კერატიტი

დაავადების აღწერა

კერატიტი რქოვანას ანთებაა. რქოვანა თვალის გარეთა,გამჭვირვალე, თაღის ფორმის ქსოვილია, რომელიც ფარავს გუგასა და ფერად გარსს. კერატიტი შესაძლოა ასოცირებული იყოს ინფექციასთან. არაინფექციური კერატიტი კი დაზიანებით, კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენებით ან სხვა დაავადებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ინფექციურ კერატიტს ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები იწვევენ.

თუ გაქვთ შეწითლება ან კერატიტის სხვა სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. დროული მკურნალობით, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კერატიტი უმეტესად იკურნება, გართულებების (სიბრმავე) გარეშე. მკურნალობის გარეშე, კერატიტი შესაძლოა დამძიმდეს და მოგვცეს ისეთი გართულება, როგორიცაა მხედველობის მუდმივი დაქვეითება და სიბრმავე.

გამომწვევი მიზეზი

კერატიტის მიზეზებია:

  • დაზიანება. თუ უცხო სხეული გაკაწრავს რქოვანას ზედაპირს, კერატიტი განვითარდება, ინფექციის გარეშე. დამატებით, არაინფექციური კერატიტი შესაძლოა გართულდეს ბაქტერიის, სოკოს ინფიცირებით, რადგან დაზიანებულ ზედაპირზე ეს მიკროორგანიზმები უფრო მარტივად შეაღწევენ.
  • დაბინძურებული კონტაქტური ლინზები. ბაქტერია, სოკო, განსაკუთრებით მცირე ზომის პარაზიტი–აკანტამება, შესაძლოა ბინადრობდეს კონტაქტური ლინზის ზედაპირზე და დააბინძუროს რქოვანა როცა ლინზას გაიკეთებთ, რაც გამოიწვევს ინფექციურ კერატიტს.
  • ვირუსები. ვირუსები, როგორიცაა ჰერპესვირუსი (ჰერპეს სიმპლექსი ან ზოსტერი) ან მიკროორგანიზმი ქლამიდია, შესაძლოა გახდეს კერატიტის მიზეზი.
  • დაბინძურებული წყალი. წყალში არსებული ქიმიური ნივთიერებები, რომელთაც ზოგჯერ საცურაო აუზის საწმენდადაც იყენებენ, აღიზიანებს თვალს და იწვევს რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებას. დაზიანება იწვევს ქიმიურ კერატიტს. ეს მდგომარეობა უმეტესად დროებითია და რამდენიმე წუთს ან საათს გრძელდება.თუ წყალში ბაქტერია, სოკო ან პარაზიტია (განსაკუთრებით ოკეანეში, მდინარეში, ტბებში ან ცხელ აბაზანებში) შესაძლოა კერატიტი ამ წყალთან კონტაქტის დროს განვითარდეს. თუმცა, თუ რქოვანა მთელი და ჯანმრთელია, ინფიცირების რისკი დაბალია. თუ რქოვანას ზედაპირი ფიზიკურად გარკვეულწილად დაზიანებულია კონტაქტური ლინზების ან სხვა მიზეზის გამო, ამ ქსოვილის დელიკატური ზედაპირი უფრო ადვილად ინფიცირდება და ვითარდება ინფექციური კერატიტი.

სიმპტომები

კერატიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • თვალის შეწითლება
  • თვალის ტკივილი
  • ჭარბი ცრემლდენა ან გამონადენი თვალიდან
  • ქუთუთოს მოძრაობის გართულება ტკივილის ან გაღიზიანების გამო
  • დაბინდული მხედველობა
  • მხედველობის დაქვეითება
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე (ფოტოფობია)
  • შეგრძნება, თითქოს თვალში უცხო სხეული გაქვთ



როდის მივმართოთ ექიმს

თუ შეამჩნევთ კერატიტის ნიშნებსა და სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ასოცირებულია გართულებების მაღალ რისკთან, როგორიცაა სიბრმავე.