იშემიური კოლიტი

დაავადების აღწერა

იშემიური კოლიტი ვითარდება, როცა ნაწლავის გარკვეული ნაწილის სისხლით მომარაგება ფერხდება სისხლძარღვის შევიწროების ან დაცობის გამო. სისხლის მიწოდების შეწყვეტის გამო, ნაწლავს არ მიეწოდება ჟანგბადი. იშემიურ კოლიტს ახასიათებს ტკივილი. ამ დროს ზიანდება ნაწლავის სეგმენტი. ეს სეგმენტი ნაწლავის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, მაგრამ პაციენტთა უმეტესობა ტკივილს მარცხენა მხარეს უჩივის.

იშემიური კოლიტი ყველაზე ხშირია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ზოგჯერ, დიაგნოზის დასმა არ ხდება, რადგან იშემიური კოლიტი გავს სხვა დაავადებებს. იშემიური კოლიტი შესაძლოა თავად ალაგდეს, მაგრამ თუ ნაწლავი დაზიანდა, დაგჭირდებათ მედიკამენტები ინფექციის პრევენციისათვის და ქირურგიული ჩარევა მძიმე შემთხვევებში.

გამომწვევი მიზეზი

მსხვილი ნაწლავის სისხლით მომარაგების შეფერხების ზუსტი მიზეზი ყოველთვის ვერ დგინდება. რამდენიმე ფაქტორი ზრდის იშემიის რისკს:

  • ცხიმოვანი დეპოზიტები სისხლძარღვების კედლებში– ათეროსკლეროზი
  • დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რომელიც თან ახლავს გულის უკმარისობას, ქირურგიულ ჩარევას, ტრავმას ან შოკს
  • სისხლის კოლტი არტერიაში ან, უფრო იშვიათად, ვენაში (ვენური თრომბოზი)
  • ნაწლავის ობსტრუქცია, რომელსაც იწვევს თიაქარი, ნაწიბური ქსოვილი ან სიმსივნე
  • ქირურგიული ჩარევა გულზე, სისხლძარღვებზე, საჭმლის მომნელებელ ან რეპროდუქციულ სისტემებზე
  • სხვა დაავადებები, რომლებიც ეხება სისხლს: სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), მგლურა, ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია
  • კოკაინის ან მეტამფეტამინის მოხმარება
  • მსხვილი ნაწლავის კიბო (იშვიათად)



მედიკამენტების როლი

გარკვეული მედიკამენტები შესაძლოა იწვევდნენ იშემიურ კოლიტს, თუმცა იშვიათად. ესენია:

  • არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები
  • გულისა და შაკიკის მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას
  • ჰორმონული პრეპარატები, მაგ. ესტროგენი
  • ანტიბიოტიკები
  • ფსევდოეფედრინი
  • ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის მედიკამენტები
  • ქიმიოთერაპიული საშუალებები

სიმპტომები

იშემიური კოლიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი, მტკივნეულობა, მოვლითი შეგრძნება მუცელში–უცაბედად ან თანდათანობით
  • ღია წითელი ან მუქი ბორდოსფერი სისხლი განავალში, ზოგჯერ სისხლი განავლის გარეშეც
  • დეფეკაციის სურვილის გაძლიერებული შეგრძნება
  • დიარეა (ფაღარათი)



მძიმე გართულებების რისკი უფრო მაღალია მარჯვენამხრივი კოლიტის დროს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მარჯვენამხრივ მსხვილ ნაწლავსა და წვრილ ნაწლავს საერთო სისხლძარღვები ამარაგებს. როცა მსხვილ ნაწლავს სისხლის მიწოდება უწყდება, წყდება წვრილი ნაწლავის მომარაგებაც, შედეგად ვითარდება უფრო მასიური იშემია. ტკივილი უფრო მძიმეა ამ ტიპის იშემიური კოლიტის შემთხვევაში.

სისხლის მიწოდების შეწყვეტა წვრილ ნაწლავში სწრაფად იწვევს ქსოვილის კვდომას (ნეკროზს). თუ ეს სიცოცხლისათვის საშიში სიტუაცია განვითარდა, შესაძლოა დაგჭირდეთ ქირურგიული ჩარევა სისხლმომარაგების შეფერხების მოსახსნელად ან დაზიანებული ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა.

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ უცაბედი, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში. ასევე მოითხოვეთ დახმარება, თუ ტკივილი საშუალებას არ გაძლევთ კომფორტული პოზიცია იპოვოთ.

ესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა სისხლიანი ფაღარათი. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ გართულებების თავიდან ასაცილებლად.