კენჭები შარდის ბუშტში
დაავადების აღწერა
შარდის ბუშტის კენჭები მინერალების მყარი მასებია. კენჭების წარმოქმნა უკავშირდება შარდის ზედმეტად კონცენტრირებულ მდგომარეობას, რაც მინერალების კრისტალიზირებას უწყობს ხელს. კონცენტრირებული, დაყოვნებული შარდი ხშირად ბუშტის დაცლის უნარის დაქვეითების შედეგია.
კენჭები შარდის ბუშტში, რომლებიც არ იწვევენ სიმპტომებს, შესაძლოა სხვა გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოვაჩინოთ. როცა კენჭების არსებობა სიმპტომატურია, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მუცლის ტკივილს, სისხლიან შარდს და ა.შ
მცირე ზომის კენჭები უპრობლემოდ გამოიყოფა ბუშტიდან, მაგრამ გარკვეული ზომის კენჭები სამედიცინო ჩარევას საჭიროებს გამოსაყოფად. კენჭები შეიძლება გახდეს ინფექციის ან სხვა გართულებების მიზეზიც.
გამომწვევი მიზეზი
კენჭები უმეტესად მაშინ ჩნდება, როცა შარდის ბუშტი კარგად არ იცლება. ნარჩენ შარდში არსებული მინერალები კრისტალებს წარმოქმნის, რომლებიც კენჭებად გროვდება. ძირითადად, სხვა გამომწვევი დაავადება ან მდგომარეობა უშლის ხელს შარდის ბუშტის ნორმალურ დაცლას.
შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ყველაზე ხშირი გამომწვევი მდგომარეობებია:
- წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა) გადიდება. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია), შესაძლებელია გახდეს კენჭების მიზეზი კაცებში. როცა ჯირკვალი დიდდება, იგი აწვება შარდსადინარს და ხელს უშლის დინებას, რაც იწვევს შარდის დარჩენას ბუშტში.
- დაზიანებული ნერვები (ნეიროგენული შარდის ბუშტი). ნორმაში, ნერვებს მიაქვთ სიგნალები ტვინიდან შარდის ბუშტამდე, რითაც ბუშტის კუნთებს დაჭიმვის ან მოდუნების ბრძანებებს აძლევენ. თუ ნერვები დაზიანდა, მაგ. ინსულტის, ზურგის ტვინის დაზიანების ან სხვა დაავადების გამო, შარდის ბუშტი ბოლომდე შესაძლოა ვერ დაიცალოს.
სხვა მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კენჭების გაჩენა:
- ანთება. შარდის ბუშტის ანთების პირობებში შესაძლოა გაჩნდეს კენჭები. საშარდე გზების ინფექციები და სხივური თერაპია მენჯის ღრუში შესაძლოა გახდეს ანთებითი პროცესების მიზეზი.
- სამედიცინო აპარატურა. ზოგჯერ, შარდის ბუშტის კათეტერი (წვრილი მილი, რომელიც ჩადგმულია შარდსადინრის გავლით შარდის ბუშტის უკეთ დასაცლელად) იწვევს კენჭების გაჩენას. ასევე შესაძლებელია მიზეზი იყოს სხვა უცხო სხეული, რომელიც შემთხვევით მიგრირებს შარდის ბუშტში, როგორიცაა კონტრაცეფციული ტექნიკა ან სტენტი. მინერალური კრისტალები, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება კენჭებად, წარმოიქმნება ამ უცხო სხეულების ზედაპირზე.
- თირკმლის კენჭები. კენჭები, რომლებიც წარმოიქმნება თირკმელებში, არ არის შარდის ბუშტში წარმოქმნილი კენჭების მსგავსი. ისინი სხვა მექანიზმითა და მიზეზით ჩნდება. თუმცა, მცირე ზომის კენჭი თირკმლიდან შესაძლოა ჩავიდეს შარდსაწვეთის გავლით შარდის ბუშტში და თუ ვერ გამოიყოფა, გაიზარდოს შარდის ბუშტის კენჭად.
სიმპტომები
ზოგიერთ პაციენტს არ აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ მათი კენჭები დიდი ზომისაა. თუ კენჭი აღიზიანებს შარდის ბუშტის კედელს ან იწვევს შარდის დინების ბლოკადას, გამოიხატება ნიშნები და სიმპტომები. ესენია:
- ტკივილი მუცლის ქვედა არეში
- კაცებში, ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება პენისში
- მტკივნეული შარდვა
- ხშირი შარდვა
- გაძნელებული შარდვა, შეწყვეტილი დინება
- სისხლიანი შარდი (ჰემატურია)
- ამღვრეული ან მუქი ფერის შარდი