კიბო

დაავადების აღწერა

კიბო ეწოდება დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც ვითარდება პათოლოგიური უჯრედების გროვები. უჯრედებს უნარი აქვთ გამრავლდნენ უკონტროლოდ და გაანადგურონ ნორმალური ქსოვილები. კიბო შესაძლოა მთელ ორგანიზმში გავრცელდეს.

კიბო გარდაცვალების ერთ–ერთი ხშირი მიზეზია, თუმცა პროგნოზი დაავადებულთათვის უკეთესი ხდება გარკვეული ტიპის კიბოებში, რადგან სკრინინგისა და მკურნალობის მეთოდები გაუმჯობესებულია.

გამომწვევი მიზეზი

კიბოს განვითარებას იწვევს დნმ–ის მუტაციური ცვლილებები უჯრედებში. დნმ აძლევს უჯრედს ინსტრუქციას გაყოფისა და ზრდის შესახებ. ცვლილებები ინსტრუქციებში უჯრედებს კიბოს განვითარებისაკენ უბიძგებს.

რას იწვევს გენის მუტაცია?

გენის მუტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • უჯრედის სწრაფი ზრდა. მუტაციის გამო უჯრედები სწრაფად იზრდება და იყოფა. ეს პროცესი კი ქმნის კიდევ უფრო მეტ უჯრედს, რომელსაც იგივე მუტაცია აქვს.
  • უკონტროლო ზრდის შეწყვეტის უუნარობა. ნორმაში, უჯრედები წყვეტენ ზრდას რათა შენარჩუნდეს ერთი ტიპის საჭირო უჯრედების ფიქსირებული რაოდენობა. კიბოს უჯრედები კარგავენ კონტროლს (კიბოს სუპრესორი გენები) ზრდაზე. კიბოს სუპრესორი გენების მუტაციების გამო კიბო იზრდება და უჯრედები გროვდება.
  • შეცდომები დნმ მოლეკულის “შეკეთების” დროს. დნმ მოლეკულის “შეკეთების” მექანიზმით მოლეკულაში არსებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს. ამ მექანიზმის მუტაციით შეცდომები გროვდება, არ სწორდება და უჯრედები კიბოს ქმნიან.
  • ამ ტიპის მუტაციები ყველაზე ხშირია კიბოს დროს, თუმცა სხვა ბევრი გენის მუტაციაა აღმოჩენილი კიბოს წარმომქმნელ უჯრედებში.



რა იწვევს გენის მუტაციას?

მუტაცია გენში რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს. მაგ.:

  • თანდაყოლილი მუტაციები გენში. შესაძლოა დაბადებიდან არსებობდეს მუტაცია, რომელიც მშბობლებისგანაა დამემკვიდრებული. ამ ტიპის მუტაციები კიბოს შემთხვევათა მცირე ნაწილში გვხვდება.
  • შეძენილი მუტაციები (დაბადების შემდეგ). გენის მუტაციების უმეტესი შემთხვევა დაბადების შემდეგ ხდება და არ არის თანდაყოლილი. მუტაციებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება, დასხივება, ვირუსები, კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები (კარცინოგენები), ჭარბწონიანობა, ჰორმონები, ქრონიკული ანთება და ვარჯიშის ნაკლებობა.



როგორ ურთიერთქმედებენ მუტაციები გენში?

  • თანდაყოლილი და შეძენილი მუტაციები ურთიერთქმედებენ და ჯამურად იწვევენ კიბოს.
  • მაგალითად, თუ ადამიანს აქვს თანდაყოლილი მუტაცია, რომელიც მას წინასწარგანწყობილს ქმნის კიბოს მიმართ, ეს შესაძლოა კიბოს გამოვლენაში არც გადაიზარდოს. სამაგიეროდ, თუ ამ ადამიანს აქვს შეძენილი მუტაცია, კიბოს შანსი დიდია. თანდაყოლილი მუტაცია “აიოლებს” კიბოს განვითარებას გარკვეული კიბოს გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედების დროს.
  • უცნობია, ზუსტად რამდენი მუტაცია უნდა დაგროვდეს, რომ კიბო წარმოიქმნას. სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი განსხვავდება სხვადასხვა ტიპის კიბოში.

სიმპტომები

კიბოს გამოწვეული ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება დაზიანებული ორგანოს მიხედვით. ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნები და სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • კანქვეშა გამობურცულობა
  • წონის ცვლილება, როგორიცაა უმიზეზო მატება ან კლება წონაში
  • კანის ცვლილება, როგორიცაა გაყვითლება, გამუქება, შეწითლება, წყლულები ან ხალის ცვლილებები
  • მომნელებელი ფუნქციის ცვლილებები
  • ხანგრძლივი ხველა
  • ყლაპვის გაძნელება
  • ხმის ჩახლეჩვა
  • მოუნელებლობა ან დისკომფორტი ჭამის შემდეგ
  • ხშირი, აუხსნელი ტკივილი კუნთებში ან სახსრებში
  • ხშირი, აუხსნელი ცხელება ან ოფლიანობა ღამით



როდის მივმართოთ ექიმს

  • დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ.
  • თუ არ გაქვთ ნიშნები ან სიმპტომები მაგრამ ნერვიულობთ კიბოს განვითარების რისკზე, ესაუბრეთ ექიმს ამის შესახებ. იკითხეთ, უნდა ჩაგიტარდეთ თუ არა კიბოს სკრინინგის პროცედურები.