ხმაური ყურებში

დაავადების აღწერა

ხმაური ყურებში, იგივე ‘ყურებში რეკვა’ ანუ ტინიტუსი არის ხშირი პრობლემა, რომელიც გვხვდება ყოველ 5 ადამიანიდან ერთში. ტინიტუსი დაავადება არ არის; იგი სიმპტომია სხვა მდგომარეობის, მაგალითად ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითების, ყურის დაზიანების ან სისხლის მიმოქცევის სისტემური დაავადების.

ყურებში ხმაური შემაწუხებელი, თუმცა არასერიოზული პრობლემაა. იგი შეიძლება გაუარესდეს ასაკთან ერთად თუმცა იგი ექვემდებარება მკურნალობას. მკურნალობის მიზანი ძირითადად გამომწვევი მიზეზის გამოსწორებაა, თუმცა ხანდახან საჭირო ხდება ხმაურის დაფარვა.

გამომწვევი მიზეზი

ბევრი მდგომარეობა იწვევს ან აუარესებს ყურებში ხმაურს, თუმცა ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია.

ყურებში ხმაურის ხშირი მიზეზია შიგნითა ყურის უჯრედების დაზიანება. ხმის ტალღების შიგნითა ყურში მოხვედრისას იქ არსებული ბუსუსები ირხევიან, რის შედეგადაც ელექტრული სიგნალი მიემართება ყურიდან ტვინში. ტვინი აღიქვამს ამ სიგნალს ხმად. ყურში არსებული ბუსუსების დაზიანების შემთხვევაში მათ შეიძლება დამატებითი სიგნალები აგზავნონ ტვინში და გამოიწვიონ ყურებში ხმაური.

ყურებში ხმაურის სხვა მიზეზებია ყურის სხვა პრობლემები, ქრონიკული დაავადებები და ყურის ნერვებისა და ტვინის სმენის ცენტრის დაზიანება.

ყურებში ხმაურის ხშირი მიზეზები

ბევრ ადამიანში ყურებში ხმაურს იწვევს შემდეგი მდგომარეობები:

  • ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება. ბევრ ადამიანში სმენა უარესდება 60 წლის შემდეგ. სმენის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურებში ხმაური.
  • ხმამაღალი ხმაური. ხმამაღალი ხმები, მაგალითად ბენზოხერხის და იარაღის ხმები იწვევენ ხმაურთან დაკავშირებულ სმენის დაქვეითებას. პორტატული მუსიკალური მოწყობილობების, მაგალითად iPod-ის ხანგრძლივი და ხმამაღალი გამოყენება აგრეთვე იწვევს სმენის დაქვეითებას. ხანმოკლე ზემოქმედებით გამოწვეული ყურებში ხმაური ხშირად თავისით ქრება, ხანგრძლივმა ზემოქმედებამ კი შეიძლება სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს.
  • გოგირდით დახშობა. გოგირდი იცავს ყურის არხს ჭუჭყის მიწებებით და ბაქტერიების ზრდის შენელებით. როდესაც ყურში ჭარბი გოგირდი გროვდება, მისი მოშორება ბუნებრივად ვერ ხდება. ჭარბი გოგირდი აღიზიანებს დაფის აპკს და იწვევს ყურებში ხმაურს.
  • ყურის ძვლების ცვლილებები. შუა ყურის ძვლების გახისტება (ოტოსკლეროზი) აზიანებს სმენას და იწვევს ყურებში ხმაურს.



ყურებში ხმაურის სხვა მიზეზები

ყურებში ხმაურის უფრო იშვიათი მიზეზებია:

  • მენიერის დაავადება. ყურებში ხმაური შეიძლება იყოს მენიერის დაავადების ადრეული გამოვლინება. მენიერის დაავადება არის შიგნითა ყურის დაავადება, რომელიც გამოწვეულია შიგნითა ყურის სითხის პათოლოგიური წნევით.
  • საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის პრობლემები. ეს სახსარი მდებარეობს სახის ორივე მხარეს იქ, სადაც ქვედა ყბა უერთდება ქალას. მისი პათოლოგიები იწვევენ ყურებში ხმაურს.
  • თავის ან კისრის ტრავმები. თავის და კისრის ტრავმამ შეიძლება დააზიანოს შიგნითა ყური, სმენის ნერვები ან ტვინის სმენის ცენტრი. ასეთი ტრავმები როგორც წესი მხოლოდ ერთ ყურში იწვევენ ხმაურს.
  • აკუსტიკური ნევრომა. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება თავის ტვინის ნერვზე, რომელიც იწყება ტვინში, მთავრდება შიგნითა ყურში და განაგებს სმენას და წონასწორობას. ამ მდგომარეობას აგრეთვე ეწოდება ვესტიბულური შვანომა და იგი იწვევს ხმაურს მხოლოდ ერთ ყურში.



სისხლძარღვების პათოლოგიები, რომელიც იწვევენ ყურებში ხმაურს

იშვიათად, ყურებში ხმაური გამოწვეულია სისხლძარღვის პათოლოგიით. ყურებში ხმაურის ამ ფორმას ეწოდება პულსური ტინიტუსი. მისი მიზეზებია:

  • თავის და კისრის ტრავმები. ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნემ, რომელიც აწვება თავში და კისერში არსებულ სისხლძარღვებს.
  • ათეროსკლეროზი. ასაკთან და ქოლესტეროლის დაგროვებასთან ერთად ყურში არსებული სისხლძარღვები კარგავენ ელასტიურობას. ეს იწვევს სისხლის დინების გაუხეშებას, რაც უადვილებს ყურს გულის დარტყმის შეგრძნებას. ამ დროს ხმაური ორივე ყურში ისმის.
  • სისხლის მაღალი წნევა. ჰიპერტენზია და ფაქტორები, რომლებიც ზრდიან სისხლის წნევას, მაგალითად სტრესი, ალკოჰოლი და კოფეინი, უფრო შესამჩნევს ხდიან ყურებში ხმაურს.
  • სისხლის ტურბულენტული დინება. კისრის არტერიის (საძილე არტერია) ან ვენის (საუღლე ვენა) მოგრეხა ან შევიწროვება იწვევს ტურბულენტურ ანუ არათანაბარ სისხლის დინებას, რაც ვლინდება ყურებში ხმაურით.
  • კაპილარების მალფორმაციები. არტერიოვენოზური მალფორმაცია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც არსებობს პათჴლოგიური კავშირი არტერიებსა და ვენებს შორის. ეს მდგომარეობა უფრო ხშირად იწვევს ცალ ყურში ხმაურს.



მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ყურებში ხმაურს

არაერთი მედიკამენტი იწვევს ყურებში ხმაურს. როგორც წესი, რაც უფრო დიდია მედიკამენტის დოზა, მით უფრო მეტია ყურებში ხმაური. ხშირად ხმაური ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტასთან ერთად. მედიკამენტები, რომლებიც დაკავშირებულია ყურებში ხმაურთან:

  • ანტიბიოტიკები, მათ შორის პოლიმიქსინ B, ერითრომიცინი, ვანკომიცინი, ნეომიცინი
  • სიმსივნის მედიკამენტები, მათ შორის მეთქლორეტამინი და ვინკრისტინი
  • შარდმდენები, მაგალითად ბუმეტანიდი, ეთაკრინის მჟავა და ფუროსემიდი
  • ქვინინის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მალარიის და სხვა მდგომარეობების დროს
  • ზოგიერთი ანტიდეპრესანტი აუარესებს ყურებში ხმაურს
  • ასპირინის ჭარბი რაოდენობით მიღება (12 ან მეტი დღეში)

სიმპტომები

ტინიტუსის დროს ყურებში ისმის ხმაური გარემოში ხმაურის არასებობის დროს. ტინიტუსის სიმპტომებია შემდეგი ხმიანობა ყურში:

  • რეკვა
  • ზუილი
  • ღრიალი
  • ტკაცუნი
  • სისინი



ხმაური შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი ტონალობის და იგი შეიძლება ისმოდეს ერთ ან ორივე ყურში. ხანდახან ხმაური იმდენად ხმამაღალია, რომ იგი ხელს გიშლით ყურადღების მოკრებაში. ყურებში ხმაური შეიძლება იყოს მუდმივი ან ხანგამოვშვებითი.

არსებობს ტინიტუსის ორი ფორმა.

  • სუბიექტური ტინიტუსი არის ხმაური, რომელიც მხოლოდ თქვენ გესმით. ეს ტინიტუსის ყველაზე ხშირი ფორმაა. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს გარეთა, შუა და შიგნითა ყურის პრობლემებით. იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ყურის ნერვის ან ტვინში სმენის ცენტრის დაზიანებამ.
  • ობიექტური ტინიტუსი არის ხმაური, რომელიც გასინჯვის დროს ექიმსაც ესმის. ეს იშვიათი ფორმა გამოწვეულია სისხლძარღვის პრობლემით, შიგნითა ყურის ძვლების პათოლოგიით ან კუნთების შეკუმშვით.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემაწუხებელი ხმაური ყურებში.

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ:

  • გაგიჩნდათ ყურებში ხმაური ზემოთა სასუნთქვი გზების ინფექციის შემდეგ და იგი არ უმჯობესდება 1 კვირის განმავლობაში.



დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ყურებში ხმაური გაჩნდა უეცრად ან უმიზეზოდ
  • ყურებში ხმაურს თან ერთვის სმენის დაკარგვა ან თავბრუსხვევა.