კარცინოიდული სიმსივნე
დაავადების აღწერა
კარცინოიდული სიმსივნე არ გამოვლინდება სიმპტომურად დაავადების საწყის ეტაპებზე. სიმსივნემ შესაძლოა წარმოქმნას და გამოყოს გარკვეული ჰორმონები, რომლებიც შემდეგ იწვევენ სიმპტომებს, როგორიცაა ფაღარათი ან კანის წამოწითლება.
კარცინოიდული სიმსივნის მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას და ზოგჯერ მედიკამენტებს.
გამომწვევი მიზეზი
უჯრედთა გროვა ქმნის სიმსივნეს. კიბოს უჯრედები აზიანებენ ახლომდებარე ჯანსაღ ქსოვილებს და ვრცელდებიან სხეულის სხვა ნაწილებში.
უცნობია, რა იწვევს კარცინოიდული სიმსივნისათვის დამახასიათებელი მუტაციების გაჩენას. კარცინოიდული სიმსივნე ნეიროენდოკრინულ უჯრედებში ჩნდება.
ნეიროენდოკრინული უჯრედები სხეულის სხვადასხვა ორგანოებშია. ეს უჯრედები ასრულებენ ნერვულ და ჰორმონულ ფუნქციებს. ნეიროენდოკრინულ უჯრედებში წარმოიქმნება კორტიზოლი, ჰისტამინი, ინსულინი და სეროტონინი.
სიმპტომები
ზოგიჯერ, კარცინოიდული სიმსივნე არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს. როცა სიმსივნის სიმპტომები ვლინდება, ისინი ძირითადად სიმსივნის ადგილმდებარეობის შესაბამისად განსხვავდება.
კარცინოიდული სიმსივნე ფილტვებში
ფილტვის კარცინოიდული სიმსივნის ნიშნები და სიმპტომებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში
- სტვენითი სუნთქვა
- სუნთქვის უკმარისობა
- ფაღარათი
- წამოწითლება, წამოხურება სახესა და კისერზე
- წონის მატება, განსაკუთრებით მუცელსა და ზურგზე
- ვარდისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე, რომლებიც წააგავს სტრიებს
კარცინოიდული სიმსივნე საჭმლის მომნელებელ სისტემაში
მომნელებელ სისტემაში კარცინოიდული სიმსივნის ნიშნები და სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი
- ფაღარათი
- გულისრევა, ღებინება ან დეფეკაციის გაძნელება ნაწლავის ობსტრუქციის გამო
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
- ტკივილი სწორ ნაწლავში
- წამოწითლება, წამოხურება სახესა და კისერზე
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ და ხანგრძლივია, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.