კენჭები თირკმელში

დაავადების აღწერა

თირკმლის კენჭოვანი დაავადების (რენალური ლითიაზი, ნეფროლითიაზი) დროს, მყარი მინერალური დეპოზიტები იქმნება თირკმელში. ეს კენჭები მინერალებისა და მჟავა მარილებისაგან შედგება.

თირკმლის კენჭებს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,დაავადება ეხება საშარდე გზის ნებისმიერ ნაწილს, თირკმლიდან შარდის ბუშტამდე. ხშირად, კენჭი იქმნება, როცა შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზირდება და ერთმანეთს ეკვრის.

თირკმლის კენჭის გავლა საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ უმეტესად არ იწვევს მუდმივ დაზიანებას. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგჭირდეთ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რათა კენჭმა გაიაროს. სხვა შემთხვევებში, კენჭების დაცობის დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

ექიმი გირჩევთ პრევენციულ ზომებს, რომლებიც შეამცირებს კენჭის გაჩენის განმეორების ალბათობას, თუ ამ დაავადებისადმი მიდრეკილი ხართ.

გამომწვევი მიზეზი

თირკმლის კენჭებს ხშირად არ აქვს კონკრეტული, ერთეული გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე ფაქტორი ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს.

თირკმლის კენჭები იქმნება, როცა შარდში დიდი რაოდენობით კრისტალის–წარმომქმნელი ნივთიერებებია, როგორიცაა კალციუმი, ოქსალატი და შარდმჟავა. შარდში არსებული სითხე არასაკმარისია ამ ნივთიერებების განსაზავებლად. ამავდროულად, შარდში აღინიშნება კრისტალების დაგროვების საწინააღმდეგო ნივთიერებების ნაკლებობა, რაც ქმნის იდეალურ გარემოს კენჭის ჩამოყალიბებისათვის.

თირკმლის კენჭების ტიპები

თირკმლის კენჭის ტიპის განსაზღვრა გვეხმარება მიზეზის დადგენასა და შემდგომში რისკის შესამცირებლად ადეკვატური ზომების მიღებაში. ეს ტიპებია:

  • კალციუმის კენჭები. თირკმლის კენჭების უმეტესობა სწორედ კალციუმის, ძირითადად კალციუმ ოქსალატის ფორმით ჩნდება. ოქსალატი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ (ხილი, ბოსტნეული, თხილი, შოკოლადი). ოქსალატი ღვიძლშიც წარმოიქმნება. კვების ფაქტორები, D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა, ნაწლავის ოპერაცია, მეტაბოლური დაავადებები იწვევენ კალციუმის ან ოქსალატის კონცენტრაციის მომატებას შარდში. კალციუმის კენჭები შესაძლოა კალციუმის ფოსფატის სახითაც წარმოიქმნას.
  • სტრუვიტის კენჭები. სტრუვიტის კენჭები ჩნდება ინფექციის დროს, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია. ამ ტიპის კენჭები მალე იზრდება და დიდი ზომისაა, ზოგჯერ უსიმპტომოა და არ იძლევა გამაფრთხილებელ ნიშნებს.
  • შარდმჟავას კენჭები. შარდმჟავას კენჭები ხშირად იმ ადამიანებში ჩნდება, რომლებიც ვერ იღებენ საკმარის სითხეს ან კარგავენ მას, ასევე ცილის მაღალი შემცველობის დიეტაზე მყოფებსა და ნეკრესის ქარით დაავადებულებში. გარკვეული გენეტიკური ფაქტორები ზრდიან შარდმჟავას კენჭების გაჩენის ალბათობას.
  • ცისტინის კენჭები. ამ ტიპის კენჭები ჩნდება მემკვიდრეობითი დაავადების დროს, რომელიც იწვევს თირკმლიდან დიდი რაოდენობით ამინომჟავების გამოყოფას (ცისტინურია).
  • სხვა ტიპის კენჭები. სხვა, უფრო იშვიათი ტიპის კენჭებიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს.

სიმპტომები

თირკმლის კენჭი შესაძლოა უსიმპტომო იყოს, სანამ არ დაიძვრება და გამოვა შარდსაწვეთში (მილი, რომელიც თირკმელსა და შარდის ბუშტს აერთებს). კენჭის გავლის დროს, ვითარდება ნიშნები და სიმპტომები:

  • ძლიერი ტკივილი გვერდებში, წელში, ნეკნებს ქვემოთ
  • ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილიდან საზარდულისკენ ვრცელდება
  • ტკივილი ტალღური ხასიათისაა და იცვლის ინტენსივობას
  • ტკივილი შარდვის დროს
  • ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი
  • მღვრიე ან განსაკუთრებით უსიამოვნო სუნის შარდი
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • შარდვის ხშირი სურვილი
  • გაძლიერებული შარდვა
  • სიცხე, შეციება, თუ თან ახლავს ინფექცია
  • მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა



ტკივილი შესაძლოა შეიცვალოს– გავრცელდეს სხვა მიმართულებით, შეიცვალოს ინტენსივობა. ამ დროს კენჭი მოძრაობს და იწვევს სიმპტომების ამ ცვლილებებს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ:

  • იმდენად ძლიერი ტკივილი, რომ ვერ პოულობთ კომფორტულ მდგომარეობას
  • ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება
  • ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სიცხე და შეციება
  • სისხლი შარდში
  • გაძნელებული შარდვა