ხერხემლის სიმსივნე

დაავადების აღწერა

ხერხემლის სიმსივნე არის ხერხემლის არხში ან ხერხემლის ძვლებში განვითარებული სიმსივნე. იგი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.

ხერხემლის მალების სიმსივნეს ხერხემლის სიმსივნეები ეწოდება.

სიმსივნეებს, რომლებიც ზურგის ტვინში ვითარდება, ზურგის ტვინის სიმსივნეები ეწოდება.

ხერხემლის მალების სიმსივნე ხშირად სხეულის სხვა ნაწილში არსებული სიმსივნის მეტასტაზითაა გამოწვეული, თუმცა არსებობს სიმსივნეები, რომლებიც ხერხემლის ძვლებში აღმოცენდება. ესენია ქორდომა, ქონდროსარკომა, ოსტეოსარკომა და ევინგის სარკომა.

ხერხემლის სიმსივნემ შეიძლება დააზიანოს ნერვული სისტემა და ზურგის ტვინზე ან ნერვულ ფესვებზე ზეწოლის გამო მოშალოს ნევროლოგიური ფუნქციები. სიმსივნის ძვალში ზრდასთან ერთად ვითარდება ტკივილი, მალების მოტეხილობა და ხერხემლის სისუსტე.

როგორც ავთვისებიან, ასევე კეთილთვისებიან სიმსივნეს შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები და ინვალიდობა.

ხერხემლის სიმსივნის მკურნალობა ხდება ოპერაციით, რადიაციული თერაპიით, ქიმიოთერაპით და სხვა მედიკამენტებით.

გამომწვევი მიზეზი

ხერხემალში აღმოცენებული სიმსივნე ძალიან იშვიათია და უცნობია მისი განვითარების მიზეზი. ექსპერტები თვლიან, რომ ამ პროცესში დეფექტური გენები მონაწილეობენ. მათ არ იციან ასეთი გენები მემკვიდრეობით მიიღება, სპონტანურად ჩნდება თუ გამოწვეულია რაიმე გარემო ფაქტორით.

ხერხემლის სიმსივნეების უმეტესობა გამოწვეულია სხვა სიმსივნის მეტასტაზებით. ნებისმიერი სიმსივნე შეიძლება მოხვდეს ხერხემალში, თუმცა უფრო ხშირია გარშემომყოფი ორგანოების, მაგალითად ძუძუს, ფილტვის და პროსტატის მეტასტაზები და ძვლის სიმსივნის მეტასტაზები.

ხერხემლის სიმსივნეები აგრეთვე უფრო ხშირია ადამიანებში, ვისაც წარსულში ჰქონიათ სიმსივნე.

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია ხერხემლის სიმსივნის ლოკალიზაციაზე და ფორმაზე. ნიშნები და სიმპტომები განსაკუთრებით შესამჩნევია სიმსივნის ზურგის ტვინზე, ნერვულ ფესვებზე, სისხლძარღვებზე ან მალებზე ზეწოლის დროს. ხერხემლის სიმსივნის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი სიმსივნის ადგილას სიმსივნის ზრდის გამო
  • ზურგის ტკივილი, რომელიც ხშირად სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება
  • მგრძნობელობის დაკარგვა და კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ხელებში და ფეხებში
  • სიარულის გაძნელება
  • დაქვეითებული მგრძნობელობა ტკივილის, სიცხისა და სიცივისადმი
  • დეფეკაციის და შარდვის დარღვევა



დამბლა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სიმძიმით და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნერვის მიჭყლეტა მოხდა .

ხერხემლის სიმსივნეები სხვადასხვა სისწრაფით იზრდებიან. როგორც წესი, კეთილთვისვებიანი სიმსივნეები სწრაფად, ავთვისებიანი სიმსივნეები კი ძალიან ნელა იზრდებიან

როდის მივმართოთ ექიმს

ზურგის ტკივილი ხშირი სიმპტომია ხერხემლის და ზურგის ტვინის სიმსივნეების დროს, თუმცა მას აგრეთვე ბევრი სხვა რამ იწვევს. ზურგის ტკივილების უმეტესობა არ არის სიმსივნით გამოწვეული. ადრეული დიაგნოზირება და მკურნალობა მნიშვნელოვანია ხერხემლის სიმსივნეების დროს, ამიტომ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ზურგის ტკივილი და:

  • იგი უარესდება
  • იგი არ არის დაკავშირებული აქტივობასთან
  • იგი უარესდება ღამით
  • გაქვთ სიმსივნის ოჯახური ისტორია ან გაგიჩნდათ ახალი ზურგის ტკივილი
  • გაქვთ სიმსივნის სხვა სისტემური სიმპტომები, მაგალითად გულისრევა, პირღებინება და თავბრუსხვევა



სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ:

  • კუნთების მზარდი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა ხელებში და ფეხებში
  • დეფეკაციის და შარდვის დარღვევები