ინტრაკრანიალური ჰემატომა
დაავადების აღწერა
ინტრაკრანიალური ჰემატომა ვითარდება, როდესაც ტვინში ან ტვინსა და ქალას შორის არსებული სისხლძარღვები სკდება. ამის შედეგად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა აწვება ტვინის ქსოვილს.
ინტრაკრანიალური ჰემატომა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ტვინის გარშემო არსებული სითხე ვერ ახერხებს ჩარტყმის ან უეცარი გაჩერების დროს მიყენებული დარტყმის ძალის შთანთქმას, რის შედეგადაც ტვინი ეჯახება ქალას შიგნითა კედელს და იბუჟება.
თავის ზოგიერთი ტრავმა, მაგალითად ტვინის შერყევა, მსუბუქი პრობლემაა, ინტრაკრანიალური ჰემატომა კი სიცოცხლისთვის საშიშია და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.
ინტრაკრანიალური ჰემატომის დროს ხშირად სისხლის გამოსაღებად ოპერაციის ჩატარება ხდება საჭირო.
გამომწვევი მიზეზი
ქალასშიდა სისხლდენის უხშირესი მიზეზია თავის ტრავმა, რომელიც ვითარდება ავტომობილის, მოტოციკლეტის ან ველოსიპედის ავარიის, დავარდნის, თავდასხმის და სპორტის თამაშის დროს. თავის მსუბუქი ტრავმა უფრო დიდი ალბათობით გამოიწვევს სისხლდენას ხანშიშესულ ადამიანში, განსაკუთრებით თუ იგი შედედების საწინააღმდეგო პრეპარატს, მაგალითად ასპირინს იღებს. თქვენ შეიძლება სერიოზული ტრავმა ჰქონდეთ დაზიანების გარეგანი ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც კი.
ჰემატომა შეიძლება იყოს სუბდურული, ეპიდურული და ინტრაპარენქიმული.
სუბდურული ჰემატომა
ეს ვითარდება, როდესაც სისხლძარღვები, ძირითადად ვენები გასკდება ტვინსა და ტვინის მფარავი სამი გარსიდან შიგნითა გარსს შორის. ამ დროს წარმოიქმნება სისხლჩაქცევა, რომელიც აწვება ტვინის ქსოვილს. ჰემატომის ზრდასთან ერთად ვითარდება გონების პროგრესირებადი დაკარგვა და იზრდება სიკვდილის შანსი.
არსებობს სუბდურული ჰემატომის სამი ფორმა:
- მწვავე. ეს ფორმა ყველაზე სახიფათოა. მას ჩვეულებრივ იწვევს თავის ძლიერი ტრავმა და ნიშნები და სიმპტომები მალევე ჩნდება.
- ქვემწვავე. ნიშნები და სიმპტომები ტრავმიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ჩნდება.
- ქრონიკული. ყველაზე იშვიათი ფორმა, რომლის დროსაც სისხლდენა ვითარდება ნელა, სიმპტომები კი რამდენიმე კვირის შემდეგ ჩნდება. ამ დროს შეიძლება არც გახსოვდეთ როდის მიიღეთ თავის ტრავმა.
სამივე ფორმა ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენისთანავე მოითხოვს სამედიცინო დახმარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ტვინის შეუქცევადი დაზიანება განვითარდება.
სუბდურული ჰემატომის გაზრდილი რისკი აქვთ ადამიანებს, რომლებიც:
- იღებენ ასპირინს ან სხვა სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატს
- ჭარბად მოიხმარენ ალჰოკოლს
- ასაკში არიან
ეპიდურული ჰემატომა
აგრეთვე ცნობილი, როგორც ექსტრადურული ჰემატომა, ეს ფორმა ვითარდება, როდესაც სისხლძარღვი, უფრო ხშირად არტერია სკდება ტვინის მფარავი გარსის გარეთა ნაწილსა და ქალას შორის. შედეგად წარმოიქმნება სისხლჩაქცევა, რომელის აწვება ტვინის ქსოვილს.
ზოგიერთი ადამიანი გონებას არ კარგავს, თუმცა უმეტესობა ტრავმის მომენტიდანვე არის მიძინებული ან კომატოზური. დიდი არტერიის დაზიანების შემთხვევაში ეპიდურული ჰემატომა სასწრაფო მკურნალობის გარეშე სასიკვდილო შეიძლება იყოს.
ინტრაპარენქიმული ჰემატომა
ჰემატომის ეს ფორმა, აგრეთვე ცნობილი როგორც ინტრაცერებრული ჰემატომა, ვითარდება, როდესაც სისხლი გროვდება ტვინში. თავის ტრავმის შემდეგ შეიძლება ტვინში მრავლობითი ინტრაპარენქიმული ჰემატომები იყოს.
ინტრაპარენქიმული პარენქიმის გამოწვევი ტრავმების დროს ხშირად ზიანდება ტვინის თეთრ ნაწილში შემავალი აქსონები. აქსონები ატარებენ ელექტრულ იმპულსებს ტვინის ნეირობებიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებამდე. ამ კავშირის დარღვევას ტვინის სერიოზული დაზიანება შეიძლება მოყვეს.
სიმპტომები
ინტრაკრანიალური ჰემატომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს თავის ტრავმისთანავე ან რამდენიმე კვირის შემდეგ. თავის ტრავმის შემდეგ რაღაც პერიოდი შეიძლება თავს კარგად გრძნობდეთ, რასაც ნათელი ინტერვალი ეწოდება. დროთა განმავლობაში, ტვინზე ზეწოლა იზრდება, რაც წარმოქმნის შემდეგ ნიშნებს და სიმპტომებს:
- მზარდი თავის ტკივილი
- პირღებინება
- მიძინებულობა ან გონების თანდათანობითი დაკარგვა
- თავბრუსხვევა
- დაბნეულობა
- არათანაბარი ზომის გუგები
- გაუგებარი ლაპარაკი
- სისხლის წნევის მომატება
ტვინში და ტვინსა და ქალას შორის ვიწრო სივრცეში ჭარბი სისხლის დაგროვებასთან ერთად შეიძლება სხვა ნიშნები და სიმპტომებიც გამოვლინდეს. ესენია:
- ლეთარგია
- გულყრები
- გონების დაკარგვა
როდის მივმართოთ ექიმს
ინტრაკრანიალური ჰემატომა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ხშირად საჭირო ხდება სასწრაფო დახმარება.
თავის ტრავმის შემდეგ სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ:
- კარგავთ ჰონებას
- გაქვთ ინტრაკრანიალური ჰემატონის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი
ინტრაკრანიალური ჰემატომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება თავიდანვე არ გამოვლინდეს, ამიტომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დააკვირდით ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ცვლილებებს. მაგალითისთვის, თუ ადამიანი ტრავმის შემდეგ თავს კარგად გრძნობს თუმცა ცოტა ხანში გაუგებრად იწყებს მეტყველებას, დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში.
თუ თქვენ თავს კარგად გრძნობთ ტრავმის შემდეგ, მაინც თხოვეთ ვინმეს, ყურადღება მოგაქციოთ. თავის ტრავმის შემდეგ შეიძლება მეხსიერების დაკარგვა განვითარდეს და დაგავიწყდეთ ტრავმის მიღების შესახებ. ამ დროს სხვა ადამიანი უფრო დიდი ალბათობით ამოიცნობს ინტრაკრანიალური ჰემატომის ნიშნებს.