ირიტი
დაავადების აღწერა
ირიტი არის გუგის გარშემო არსებული ფერადი გარსის ანთება. ფერადი გარსი თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ნაწილია, ამიტომ ირიტი უვეიტების ჯგუფს მიეკუთვნება. ირიტს ხანდახან წინა უვეიტს ეძახიან.
ირიტის გამომწვევი ხშირად უცნობია. ხანდახან ირიტს სისტემური დაავადება ან გენეტიკური ფაქტორი იწვევს.
ირიტი სერიოზული მდგომარეობაა, რომელმაც მკურნალობის გარეშე შეიძლება გლაუკომის და სიბრმავის განვითარება გამოიწვიოს. თუ თქვენ გაქვთ ირიტის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამომწვევი მიზეზი
ხშირად, ირიტის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება. ზოგ შემთხვევაში ირიტი დაკავშირებულია თვალის ტრავმასთან, გენეტიკურ ფაქტორებთან და ზოგიერთ დაავადებასთან. ირისის ცნობილი გამომწვევებია:
- თვალის ტრავმა. თვალის ბლაგვი საგნით დაზიანებას, გამჭოლ დაზიანებას და ქიმიურ ან ცეცხლით დამოწვრობას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ირიტი.
- ინფექციები. სახეზე ჰერპესს შეუძლია გამოიწვიოს ირიტი. სხვა ინფექციური დაავადებები, როგორებიცაა ტოქსოპლაზმოზი, ჰისტოპლაზმოზი, ტუბერკულოზი და სიფილისი უვეიტის სხვა ფორმებთანაა დაკავშირებული.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა. ადამიანებს, რომლებსაც უვითარდებათ აუტოიმუნური დაავადებები გენის მუტაციის გამო, ხშირად ემართებათ მწვავე ირიტი. ეს დაავადებებია: მაანკილოზებელი სპონდილიტი, რეიტერის სინდრომი, ნაწლავის ანთებითი დაავადება და ფსორიაზული ართრიტი.
- ბეჰჩეტის დაავადება. დასავლეთ ქვეყნებში გავრცელებული იშვიათი დაავადება, რომელსაც მწვავე ირიტთან ერთად ახასიათებს სახსრის პრობლემები და წყლულები პირში და გენიტალურ არეში.
- იუვენილური რევმატოიდული ართრიტი. ქრონიკული ირიტი შეიძლება განვითარდეს ბავშვებში, რომელბსაც იუვენილური რევმატოიდული ართრიტი აქვთ.
- სარკოიდოზი. ეს აუტოიმუნური დაავადება იწვევს ანთებითი უჯრედების ჯგუფების ზრდას სხეულის ბევრ ნაწილში, მათ შორის თვალებში.
- ზოგიერთი მედიკამენტი. ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ანტიბიოტიკი რიფაბუტინი და ანტივირუსული მედიკამენტი ციფოდოვირი, რომელიც აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება, იწვევს ირიტს. ამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ჩვეულებრივ ირიტის სიმპტომები ქრება.
სიმპტომები
ირიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- თვალის სიწითლე
- დაზიანებულ თვალში დისკომფორტი და ტკივილი
- სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა (ფოტოფობია)
- მხედველობის დაბინდვა
- მხედველობის არეში მოტივტივე ლაქები ან წერტილები
ირიტს, რომელიც უეცრად, დღეების ან საათების განმავლობაში ვითარდება, მწვავე ირიტი ეწოდება. სიმპტომების უფრო ნელი განვითარება (6 კვირა და მეტი) ქრონიკულ ირიტზე მიუთითებს.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ირიტის სიმპტომები. დროული მკურნალობა დაგიცავთ სერიოზული გართულებებისგან. თუ თქვენ გაქვთ თვალების ტკივილი, მხედველობის პრობლემები და სხვა სიმპტომები, შეიძლება გადაუდებელი დახმარება გჭირდებოდეთ.