კატარაქტა

დაავადების აღწერა

თვალის ბროლი ნორმაში გამჭვირვალეა. კატარაქტა იწვევს მის დაბურვას, რაც ვლინდება მხედველობის პრობლემებით. პაციენტი ისევე ხედავს როგორც, მოყინულ ფანჯარაში ან ნისლიან ამინდში.

დაბურული მხედველობა ართულებს კითხვას, ავტომობილის მართვას (განსაკუთრებით ღამით) ან ადამიანის სახეზე მიმიკის აღქმას.

უმეტესად, კატარაქტა ნელა ვითარდება და ადრეულ ეტაპზე არ აუარესებს მხედველობას. დროთა განმავლობაში, კატარაქტა აუცილებლად დააზიანებს მხედველობას.

ადრეულ ეტაპზე, უკეთესი განათება და სათვალე ეხმარება პაციენტს კატარაქტის სიმპტომების შემსუბუქებაში. თუ მხედველობის პრობლემა ხელს გიშლით ნორმალურ აქტივობებში, რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევა. საბედნიეროდ, კატარაქტის ოპერაცია ზოგადად უსაფრთხო, ეფექტური პროცედურაა.

გამომწვევი მიზეზი

კატარაქტების უმრავლესობა ჩნდება როცა ასაკობრივი ცვლილების ან დაზიანების გამო ბროლის ქსოვილი ცვლილებებს განიცდის.

ზოგჯერ, კატარაქტის განვითარება მემკვიდრობით გენეტიკურ დაავადებებს უკავშირდება, რომლებიც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც იწვევენ, კატარაქტის გაზრდილ რისკთან ერთად. კატარაქტა შესაძლოა თვალის სხვა დაავადების თანმხლებიც იყოს. შესაძლო გამომწვევი მდგომარეობებია დიაბეტი, ტრავმა ან თვალზე ქირურგიული ჩარევა. სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება ასევე იწვევს კატარაქტების ჩამოყალიბებას.

როგორ ყალიბდება კატარაქტა

ბროლი (კატარაქტის გაჩენის ადგილი) მდებარეობს თვალის ფერადი გარსის უკან. იგი ახდენს სინათლის ფოკუსირებას თვალში, რის შედეგადაც ვიღებთ სუფთა, სწორ სურათს ბადურაზე– სინათლეზე მგრძნობიარე მემბრანაზე, რომელიც თვალის უკანა ნაწილში მდებარეობს. ბადურას ფუნქცია წააგავს კამერის ფირის ფუნქციას.

კატარაქტა გაფანტავს სინათლეს ბროლში გასვლის დროს, რაც ხელს შეუშლის სუფთა სურათის მიღებას ბადურაზე. შედეგად, მხედველობა დაბინდულია.

ასაკის მატებასთან ერთად, ბროლი ნაკლებად ელასტიური ხდება, კარგავს გამჭვირვალობას და სქელდება. ასაკობრივი ცვლილებები ბროლის ქსოვილს შლის და იქმნება მცირე გროვები, რაც დაბინდავს ბროლს. კატარაქტის განვითარებასთან ერთად, დაბინდვა უფრო ინტენსიური ხდება და ბროლის უდიდეს ნაწილს მოიცავს.

კატარაქტა შეიძლება განვითარდეს ცალ თვალში, მაგრამ ძირითადად იგი ორმხრივად ვითარდება. ამის მიუხედავად, კატარაქტა ძირითადად არ არის სიმეტრიული, ანუ ერთი თვალის დაზიანება შესაძლოა მეტად იყოს გამოხატული, ვიდრე მეორესი.

კატარაქტის ტიპები

კატარაქტის ტიპებია:

  • კატარაქტა, რომელიც აზიანებს ბროლის ცენტრალურ ნაწილს (ბირთვული კატარაქტა). ამ ტიპის კატარაქტა შესაძლოა თავდაპირველად ახლომხედველობით ან კითხვითი მხედველობის უეცარი გაუმჯობესებით გამოვლინდეს. გარკვეული დროის შემდეგ, ბროლი კიდევ უფრო ზიანდება, ყვითლდება და დაბინდავს მხედველობას.
  • როცა კატარაქტა ვითარდება, ბროლი შეიძლება გაყავისფრდეს. გაყვითლება ან გაყავისფრება იწვევს ფერთა აღქმის პრობლემებს.
  • კატარაქტა, რომელიც აზიანებს ბროლის კიდეებს (ქერქის კატარაქტა). ამ ტიპის კატარაქტა იწყება, როგორც მოთეთრო, კონუსის ფორმის ლაქა ან ხაზი ბროლის ქერქის გარეთა კიდეზე.
  • როცა კატარაქტა ვითარდება, ხაზები და ლაქები გადადიან ცენტრში და ხელს უშლიან სინათლის გატარებას. ასეთი ტიპის კატარაქტა პაციენტებში ფიქსირებული მხედველობის პრობლემებს ქმნის.
  • კატარაქტა, რომელიც აზიანებს ბროლის უკანა მხარეს (უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა). ამ ტიპის კატარაქტა იწყება როგორც მცირე ზომის, დაბინდული არეა, ბროლის უკანა მხარეს, ზუსტად იმ ადგილას, სადაც სინათლე ბადურამდე გადის.
  • უკანა კატარაქტა ხშირად ხელს უშლის კითხვას, აუარესებს მხედველობას სინათლეზე და იწვევს სინატლის გარშემო გვირგვინოვანი ლაქების ან ციალის გაჩენას ღამით.
  • თანდაყოლილი კატარაქტები. ზოგიერთი ადამიანი იბადება კატარაქტით ან უჩნდება კატარაქტა ბავშვობის პერიოდში. ასეთი ტიპის კატარაქტა ორსულობის დროს დედის ორგანიზმში ინფექციის არსებობის ბრალი შეიძლება იყოს.
  • ასეთი კატარაქტები ახლავს გარკვეულ დაავადებებსაც, როგორიცაა: მიოტონური დისტროფია, გალაქტოსემია, ლოუის სინდრომი ან წითურა. თანდაყოლილი კატარაქტა ყოველთვის არ აუარესებს მხედველობას, მაგრამ თუ აუარესებს, ძირითადად სწრაფად ხდება ქირურგიული ჩარევა.

სიმპტომები

კატარაქტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • დაბინდული, დაბურული მხედველობა
  • მხედველობის გაუარესება ღამით
  • მგრძნობელობის მომატება სინათლეზე
  • სინათლის გარშემო გვირგვინისებრი ლაქების დანახვა
  • ხშირი ცვლილებები სათვალის ან კონტაქტური ლინზების ნომრებში
  • ფერების გაუფერულება ან გაყვითლება
  • გაორებული ხედვა ცალ თვალში



თავიდან, მხედველობის დაბინდვა შეიძლება მხოლოდ ბროლის ნაწილს შეეხოს, ამიტომ პაციენტი ვერ გრძნობს გაუარესებას. როცა კატარაქტა იზრდება და ბროლის დიდ ნაწილს მოიცავს, სინათლის გატარება ირღვევა. ეს კი იწვევს ნიშნებისა და სიმპტომების უფრო თვალსაჩინო წარმოჩენას.

როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან (ოფთალმოლოგთან) თუ შეამჩნევთ ცვლილებებს მხედველობაში. თუ უცაბედად გაგიუარესდათ ხედვა ან დაგეწყოთ გაორებული მხედველობა ან დაბინდვა, მაშინვე მიმართეთ ექიმს.