ხერხემლის სტენოზი

დაავადების აღწერა

სპინალური სტენოზი არის ხერხემლის არხის შევიწროვება, რამაც შეიძლება ზეწოლა გამოიწვიოს ზურგის ტვინზე და ხერხემალში გამავალ ნერვებზე. სპინალური სტენოზი უფრო ხშირად ვითარდება კისერში და ზურგის ქვემო ნაწილში.

ზოგიერთ ადამიანს არ აქვთ ნიშნები და სიმპტომები, სხვებს კი აღენიშნებათ ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე და შარდვისა და დეფეკაციის დარღვევები.

სპინალური სტენოზი ყველაზე ხშირად გამოწვეულია ხერხემლის ასაკთან დაკავშირებული გაცვეთით. სპინალური სტენოზის მწვავე შემთხვევების დროს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ოპერაციის ჩატარება ზურგის ტვინისა და ნერვებისთვის დამატებითი ადგილის შესაქმნებლად.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთი ადამიანი იბადება ვიწრო ხერხემლის არხით, თუმცა სპინალური სტენოზების უმეტესობა ვითარდება, როდესაც რაღაც იწვევს ხერხემლის არხის შევიწროვებას. სპინალური სტენოზის მიზეზებია:

  • ძვლის ჭარბი ზრდა. ხერხემლის ძვლების გაცვეთას შეუძლია გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდების გაჩენა, რომლებიც შეიძლება შეიჭრას ხერხემლის არხში. პეჯეტის დაავადება, რომელიც არის ძვლოვანი დაავადება და გვხვდება ზრდასრულებში, აგრეთვე იწვევს ხერხემლის ძვლების ჭარბ ზრდას.
  • დისკის თიაქარი. ხერხემლის მალებს შორის არსებული რბილი დისკები ასაკთან ერთად შრებიან. დისკის გაბზარვის შემთხვევაში შეიძლება შიგნითა რბილი ნაწილი გამოვიდეს გარეთ და დააწვეს ზურგის ტვინს ან ნერვებს.
  • გასქელებული იოგები. ზონრები, რომლებიც ამაგრებენ ზურგის ტვინის ძვლებს, შეიძლება გასქელდნენ და გამაგრდნენ. ეს სქელი იოგები შეიძლება შეიჭრას ხერხემლის არხში.
  • სიმსივნეები. პათოლოგიური წანაზარდები შეიძლება წარმოიქმნას ხერხემლის არხში, ზურგის ტვინის მფარავ გარსებში და ზურგის ტვინსა და ხერხემალს შორის არსებულ სივრცეში.
  • ზურგის ტვინის დაზიანება. აუტოავარიას ან სხვა მძიმე ტრავმას შეუძლია გამოიწვიოს ერთი ან მეტი მალის მოტეხილობა ან ამოვარდნა. ამოვარდნილ ძვალს შეუძლია დააზიანოს ხერხემლის არხის შიგთავსი. ზურგზე ოპერაციის შემდეგ განვითარებულ შეშუპებას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს ზეწოლა ზურგის ტვინზე და ნერვებზე.

სიმპტომები

ადამიანთა უმეტესობას რენტგენზე აღენიშნება სპინალურის სტენოზი, თუმცა ნიშნები და სიმპტომები არ უვლინდებათ. როდესაც სიმპტომები ვლინდება, ისინი ჩნდებიან ნელა და დროთა განმავლობაში უარსდებიან. სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია სტენოზის ლოკალიზაციაზე:

  • კისერში. კისრის ნაწილის შევიწროვებას შეუძლია გამოიწვიოს მგრძნობელობის დაკარგვა, სისუსტე ან ჩხვლეტა ფეხში, ტერფში, მკლავში ან მტევანში. მწვავე შემთხვევების დროს შეიძლება განვითარდეს უნებლიე შარდვა და დეფეკაცია.
  • ზურგის ქვემო არეში. ზურგის ქვემო არეში მდებარე ნერვების კომპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის ტკივილი ან კრუნჩხვები დიდხანს დგომის ან სიარულის შემთხვევაში. დისკომფორტი როგორც წესი ქრება წინ გადახრისას და დაჯდომისას.



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ გაქვთ ხანგრძლივი ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე ზურგში, ფეხებში ან ხელებში.