იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

დაავადების აღწერა

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა არის დაავადება, რომლის დროსაც ვლინდება ადვილი და ჭარბი სისხლჩაქცევა და სისხლდენა. სისხლდენა გამოწვეულია თრომბოციტების დაბალი დონით. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში.

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, რომელსაც აგრეთვე ეწოდება იმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა, ვლინდება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. ბავშვებში იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ხშირად ვირუსული ინფექციის შემდეგ ვითარდება და ისინი მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდებიან. ზრდასრულებში, ეს დაავადება ხშირად ქრონიკულია.

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომებზე, თრომბოციტების რაოდენობაზე და ასაკზე. თუ თქვენ არ გაქვთ სისხლდენის ნიშნები და თრომბოციტების დონე ძალიან დაბალი არ არის, შეიძლება არ დაგჭირდეთ მკურნალობა. უფრო მძიმე შემთხვევების დროს საჭიროა წამლებით მკურნალობა და გადაუდებელ შემთხვევებში ოპერაციის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მიზეზი უცნობია. ამიტომ ჰქვია მას იდიოპათიური, რაც უცნობ მიზეზს ნიშნავს. ცნობილია, რომ იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურას დროს იმუნური სისტემა ზიანდება და უტევს თრომბოციტებს, თითქოს ისინი უცხო სხეულები არიან.

იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები უმაგრდებიან თრომბოციტებს და აძლევენ ელენთას სიგნალს, რომ გაანადგუროს ეს თრომბოციტები. ამის შედეგად ვითარდება სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე.

თრომბოციტების დონე ნორმაში მოცირკულირე სისხლის ერთ მიკროლიტრში 150000-ზე მეტია. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მქონე ადამიანებს თრომბოციტების დონე ხშირად 20000-ზე ქვემოთ აქვთ. თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ძლიერდება სისხლდენა. ყველაზე დიდი რისკი არის, როდესაც თრომბოციტების რაოდენობა 10000-ზე ქვემოთ დავა. ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უმიზეზო შინაგანი სისხლდენა.

ბავშვებში იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ვითარდება ვირუსული ინფექციის, მაგალითად ყბაყურას ან გრიპის შემდეგ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ინფექცია მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და იწვევს მისი ფუნქციის მოშლსა.

სიმპტომები

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დროს შეიძლება სიმპტომები არ გამოვლინდეს. თუ გამოვლინდება სიმპტომები, ესენია:

  • ადვილი ან ჭარბი სისხლჩაქცევა (პურპურა) – თქვენი კანზე ასაკის მატებასთან ერთად უფრო ადვილად ვითარდება სისხლჩაქცევა და სისხლდენა. ეს არ უნდა აგვერიოს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურაში.
  • უფრო მეტად ფეხის ქვედა ნაწილის კანზე ზედაპირული სისხლდენა, რომელიც ჰგავს წერტილოვან, მოწითალო-მოიასამნისფრო ლაქებს.
  • ჭრილობის შემდეგ გახანგრძლივებული სისხლდენა
  • ცხვირიდან სპონტანური სისხლდენა
  • ღრძილებიდან სისხლდენა, განსაკუთრებით სტომატოლოგიური ჩარევის დროს
  • სისხლი შარდში ან განავალში
  • უჩვეულოდ ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა
  • დაღლილობა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენს შვილს აქვს უმიზეზი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა და გაუჩნდება წერტილოვანი, მოწითალო-მოიასამნისფრო ლაქოვანი გამონაყარი, მიმართეთ ექიმს. აგრეთვე მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს, თუ ხართ ქალი და უეცრად გაგივითარდათ ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა. ეს შეიძლება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურას ნიშანი იყოს.

ძლიერი ან გავრცელებული სისხლდენა სასწრაფო დახმარებას მოითხოვს.