ჰისის კონის ტოტების ბლოკადა

დაავადების აღწერა

ჰისის კონის ტოტების ბლოკადა გულის ელექტრული იმპულსის გამტარი გზების დაგვიანებული მოქმედება ან სრული ბლოკია. იმპულსების გატარება იწვევს გულის შეკუმშვას. დაგვიანება ან ბლოკადა შესაძლოა ეხებოდეს გულის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მოთავსებულ საკნებს (პარკუჭებს).

ტოტის ბლოკადა ზოგჯერ გულს ხელს უშლის ნორმალურ შეკუმშვაში, რაც სისხლს საკმარისად ვერ გადაისვრის ცირკულაციაში.

არ არსებობს ტოტის ბლოკადის სპეციფიკური მკურნალობა. თუმცა, გამომწვევი მდგომარეობა, რომელიც გახდა ტოტის ბლოკადის მიზეზი, როგორიცაა გულის დაავადებები, აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.

გამომწვევი მიზეზი

ნორმაში, ელექტრული იმპულსები გულს შეკუმშვის ბრძანებას აძლევს. იმპულსები მოძრაობენ შესაბამისი გზებით, მათ შორის მარჯვენა და მარცხენა ტოტებით. თუ რომელიმე ტოტი დაზიანდა (მაგ.: ინფარქტის დროს) ცვლილებები იმპულსის გატარებაში შესაძლოა გულის შეკუმშვის პათოლოგიაში გადაიზარდოს.

ტოტის ბლოკადის გამომწვევი მიზეზი განსხვავდება მარჯვენა და მარცხენა ტოტებისათვის. შესაძლოა, ბლოკადა მიზეზგარეშეც განვითარდეს. სავარაუდო მიზეზებია:

მარცხენა ტოტის ბლოკადა
გულის დაავადებები

  • გასქელებული, გამყარებული, სუსტი გულის კუნთი (კარდიომიოპათია)
  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია გულის კუნთში (მიოკარდიტი)
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)



მარჯვენა ტოტის ბლოკადა

  • თანდაყოლილი პათოლოგიები გულზე – წინაგულოვანი ძგიდის დეფექტი (გულის ზედა საკნების გამომყოფი კედლის ხვრელი)
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია გულის კუნთში (მიოკარდიტი)
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • სისხლის თრომბი ფილტვებში (ფილტვის ემბოლია)

სიმპტომები

უმეტესად, ტოტის ბლოკადა უსიმპტომოა. ზოგჯერ, პაციენტები ვერ გრძნობენ და არ იციან, რომ ჰისის კონის ტოტის ბლოკადა აქვთ.

როცა ბლოკადა სიმპტომურია, პაციენტს აღენიშნება:

  • გონების დაკარგვა (სინკოპე)
  • გულის წასვლის შეგრძნება (პრესინკოპე)


 
როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ ოდესმე დაკარგეთ გონება, მიმართეთ ექიმს რათა გამოირიცხოს ყველა მძიმე დაავადება.
  • თუ გაქვთ გულის დაავადება, ან ექიმმა უკვა დაგისვათ ტოტის ბლოკადის დიაგნოზი, კითხეთ მას რამდენად ხშირად დაგჭირდებათ შემოწმებაზე სიარული. შესაძლოა დაგჭირდეთ მანიშნებელი ბარათის ტარებაც, რათა უცნობმა ექიმმა გადაუდებელ სიტუაციებში მიიღოს ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის შესახებ.