ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნე

დაავადების აღწერა

ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნე არის იშვიათი სიმსივნე, რომელიც ვლინდება ფარისებრ ჯირკვალში.

ფარისებრი ჯირკვალი არის პეპლის ფორმის ორგანო, რომელიც მდებარეობს ყელის ფუძეში. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ორგანიზმის მეტაბოლიზმის რეგულაციაში.

ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებულ სიმსივნეს აგრეთვე ეწოდება ჰიურტლეს უჯრედოვანი კარცინომა და ოქსიფილურ უჯრედოვანი კარცინომა. ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნე ფარისებრ ჯირკვალში განვითარებული მრავალი სიმსივნიდან ერთერთია.

ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნე შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სხვა სიმსივნეებზე აგრესიული იყოს. ამ დროს ხშირად მიმართავენ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციულ ამოკვეთას.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია რა იწვევს ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებულ სიმსივნეს.

ექიმებმა იციან, რომ სიმსივნის განვითარება იწყება უჯრედების დნმ-ში განვითარებული მუტაციების შედეგად. როდესაც დნმ ზიანდება ან იცვლება, გენები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ და იწყება უჯრედების უკონტროლი ზრდა, რაც საბოლოოდ წარმოქმნის სიმსივნური უჯრედების გროვას.

სიმპტომები

ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სწრაფად ზრდადი კვანძი ყელის არეში, ადამის ვაშლის ქვეშ
  • ტკივილი ყელის ან კისრის არეში
  • ხმის ჩახლეჩა ან სხვა ცვლილება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ყლაპვის გაძნელება



ამ სიმპტომების არსებობა არ მიუთითებს მაინცდამაინც ჰიურტლეს უჯრედებიდან განვითარებულ სიმსივნეზე. ისინი შეიძლება მიუთითებდნენ სხვა დაავადებებზე, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ანთებაზე ან ფარისებრი ჯირკვლის არასიმსივნურ ზრდაზე (ჩიყვი).

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.