომი. ამ დაავადებას იწვევს სასქესო ქრომოსომების, X და Y–ის პათოლოგია. მამაკაცს ნორმაში აქვს ერთი X და ერთი Y ქრომოსომა. კლაინფელტერის სინდრომის დროს, მამაკაცს აქვს ერთი Y, მაგრამ ორი ან მეტი (ზედმეტი) X ქრომოსომა. Y ქრომოსომა შეიცავს გენეტიკურ მასალას, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის სქესსა და შემდგომ სქესობრივ განვითარებას. ზედმეტი X ქრომოსომა, რომელიც კლაინფერტერის დაავადებაში გვხვდება, იწვევს სათესლე ჯირკვლების არასწორ ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ვლინდება ტესტოსტერონის არასაკმარისი სინთეზით.
- სათესლე ჯირკვლების საზარდულში ჩამოსვლის პრობლემა. დაბადებამდე, სათესლე ჯირკვლები ყალიბდება მუცლის ღრუში და შემდგომში ჩამოდის მის ნორმალურ ადგილას– სათესლე პარკში, სადაც სამუდამოდ რჩება. ზოგჯერ, ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვალი არ ჩადის პარკში. ეს მდგომარეობა ხშირად თავად გამოსწორდება სიცოცხლის პირველ წლებში, ჩარევის გარეშე.სხვა შემთხვევებში, თუ კორექცია ადრეულ ბავშვობაში არ მოხდა, ზიანდება სათესლე ჯირკვალი და შესაბამისად, ტესტოსტერონის წარმოქმნის ფუნქცია.
- ყბაყურით გამოწვეული ორქიტი. თუ ყბაყურის ინფექცია მომწიფების ან ზრდასრულობის პერიოდში გავრცელდა სანრწყვე ჯირკვლიდან სათესლე ჯირკვალზეც, ვითარდება ანთება და შესაძლებელია ხანგრძლივად დაზიანდეს სათესლე ჯირკვლები. ეს პროცესი ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებას და ტესტოსტერონის წარმოქმნას.
- ჰემოქრომატოზი. რკინის ზედმეტი რაოდენობა სისხლში იწვევს სათესლე ჯირკვლის უკმარისობას ან ჰიპოფიზის დისფუნქციას, რაც ხელს უშლის ტესტოსტერონის სინთეზს.
- სათესლე ჯირკვლების დაზიანება. რადგან სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუს გარეთა ორგანოებია, მათი დაზიანება ხშირად ხდება. ნორმალურად განვითარებული სათესლე ჯირკვლის დაზიანებამ შესაძლოა ჰიპოგონადიზმი გამოიწვიოს. ცალი ჯირკვლის დაზიანება ხშირად არ უშლის ხელს ჯამური ტესტოსტერონის პროდუქციას.
- კიბოს მკურნალობა. ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია ხელს უშლის ტესტოსტერონისა და სპერმის წარმოქმნას. კიბოს მკურნალობის ამ ორი მეთოდის შედეგები სათესლე ჯირკვალზე ხშირად დროებითია, მაგრამ შესაძლებელია მუდმივი უშვილობაც. მამაკაცების დიდ ნაწილში აღდგება სათესლეს ფუნქცია მკურნალობიდან რამდენიმე თვეში, მაგრამ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე სპერმის შენახვა შესაძლებელია კარგი გადაწყვეტილება იყოს პაციენტისათვის.
მეორეული ჰიპოგონადიზმი
მეორეული ჰიპოგონადიზმის დროს, სათესლე ჯირკვლები ნორმალურია, მაგრამ მათი ფუნქცია ირღვევა ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის გამო. რამდენიმე მდგომარეობაა ასოცირებული მეორეულ ჰიპოგონადიზმთან. ესენია:
- კალმანის სინდრომი. ჰიპოთალამუსის (ტვინის ნაწილი, რომელიც ჰიპოფიზის ჰორმონების სეკრეციას აკონტროლებს) არასწორი განვითარება იწვევს ჰიპოგონადიზმს. ეს დარღვევა ასოცირებულია ყნოსვის უნარის დაქვეითებასა (ანოსმია) და ფერების (წითელი–მწვანე) განურჩევლობასთან.
- ჰიპოფიზის დაავადებები. ჰიპოფიზის დარღვევამ შესაძლოა ჰორმონების სინთეზის დაქვეითება გამოიწვიოს, რაც სათესლე ჯირკვლებსა და ტესტოსტერონზე იმოქმედებს. ჰიპოფიზის სიმსივნე ტვინის სიმსივნის ერთ–ერთი ტიპია და ზოგჯერ იწვევს ტესტოსტერონის ან სხვა ჰორმონების დეფიციტს. ასევე, ტვინის სიმსივნეების მკურნალობის შედეგად, როგორიცაა ქირურგია ან სხივური თერაპია, შესაძლოა დაქვეითდეს ჰიპოფიზის ფუნქციები და მივიღოთ მეორეული ჰიპოგონადიზმი.
- ანთებითი დაავადებები. გარკვეული ანთებითი დაავადებები, როგორიცაა სარკოიდოზი, ჰისტიოციტოზი, ტუბერკულოზი და ა.შ ვრცელდება ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზზეც და შესაძლოა ხელი შეუშალოს ტესტოსტერონის პროდუქციას.
- აივ/შიდსი. ამ ინფექციური დაავადების დროს ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და სათესლე ჯირკვლები ზიანდება და გვაქვს ჰიპოგონადიზმი.
- მედიკამენტები. გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ოპიოიდები ტკივილის გასაყუჩებლად და ზოგიერთი ჰორმონი, ხელს უშლის ტესტოსტერონის წარმოქმნას.
- ჭარბწონიანობა. ჭარბი წონა დაკავშირებულია ჰიპოგონადიზმთან ნებისმიერ ასაკში.
- ნორმალური ასაკობრივი პროცესი. მოხუცებში ხშირია ტესტოსტერონის დონის შემცირება, ახალგზარდებთან შედარებით. როცა მამაკაცს ასაკი ემატება, თანდათანობით იკლებს ტესტოსტერონის წარმოქმნაც.
- თანმხლები დაავადებები. რეპროდუქციული სისტემა შესაძლოა დროებითად დაქვეითდეს ფიზიკური სტრესის, ავადმყოფობის, ქირურგიული ჩარევის ან ემოციური სტრესის გამო. ეს ჰიპოთალამუსის სიგნალების ნაკლებობის შედეგია და ძირითადად გამოსწორდება სტრესორი ფაქტორის მკურნალობის შემდეგ.
- ტესტოსტერონის შემცირების სიჩქარე ინდივიდუალურია. 75 წელს გადაცილებული მამაკაცების 30 პროცენტს აღენიშნება საშუალო რაოდენობაზე ნაკლები ტესტოსტერონი. საჭიროა თუ არა მკურნალობა, სადავო თემაა.
სიმპტომები
ჰიპოგონადიზმი შესაძლოა დაიწყოს ემბრიონის განვითარების დროს, მომწიფების ასაკამდე ან მოზრდილობის პერიოდში. ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია განვითარების დროზე.
ემბრიონის განვითარება
თუ ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარის ტესტოსტერონს ემბრიონული განვითარების დროს, შესაძლოა მივიღოთ გარეგანი სქესობრივი ორგანოების არასწორი ჩამოყალიბება. ჰიპოგონადიზმის განვითარების დროისა და ტესტოსტერონის რაოდენობის გათვალისწინებით, ბავშვს, რომელიც გენეტიკურად მამრობითი სქესისაა, შეიძლება ჰქონდეს:
- ქალის გენიტალიები
- გენიტალიები, რომლებიც პირდაპირად არც მამაკაცისთვისაა დამახასიათებელი, და არც ქალისთვის
- მამაკაცის ცუდად განვითარებული გენიტალიები
მომწიფების ასაკი
მამაკაცებში ჰიპოგონადიზმის გამო შესაძლოა გვიან დადგეს მომწიფების ასაკი და გამოვლინდეს ნორმალური განვითარების შეფერხება. ნიშნებია:
- კუნთოვანი მასის არასაკმარისად განვითარება
- ხმის დაბოხების არარსებობა
- სხეულზე თმიანობის მომატების არარსებობა
- პენისისა და სათესლე ჯირკვლების ზრდის ჩამორჩენა
- ხელებისა და ფეხების ჭარბი ზრდა, ტანთან შედარებით
- მკერდის ქსოვილის ჭარბი ზრდა (გინეკომასტია)
მოზრდილი მამაკაცი
მოზრდილ მამაკაცებში, ჰიპოგონადიზმის გამო შესაძლოა შეიცვალოს გარკვეული მამაკაცური თვისებები და დაირღვეს ნორმალური რეპროდუქციული ფუნქცია. ნიშნები და სიმპტომებია:
- ერექციული დისფუნქცია
- უშვილობა
- წვერის და ტანზე თმის შემცირება
- კუნთოვანი მასის შემცირება
- მკერდის ქსოვილის ჭარბი ზრდა (გინეკომასტია)
- ძვლოვანი მასის შემცირება (ოსტეოპოროზი)
- ჰიპოგონადიზმი ასევე იწვევს მენტალურ და ემოციურ ცვლილებებს. როცა ტესტოსტერონი იკლებს, ზოგიერთ მამაკაცს აქვს ქალებში მენოპაუზის მსგავსი სიმპტომები. ესენია:
- დაღლილობა
- სექსის ნაკლები სურვილი
- კონცენტრაციის უუნარობა
- წამოხურება, ე.წ “ალები”
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მამაკაცებში ჰიპოგონადიზმის ნებისმიერი ნიშანი. მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია ზუსტი მკურნალობისათვის.