კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა

დაავადების აღწერა

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა არის კანის სიმსივნის გავრცელებული ფორმა, რომელიც ვითარდება კანის ზედაპირზე არსებული ბრტყელი უჯრედებიდან.

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა უმეტეს შემთხვევაში არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იგი შეიძლება აგრესიული იყოს. მკურნალობის გარეშე კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შეიძლება ზომაში გაიზარდოს და გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში, რაც სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს.

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების უმეტესობას იწვევს ულტრაიისფერ სხივებთან ხანგრძლივი კონტაქტი მზის სინათლეზე, სოლარიუმში ან ნათურებისგან. ულტრაიისფერი სინათლისგან თავის არიდება შეამცირებს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის და კანის სხვა სიმსივნეების რისკს.

ბრტყელი უჯრედები სხეულის ბევრ ნაწილში გვხვდება, შესაბამისად ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შეიძლება ნებისმიერ მათგანში განვითარდეს. კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა გულისხმობს სიმსივნეს, რომელიც კანში არსებულ ბრტყელ უკრედებში ვითარდება.

გამომწვევი მიზეზი

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ვითარდება კანის ზედაპირზე არსებულ თხელ, ბრტყელ უჯრედებში განვითარებული დნმ მუტაციების შედეგად. ნორმაში, ახალი უჯრედები აძევებენ ძველ უჯრედებს კანის ზედაპირზე, საიდანაც ისინი იქერცლებიან. დნმ მუტაცია არღვევს ამ პროცესს და იწვევს უჯრედების უკონტროლო ზრდას, რის შედეგადაც ვითარდება კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა.

ულტრაიისფერი სინათლე და სხვა შესაძლო მიზეზები

კანის დნმ დაზიანების უმეტესობა გამოწვეულია მზის სინათლეში და სოლარიუმებში არსებული ულტრაიისფერი რადიაციით.

მზის სხივების კონტაქტი არ ხსნის კანის იმ სიმსივნეებს, რომლებიც ვითარდება ადგილებში, რომლებიც თითქმის არ არიან კონტაქტში მზის სინათლესთან. ეს მიუთითებს, რომ არსებობს სხვა ფაქტორების, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კანის კიბოს განვითარებაში. ასეთებია ტოქსიური ნივთიერებები და იმუნური სისტემის დასუსტება.

სიმპტომები

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ყველაზე ხშირად ვითარდება იმ ადგილებში, რომლებზეც ჭარბად ხვდება მზის სინათლე. ასეთებია სკალპი, ხელის ზურგები და ყურები, თუმცა კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შეიძლება შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის პირში, ანუსზე და გენიტალიებში.

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • მკვრივი, წითელი კვანძი
  • ბრტყელი წყლული ფუფხით
  • ახალი წყლული ან ძველ წყლულზე განვითარებული ამობურცულობა
  • ტუჩზე ფუფხიანი დაზიანება, რომელიც შემდგომში ღია წყლულად გარდაიქმნება
  • წითელი წყლული ან უხეში ლაქა პირის შიგნით
  • წითელი ამობურცულობა ან კონდილომის მსგავსი დაზიანება ანუსში ან გენიტალიებში.



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ წყლული ან ფუფხი, რომელიც 2 თვეში არ გაქრა ან კანის ბრტყელი, ფუფხიანი დაზიანეა, რომელიც არ ქრება.