ხალები

დაავადების აღწერა

ხალი კანზე არსებული გროვაა. ხშირად, ხალი მცირე ზომის, მუქი ყავისფერი ლაქაა, რომელსაც პიგმენტური უჯრედების დაგროვება იწვევს. ხალი ძირითადად ბავშვობაში ან მოზრდილ ასაკში ჩნდება. ადამიანების უმეტესობას 10–45 ხილი აქვს, რომელთა უმეტესობაც 40 წლამდე ჩნდება. ზოგიერთი ხალი ქრება ან ფერმკრთალდება ასაკის მატებასთან ერთად.

ხალების უმეტესობა უვნებელია. იშვიათად, ხალი სიმსივნური ხდება. ხალებზე და სხვა პიგმენტურ ლაქებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია კიბოს პრევენციისათვის, განსაკუთრებით ავთვისებიანი მელანომის დროს.

ხალებს სამედიცინო ენაზე ნევუსსაც უწოდებენ.

გამომწვევი მიზეზი

ხალი გამოწვეულია კანის უჯრედების, მელანოციტების გამრავლებით. მელანოციტები მთელ კანში მდებარეობს და წარმოქმნის მელანინს, ბუნებრივ პიგმენტს, რომელიც კანს თავის ფერს ანიჭებს.

სიმპტომები

ტიპიური ხალი მუქი ყავისფერია, თუმცა ხალი შესაძლოა მრავალგვარი ფერის, ფორმისა და ზომის იყოს: 

  • ფერი და ტექსტურა. ხალი შესაძლოა იყოს ყავისფერი, ხორცისფერი, შავი, წითელი, ლურჯი ან ვარდისფერი. ხალი შეიძლება იყოს გლუვი, ნაოჭიანი ან ამოწეული. ხალში ზოგჯერ თმაც იზრდება.
  • ფორმა. ხალი შეიძლება იყოს ოვალური ან მრგვალი.
  • ზომა. ხალი ძირითადად 6 მმ დიამეტრზე ნაკლების უნდა იყოს. იშვიათად, ხალი დაბადებიდან არსებობს და ბევრად უფრო დიდია, ფარავს მთელ სახეს, ტანის ნაწილებს ან კიდურს.


ხალი სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს, მათ შორის სკალპზე, იღლიებზე, ფრჩხილების ქვეშ, თითებს შორის და ა.შ. ადამიანების უმეტესობას 10–45 ხალი აქვს. ხალების უმეტესობა კი 40 წლამდე ჩნდება. ხალმა შესაძლოა შეიცვალოს თვისებები დროთა განმავლობაში, ზოგჯერ გაქრეს კიდეც. ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც გარდატეხის ასაკთან და ორსულობასთან ასოცირდება ზოგჯერ ხალების გამუქებას, გადიდებას ან გამრავლებას იწვევს.

უჩვეულო ხალები, რომლებიც შესაძლოა მელანომასთან იყოს ასოცირებული

არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც ხალის შეფასებაში დაგეხმარებათ:

  • ასიმეტრია. დააკვირდით, გავს თუ არა ხალის ნახევარი მეორე ნახევარს.
  • საზღვრები. დააკვირდით, აქვს თუ არა ხალს არასწორი, ჩაღრმავებული კიდეები.
  • ფერი. დააკვირდით ფერის ცვლილებებს ხალში, რამდენი ფერია წარმოდგენილი და როგორ ნაწილდება ფერები
  • დიამეტრი. დააკვირდით, არის თუ არა დიამეტრი 6 მმ მეტი.
  • ცვლილებები. დააკვირდით ცვლილებებს ხალის ზომაში, ფორმაში, ფერსა და სიმაღლეში, განსაკუთრებით თუ ხალი ან მისი ნაწილი გაშავდა. 


ავთვისებიანი ხალები განსხვავდება ვიზუალურად. ზოგიერთ ასეთ ხალს ახასიათებს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები. ზოგს კი მხოლოდ 1–2 ნიშანი აქვს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ხალი:

  • მტკივნეულია
  • გექავებათ ან გეწვით
  • ჩირქიანია ან სისხლი მოგდით
  • ახასიათებს რომელიმე ზემოთხსენებული კრიტერიუმი
  • ისევ გაიზარდა, ამოკვეთის შემდეგ
  • ახალი გაჩენილია და 30 წელზე მეტის ხართ
  • თუ გაწუხებთ რომელიმე ხალი, მიმართეთ ექიმს, რათა მან დერმატოლოგთან კონსულტაცია დაგინიშნოთ.