ჰირსუტიზმი

დაავადების აღწერა

ჰირსუტიზმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ვითარდება არასასურველი, მამაკაცის ტიპის თმიანობა ქალებში. ჰირსუტიზმი დროს ჩნდება დიდი რაოდენობით ხისტი და მკვეთრი ფერის თმები მამაკაცისთვის დამახიასეთებელ ადგილებში, სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე.

სხეულზე თმის რაოდენობა დიდად დამოკიდებულია გენეტიკაზე. ჰირსუტიზმი შეიძლება განვითარდეს მამაკაცის ჰორმონ ანდროგენების, განსაკუთრებით ტესტოსტერონის სიჭარბის შედეგად. ჰირსუტიზმი აგრეთვე შეიძლება ოჯახური ნიშანი იყოს.

თვითმკურნალობა და სამედიცინო მკურნალობა ხშირ შემთხვევაში ეფექტურია ჰირსუტიზმის მქონე ქალებში.

გამომწვევი მიზეზი

გარდატეხის ასაკში გოგონას საკვერცხეები იწყებენ კაცის და ქალის ჰორმონების ნაზავის პროდუქციას. ეს იწვევს თმიანობის განვითარებას იღლიებში და ბოქვენის მიდამოში. ჰირსუტიზმი შეიძლება განვითარდეს ამ ბალანსის მამაკაცური ჰორმონების (ანდროგენების) სასარგებლოდ დარღვევის დროს.

ჰირსუტიზმის გამომწვევებია:

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი. ამ გავრცელებულ პათოლოგიას იწვევს სქესობრივი ჰორმონების დისბალანსი, რაც ვლინდება არარეგულარული პერიოდებით, სიმსუქნით, უშვილობით და ხანდახან საკვერცხეებში მრავლობითი კისტებით.
  • კუშინგის სინდრომი. კუშინგის სინდრომი ვითარდება ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჰორმონ კორტიზოლის არსებობისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ კორტიზოლის ჭარბი პროდუქცია ან წამლების, მაგალითად პრედნიზოლონის დიდი ხნის განმავლობაში მიღება.
  • თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზია. ამ თანდაყოლილ პათოლოგიას ახასიათებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ სტეროიდული ჰორმონების, მათ შორის კორტიზოლის და ანდროგენის ჭარბი პროდუქცია.
  • სიმსივნეები. იშვიათად, ანდროგენის მასინთეზებელ სიმსივნეებს საკვერცხეებში და თირკმელზედა ჯირკვალში შეუძლიათ გამოიწვიონ ჰირსუტიზმი.
  • მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს ჰირსუტიზმს. ერთი ასეთი მედიკამენტია დანაზოლი, რომელიც გამოიყენება ქალებში ენდომეტრიოზის სამკურნალოდ.
  • ხანდახან ჰირსუტიზმი უმიზეზოდ ვითარდება. ეს უფრო ხშირად ხდება გარკვეულ პოპულაციებში, მაგალითად ხმელთაშუა, ახლო აღმოსავლეთური ან სამხრეთ აზიური წარმოშობის ქალებში.

სიმპტომები

ჰირსუტიზმი არის ხისტი და მკვეთრი ფერის თმის არსებობა იმ ადგილებში, სადაც ქალებს ჩვეულებრივ თმა არ აქვთ, განსაკუთრებით სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე.

როდესაც ჰირსუტიზმი გამოწვეულია ანდროგენების ძალიან მაღალი დონით, დროთა განმავლობაში სხვა სიმპტომები ჩნდება. ამ პროცესს ვირილიზაცია ეწოდება. ვირილიზაციის ნიშნებია:

  • ხმის დაბოხება
  • გამელოტება
  • აკნე
  • მკერდის დაპატარავება
  • კლიტორის გადიდება