ინტერსტიციული ცისტიტი
დაავადების აღწერა
ინტერსტიციული ცისტიტი, აგრეთვე ცნობილი, როგორც მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი, არის ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს შარდის ბუშტის სიმძიმეს, შარდის ბუშტის ტკივილს და ხანდახან მენჯის ტკივილს, რომელიც მერყეობს მსუბუქი დისკომფორტიდან მწვავე ტკივილამდე.
თქვენ შარდის ბუშტი არის ღრუ, კუნთოვანი ორგანო, რომელიც ინახავს შარდს. შარდის ბუშტი გავსებამდე ფართოვდება, შემდეგ კი მენჯის ნერვების დახმარებით ანიშნებს ტვინს, რომ მოშარდვის დროა. ეს წარმოქმნის შარდვის სურვილს. ინტერსტიციული ცისტიტის დროს ეს სიგნალები ირღვევა და თქვენ, სხვა ადამიანებთან შედარებით, მოშარდვა უფრო ხშირად და უფრო ნაკლები შარდის არსებობისას გინდებათ.
ინტერსტიციული ცისტიტი ხშირად ვლინდება ქალებში და ხანგრძლივ პრობლემას წარმოადგენს. ინტერსტიციული ცისტიტისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მედიკამენტები და სხვა მკურნალობის მეთოდები, რომლებიც შვებას მოგგვრით.
გამომწვევი მიზეზი
ინტერსტიციული ცისტიტის ზუსტი გამომწვევი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით იგი მრავალი ფაქტორის მონაწილეობით ვითარდება. მაგალითად, ინტერსტიციული ცისტიტის მქონე ადამიანებს შეიძლება აგრეთვე ჰქონდეთ შარდის ბუშტის მფარავი გარსის (ეპითელიუმი) დეფექტი. ეპითელიუმის დაზიანება საშუალებას აძლევს შარდში შემავალ ტოქსინებს გააღიზიანონ შარდის ბუშტის კედელი.
აგრეთვე ფიქრობენ, რომ ინტერსტიციული ცისტიტის განვითარებაში შეიძლება მონაწილეობდეს აუტოიმუნური რეაქცია, მემკვიდრეობა, ინფექცია და ალერგია.
სიმპტომები
ინტერსტიციული ცისტიტის სიმპტომები განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანში. თუ თქვენ გაქვთ ინტერსტიციული ცისტიტი, თქვენ სიმპტომებიც შეიძლება სხვადასხვა დროს განსხვავებული იყოს. გამწვავებები შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა გამშვებმა ფაქტორებმა, მაგალითად მენსტრუაციამ, ხანგრძლივად ჯდომამ, სტრესმა, ვარჯიშმა და სქესობრივმა აქტივობამ.
ინტერსტიციული ცისტიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- მენჯის ტკივილი და ქალებში ტკივილი საშოსა და ანუსს შორის, ხოლო კაცებში სათესლე პარკსა და ანუსს შორის (შორისის ტკივილი).
- მენჯის ქრონიკული ტკივილი
- მოშარდვის მუდმივი, ძლიერი მოთხოვნილება
- ხშირი შარდვა, ხშირედ მცირე რაოდენობის, დღის და ღამის განმავლობაში. მწვავე ინტერსტიციული ცისტიტის მქონე ადამიანები შეიძლება დღეში 60ჯერ შარდავდნენ.
- შარდის ბუშტის ავსებისას ტკივილი ან დისკომფორტი, დაცლისას კი შვება.
- ტკივილი სქესობრივი კავშირის დრო.
ინტერსტიციული ცისტიტის სიმპტომების სიმწვავე ცვალებადია და შეიძლება აღინიშნებოდეს პერიოდები, როდესაც სიმპტომები ქრება.
ინტერსტიციული ცისტიტის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს საშარდე გზების ქრონიკული ინფექციის სიმპტომებს, თუმცა ინტერსტიციული ცისტიტის დროს შარდში ბაქტერიული კულტურები არ გვხვდება. სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს, თუ ინტერსტიციული ცისტიტის მქონე ადამიანს განუვითარდება საშარდე გზების ინფექცია.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შარდის ბუშტის ქრონიკული ტკივილი ან მოშარდვის მუდმივი მოთხოვნილება.